აკაკი ვასაძის სახლ-მუზეუმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკაკი ვასაძის სახლ-მუზეუმი, თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმის ფილიალი. გაიხსნა 1988 წ. 14 იანვარს ბინაში, სადაც იგი ცხოვრობდა 1936-იდან სიცოცხლის ბო-ლომდე. ექსპოზიცია მოთავსებულია ორ ოთახში. პირველში წარმოდგენილია ვ-ის როგორც მსახიობის, რეჟისორისა და ლიტერატორის შემოქმედების ამსახველი მასალები: აფიშები, ფოტოები, თეატრ. მაკეტები, იაგოსა და პასტორ მანდერსის კოსტიუმები; თეატრ. რეკვიზიტები სხვადასხვა სპექტაკლიდან: ჩიშმაკოვის გიტარა (კ. მარჯანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლიდან “მზის დაბნელება საქართველოში”), ახმას ფანდური (ა. ახმეტელისა და ვ-ის მიერ დადგმული სპექტაკლიდან “ანზორი”), ლირის ხმალი (გ. ლორთქიფანიძისა და ვ-ის მიერ დადგმული სპექტაკლიდან “მეფე ლირი”), ძველებური დაირა, თეატრ. ნიღბები და სხვ. აქვეა ტ. ტაბიძისა და ი. გრიშაშვილის ლექსები, მიძღვნილი ვ-ისადმი; ე. ნემიროვიჩ-დანჩენკოს, გ. რობაქიძის, დრამატურგ ვ. სოლოვიოვის, კრიტიკოს ი. ალტმანის, ამერიკელი რეჟისორის რ. პორტერის გამონათქვამები ვ-ზე, როგორც მსახიობსა და რეჟისორზე. ვიტრინებში გამოფენილია ვ-ის ხელით გადაწერილი როლები თავის ჩანახატებიანად; თეატრ. პროგრამები: ვ-ის “მოგონებები, ფიქრები” (2 ტ.) და “ჩემი სამსახიობო გზა”; წიგნები ვ-ზე; მნიშვნელოვანი წერილები და დეპეშები; საქართვ. და შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიების დიპლომები, მთავრობის სხვადასხვა ჯილდო (ორდენები, მედლები), აგრეთვე პირადი ნივთები. მეორე ოთახს შენარჩუნებული აქვს ვ-ის სამუშაო-მისაღები ოთახის სახე. აქ დგას მისი საწერი მაგიდა თავისი სავარძლით, როიალი, რბილი ავეჯი. კედლებზე განლაგებულია ვ-ის ბავშვობის, გიმნაზიის წლების, ახალგაზრდობის ამსახველი ფოტოები, აქვეა მისი ოჯახის წევრების პორტრეტები. ერთი კედელი დათმობილი აქვს რუსთაველის თეატრის 20-იანი წლების ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ უნიკალურ ფოტოებს, რ-ებშიც არიან კ. მარჯანიშვილი, ვ. აბაშიძე, ნ. გოცირიძე, შ. დადიანი და ქართ. თეატრისა და კულტურის სხვა გამოჩენილი მოღვაწენი. ამავე ოთახშია გამოფენილი ვ-ის საზ. ცხოვრების ამსახველი ფოტოები, სადაც მასთან ერთად არიან გამოჩენილი რეჟისორები და მწერლები: ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკო, ა. კოონენი, ა. ტაიროვი, ა. ტოლსტოი, ა. კორნეიჩუკი და სხვ. (სულ გამოფენილია 172 ფოტოსურათი). გამოფენილია აგრეთვე ვ-ის მიერ აკვარელით და ფანქრით შესრულებული ნახატები: იმერეთის ორი პეიზაჟი, მეუღლისა და შვილიშვილის პორტრეტები. სახლ-მუზეუმში ექსპონირებულია ლ. გუდიაშვილის მიერ ნაჩუქარი ფერწერული ტილო “წყურვილი”, ი. ნიკოლაძის ნაჩუქარი შოთა რუსთაველის ბარელიეფი (ბრინჯაო), უ. ჯაფარიძის ნახატი “ა. ვასაძე ერეკლე II-ის როლში” (სპექტაკლიდან “კრწანისის გმირები”), კრიტოვის ნახატი “ა. ვასაძე ნოვიკოვის როლში” (სპექტაკლიდან “ლიანდაგები გუგუნებენ”), ნაჭყებიას ნახატი “ა. ვასაძე – პეპია”, ე. შუხ-აევის მიერ შესრულებული ვ-ის პორტრეტი. ექსპოზიციაში აგრეთვე წარმოდგენილია სხვადასხვა მემორიალური ნივთი თავისი წარწერებით. სახლ-მუზეუმში ინახება ვ-ის ბ-კა და პირადი არქივი. მუზეუმის შენობას მინიჭებული აქვს კულტ. მემკვიდროების უძრავი ძეგლის სტატუსი (საქართვ. კულტ. და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წ. 3/181 ბრძანება).