`თბილისის დაპყრობის წიგნი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თბილისის დაპყრობის წიგნი”, ოსმალო ავტორის – გურჯიზადეს თხზულება. დაწერილია 1724. მასში აღწერილია 1723–24 ოსმალთაგან თბილისისა და, საერთოდ, ქართლის (გორის, ქსნის, ყარაკალკანის ანუ არაგვის საერისთავოს, თრიალეთისა და სხვ.) დაპყრობის ისტორია, ატენისა და ცხინვალის ბრძოლები, შამშადილისა და ყაზახის დაპყრობა, ლეკებთან შეჯახება დიღომში. სტრატეგიული თვალსაზრისით დახასიათებულია თრიალეთი და საბარათიანო, გუჯარეთი და ქსნის საერისთავო. აქტ. მოქმედი პირები არიან: ვახტანგ VI, ბაქარი, იესე, კონსტანტინე II (მაჰმად-ყული-ხანი), გივი ამილახვარი, არაგვისა და ქსნის ერისთავები; აღწერილია განჯისა და ერევნის ციხეთა დაპყრობა. ვრცლად არის წარმოდგენილი ოსმალთა წინააღმდეგ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხების გაერთიანებული ძალით მოქმედების გეგმა (ხელმძღვ. მაჰმადყულიხანი). თხზულება შინაარსით ფართოა და მასშტაბური, იგი გასათვალისწინებელი ძეგლია XVIII ს. I მეოთხედის ქართლისა და საერთოდ სამხრ. კავკასიის ხალხთა პოლიტ. ისტორიის მრავალი საკითხის გასარკვევად. პუბლ.: გურჯიზადე, თბილისის დაპყრობის წიგნი. თურქ. ტექსტი ქართ. თარგმანით, შესავლითა და შენიშვნებით გამოსცა ც. აბულაძემ, თბ., 1975. ლიტ.: სვანიძე მ., ატენის ბრძოლის ზოგიერთი საკითხის დაზუსტებისათვის თურქული წყაროების მიხედვით, კრ.: საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები, [ტ.] 2, თბ., 1979; Абуладзе Ц. А., Османские «книги» о вторжении Турции в страны Восточного Закавказья в 1723–1724 гг., «Источниковедческие разыскания. 1982», Тб., 1985. ც. აბულაძე.