ალ-იაკუბი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბუ ლ-აბას აჰმად იბნ იაკუბი (გ. დაახლ. 897), არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი. ცნობილია მისი ორი თხზულება: 1. გეოგრაფიული "ქვეყნების წიგნი" ("ქითაბ ალ-ბულდანი"), რ-შიაც სხვა ქვეყნებთან ერთად აღწერილია სამხრ. კავკასია, ჩამოთვლილია მისი მხარეები, მითითებულია მათ შორის მანძილები; 2. ისტორიული "ისტორია" ("თარიხი"), რ-შიც აღწერილია არაბთა ლაშქრობები სამხრ. კავკასიის ქვეყნებში, სომხეთისა და საქართველოს დაპყრობა; აჯანყებები არაბთა წინააღმდეგ სომხეთში, ქართლსა და კახეთში. თბილ. ამირას განდგომა სახალიფოსაგან და ბუღა თურქის ლაშქრობა საქართველოში (853). ალ-ი-ის ცნობით არაბმა სარდალმა ხალიდ-იბნ იაზიდმა "ხელში ჩაიგდო წანარების (კახეთის სამთავრო) ჯოგები და შემდეგ მოუწოდა ზავისკენ; შეუთანხმდა 3000 ფაშატსა და 20000 ცხვარზე".

ლიტ.: Крачковский И. Ю., Избр. соч., т. 4, М. – Л., 1957; Сведения арабских писателей о Кавказе, Армении и Азербайджане, пер. и прим. Н. А. Караулова, «Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа» 1903, в. 32.

ბ. სილაგაძე.