ალ-თიფლისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალ-თიფლისი ალ-თაფლისი, არაბული ნისბა (წარმომავლობის სახელი), რ-იც უკავშირდება თბილისს (არაბ. – თიფლის, თაფლის). მას VIII ს. შუა წლებიდან ატარებდა სხვადასხვა პროფესიის (მუჰადისები, ღვთისმეტყველები, სამართლისმცოდნეები, ლიტერატორები, პოეტები, ექიმები, ვაჭრები, ხელოსნები და სხვ.) მრავალი მუსლიმანი – შიიტი და სუნიტი მოღვაწეები, რ-ებიც დაიბადნენ და ცხოვრობდნენ თბილისში ან დაკავშირებული იყვნენ მასთან თავიანთი მოღვაწეობის რაღაც ეპიზოდით. მათი ეთნ. კუთვნილება, როგორც წესი, უცნობია. მუსლიმანი ბიოგრაფები ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ, მაგრამ დასაშვებია, რომ მათ შორის გამაჰმადიანებული ქართველებიც ყოფილიყვნენ. მრავალი თბილისელი მუსლიმანი, რ-ებიც განათლების მისაღებად ამ ნისბით გაემგზავრნენ ახლო და შუა აღმოსავლეთის დიდ კულტ. ცენტრებში, სამუდამოდ დარჩნენ იქ საცხოვრებლად. ისინი მოღვაწეობდნენ ბაღდადში, დამასკში, ისპაანში, კაიროში, ალექსანდრიაში, იერუსალიმში, ნიშაბურში; XII–XIII სს-ში შეიმჩნევა მათი მიგრაცია მცირე აზიის ქალაქებში. რამდენიმე ალ-თ-მა, თავისი წვლილი შეიტანა შუა საუკუნეების მუსლ. კულტურის განვითარებაში, მათ შორის იყვნენ: ისა ალ-რაკი ალ-თ. X ს. ექიმი, ასტროლოგი, ავტორი შრომისა "მედიცინა". მოღვაწეობდა სირიაში;აბუ მუჰამად ალ-ჰასან იბნ ბუნდარ ალ-თ. X ს. დამლევისა და XI ს. დამდეგის შიიტი ლიტერატორი და გრამატიკოსი. მოღვაწეობდა თბილ. საამიროში. იყო არაბ. პოეზიის, კერძოდ, იბნ ალ-რუმის და ალ-მუთანაბის შემოქმედების მკვლევარი. მიეკუთვნებოდა იმ არაბ ფილოლოგთა რიცხვს რ-ებიც სწავლობდნენ პოეტურ ნასესხობებს არაბი პოეტების, მ. შ. ალ-მუთანაბის, ლექსებში. ითვლებოდა პოეტური მოტივების (მაანი) კრიტიკის სპეციალისტად. მის შრომებს, რ-თაგან ერთი – "საქებარი და საძრახისი თვისებები" – მიეძღვნა თბილ. ამირას ალი იბნ ჯაფარს, ჩვენამდე არ მოუღწევია;ჰუბაიშ ა ლ-თ. XII ს. გამოჩენილი აზერბაიჯანელი მეცნიერი. დაიბადა და ახალგაზრდობის წლები გაატარა თბილისში. მას ეკუთვნის მრავალი ნაშრომი ფილოლოგიაში, მედიცინაში, ასტრონომიაში, ასტროლოგიაში; სახელოსნო ტრაქტატი "ხელობათა აღწერა" არაბ. და სპარს. ენებზე. სავარაუდოა, რომ მან თბილისი დატოვა დავით აღმაშენებლის მიერ ქალაქის აღების (1122) შემდეგ. ცხოვრობდა ბაღდადში; XII ს. 50-იანი წლებიდან (არა უგვიანეს 1183–84) – რუმის სასულთნოს ქალაქ კონიაში;ნაჯმ ალ-დინ ალ-თ. (გ. 1234), მუჰადისი, სუფი შეიხი, იმამი, პოეტი. თბილისიდან ემიგრირებულმა განათლება მიიღო ბაღდადში, იყო სახელგანთქმული სუფი შეიხის შიჰაბ ალ-დინ ალ-სუჰრავარდის მიმდევარი. ასრულებდა დიპლ. დავალებებს, იცოდა სამართალი, რელიგ. საფუძვლები, ეთიკა გრამატიკა, პოეზია და სხვ. წერდა ლექსებს, რ-თაგან 8 შემონახულია იბნ შაქირ ალ-ქუთუბის, ალ-საფადისა და ალ-ირბილის ბიოგრ. ჟანრის თხზულებებში. ლიტ.: ჯაფარიძე გ., მუსლიმი მოღვაწეები ათ-თიფლისის ნისბით VIII–XIV საუკუნეებში, «მაცნე». ენისა და ლიტერატურის სერია, 1989, #4; 1990, #1. გ. ჯაფარიძე.