`თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი”

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი” (სააქციო საზოგადოება), მგზავრთა საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატრანსპორტო მომსახურების ცენტრალური დაწესებულება თბილისში. ავტოვაგზლის შენობა აიგო 1970 (არქიტექტორები: რ. კიკნაძე, ვ. ქურთიშვილი, შ. ყავლაშვილი; კონსტრუქტორი რ. შიოლაშვილი; მოზაიკური პანოს – `ავტოტრანსპორტის განვითარება” – მხატვარი ზ. წერეთელი), ხოლო საექსპლუატაციოდ გადაეცა 1973. იმ პერიოდისათვის იგი სამხრ. კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოსატრანსპ. კომპლექსი იყო. მდებარეობს ქალაქის სამხრ.აღმით, ორთაჭალის ხიდთან. ტერიტორიის ფართობია 2,5 ჰა, განაშენიანების ფართ. – 1800 მ2, სასარგებლო – 7500 მ2, სამუშაო – 6500 მ2. შედგება მგზავრთა მოსაცდელი დარბაზისაგან, შიდასატრანსპ. ტერიტორიისა და ვაგზლისწინა მოედნისაგან; აქვს აგრეთვე ავტობუსების შესამოწმებელი და სარემონტო უბანი, 60 ადგილიანი სასტუმრო ტრანზიტული მძღოლებისა და მგზავრებისათვის. ავტოვაგზალში არის სამედ. პუნქტი, დედათა და ბავშვთა ოთახი, პოლიციის ოპერმუშაკთა, საერთაშ. და საქალაქთაშორისო სალაპარაკო პუნქტები, ვალუტის გადამცვლელი ჯიხური, საზკვების 6 ობიექტი, კაფებარი, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, ავტოსადგომი. მგზავრებს ემსახურება ბილეთების წინასწარი გაყიდვისა და დაჯავშნის სალაროები. ავტოვაგზალში დანერგილია თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიები. მისი გამტარუნარიანობა საათში 40 ავტობუსსა და 40 მიკროავტობუსს შეადგენს (დღეღამეში 18500 მგზავრი). 1995 წლის 1 იანვარს ავტოვაგზალი ჩამოყალიბდა სააქციო საზბად. ამჟამად ავტოსადგური ემსახურება საერთაშ. რეისებს აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის, რუსეთის, საბერძნეთისა და სომხეთის მიმართულებით, ასევე კახეთისა და აჭარის რეგიონებში მიმავალ მგზავრებს. ყოველდღიურად საშუალოდ გადაჰყავს 2000 მგზავრი (2013 წ. მონაცემებით). თბილისში `თ. ც. ა-ის” გარდა მოქმედებს დიდუბის, ნავთლუღის, გლდანის ავტოსადგურები და ავტოსადგური `ოკრიბა”.