ბუნება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუნება. ზ. მ-ის ტერიტორიაზე გამოიყოფა 4 ოროგრაფიული ერთეული: მდ. ყვირილის ორივე მხარეს სადგ. აჯამეთიდან ზესტაფონამდე ვრცელდება კოლხეთის დაბლობის აღმ. ნაწილი (იმერეთის დაბლობი), რ-ის აბსოლ. სიმაღლეა 90–200 ; სამხრ-ით და ნაწილობრივ აღმ-ით 200–500 სიმაღლის გორაკ-ბორცვიანი ზონაა; აღმ. ნაწილი უკავია იმერეთის მაღლობის სამხრ.-დას. მონაკვეთს; სამხრ-ით აღმართულია მდინარეების ყვირილისა და საკრაულის დაბალი წყალგამყოფი ქედი (მწვერვალები: საფიშლისთავი, კვიწნარი), რ-ის ჩრდ. კალთა ზ. მ-ს ეკუთვნის. დაბლობი აგებულია ახალგაზრდა ალუვიონით, რ-შიც გამომუშავებულია მდ. ყვირილის განიერი აკუმულაციური ტერასები. გორაკ-ბორცვიანი ზონა აგებულია ოლიგოცენური და მიოცენური ასაკის თიხებით, ქვიშაქვებითა და მერგელებით. ზედაპირი დანაწევრებულია მდ. ყვირილის შენაკადებით, ფერდობები დამეწყრილია. იმერეთის მაღლობი ძირითადად განვითარებულია ძირულის კრისტალურ მასივზე, რ-იც მდ. ყვირილის მარჯვ. მხარეს მდ. ძუსამდე ვრცელდება. მუნიციპალიტეტის ფარგლებში მაღლობი აგებულია კამბრიულისწინა და პალეოზოური ასაკის კრისტალური ფიქლებით, გნაისებითა და გრანიტოიდებით. მაღლობის სამხრ. ნაწილში გაშიშვლებულია ლიასური თიხაფიქლები და ქვიშაქვები, აგრეთვე ბაიოსური პორფირიტები, ტუფები და ტუფ-ბრექჩიები. ყვირილისა და საკრაულის წყალგამყოფი ქედი უმთავრესად აგებულია ძლიერ დანაოჭებული ეოცენური ტუფ-ბრექჩიებითა და მერგელებით. წიაღისეული სიმდიდრიდან აღსანიშნავია კირქვა და ქალცედონი სოფ. აჯამეთთან, კვარცი – სოფ. დილიკაურთან, შროშის მარმარილოსა და ცეცხლგამძლე თიხის საბადოები. დაბლობ ზონაში ზღვის ნოტიო სუბტროპ. ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 140C აღწევს (საქარა 13,90C, აჯამეთი 14,10C), იანვ. საშ. ტემპ-რა 3,7–4,30C, აგვ. 23,6–23,90C; აბსოლ. მინ. –200C, აბსოლ. მაქს. 420C. ნალექები 1200 მმ წელიწადში, მაქს. – ზამთარში, მინ. – ზაფხულში. გორაკ-ბორცვიან და დაბალმთიან ზონაში ჰაერის ტემპ-რა რამდენადმე დაბალია, ნალექები უფრო უხვია. მუნიციპალიტეტში გაბატონებულია აღმ. და დას. ქარები. აღმ. ქარი უმეტესად ფიონურია. ზესტაფონამდე ზოგჯერ ზღვის ბრიზიც აღწევს. მდინარეთა შორის მთავარია ყვირილა, ძირულა, ჩოლაბური, ჩხერიმელა და მათი შენაკადები. მდინარეები საზრდოობენ წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზაფხულ-შემოდგომაზე. ნიადაგი დაბლობზე ალუვიურია, ტერასებზე – სუბტროპ. ეწერი. გორაკ-ბორცვიანი ზონა უჭირავს კორდიან-კარბონატულ ნიადაგს; ძლიერ დახრილ კალთებზე მცირე სისქის ხირხატიანი სახესხვაობებია, ხოლო დამრეც კალთებზე – დიდი სისქის გამოტუტვილი და თიხიანი კორდიან-კარბონატული ნიადაგები. მუნიციპალიტეტის აღმ. ნაწილში გვხვდება გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგი. მდინარეების ყვირილისა და საკრაულის წყალგამყოფი ქედის ჩრდ. კალთაზე გავრცელებულია ტყის ყომრალი ნიადაგი. დაბლობ და გორაკ-ბორცვიან ზონაში გავრცელებულია კოლხური ტყე, რ-ის მთავარი შემადგენელი ჯიშებია: რცხილა, მუხა, წიფელი, წაბლი, მურყანი, აგრეთვე ლაფანი და სხვ. ქვეტყეს ქმნის მარადმწვანე (ბაძგი, წყავი, თაგვისარა) და ფოთოლმცვივანი (თხილი, კვიდო, კუნელი, ძახველი, ხეჭრელი, იელი, ზღმარტლი და სხვ.) ბუჩქები. ლიანებიდან ხარობს ეკალღიჭი, მაყვალი, კატაბარდა, სურო და სხვ. ტყეში ზოგან შემორჩენილია რელიქტური ძელქვა. დაბლობ და გორაკ-ბორცვიან ზონაში ტყის ფართობი ამჟამად ძლიერ შემცირებულია. იგი კარგად არის შემონახული ყვირილისა და საკრაულის წყალგამყოფ ქედზე. აქ ძირითადი ჯიშია წიფელი, შერეულია რცხილა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, იმერული მუხა; ქვეტყეს ქმნის: შქერი, წყავი, ბაძგი, ძმერხლი, იელი, მოცვი და სხვ. ნატყევარ ადგილებზე მდელოებია. მუნიციპალიტეტში ცხოველებიდან ბინადრობს მგელი, მელა, ტურა, მაჩვი, კურდღელი, დედოფალა, ზღარბი, თხუნელა. ფრინველებიდან გვხვდება ტოროლა, ყორანი, ყვავი, კოლხური წიწკანა, ოფოფი, მწყერი, ტყის ქათამი და სხვ.; ქვეწარმავლებიდან – გველი, ხვლიკი და სხვ. ძირითადი ლანდშაფტები: 1. ნოტიო სუბტროპ. ჭალა მდელო-ტყის მცენარეულობით (ლაფნარ-მურყნარი) და ალუვიური ნიადაგით; 2. დახრილი ტერასული ვაკე-დაბლობი კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და სუბტროპ. ეწერი ნიადაგებით; 3. გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი კოლხ. მცენარეებით, კორდიან-კარბონატული და სუბტროპ. ეწერი ნიადაგებით; 4. ნოტიო სუბტროპ. ბორცვიანი პლატო, მუხნარ-რცხილნარით, ტყის ყომრალი და კორდიან-კარბონატული ნიადაგით; 5. ნოტიოჰავიანი დაბალი მთები წიფლის ტყითა და ტყის ყომრალი ნიადაგით.