ბუნება. ზ. მ-ის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზუგდიდი წმ გიორგის ეკლესია.png

ბუნება. ზ. მ-ის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე. გამოიყოფა 3 ოროგრაფიული ერთეული: ოდიშის დაბლობი, ოდიშის პლატო და ურთის მთა. ოდიშის დაბლობს უჭირავს მუნიციპალიტეტის დას. და სამხრ.-დას. ნაწილი. იგი აგებულია ალუვიური ნალექებით. დაბლობის ვაკე ზედაპირი დასერილია მდინარეთა კალაპოტებით. დაბალი ნაწილი (20–25 -მდე) დაჭაობებულია. მუნიციპალიტეტის აღმ. და ჩრდ.-აღმ. ნაწილი უჭირავს მდინარეთა ხეობების ხშირი ქსელით დასერილ ოდიშის პლატოს, რ-იც აგებულია ნეოგენური ზღვიური და მეოთხეული კონტინენტური ნალექებით (თიხები, ქვიშაქვები, კონგლომერატები), აგრეთვე მეოტური კირქვიანი კონგლომერატებით, რასთანაც დაკავშირებულია კარსტული მღვიმეებისა და ძაბრების განვითარება. ზ. მ-ის სამხრ.-აღმ. ნაწილშია პალეოგენური კირქვებითა და მერგელებით აგებული მთა ურთა (469 ). აქ არის მღვიმეები, ძაბრები და სხვა კარსტული ფორმები. ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაბალი ქვიშიანი დიუნებია. წიაღისეული სიმდიდრიდან აღსანიშნავია ტორფი, ურთის მთაზე კირქვებია. სოფ. ცაიშში არის თერმული მინერ. წყალი. მინერ. წყაროებია სოფ. ურთაშიც. მუნიციპალიტეტში ზღვის ნოტიო სუბტროპ. ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 13–14°C, იანვ. საშ. ტემპ-რა 4,5–5,4°C, აგვ. 22,9°C; აბსოლ. მინ. –19°C, აბსოლ. მაქს. 40°C. ნალექები 1540-იდან 1720 მმ-მდეა წელიწადში. ნალექების მაქს. რაოდენობა ზაფხულ-შემოდგომაზე მოდის. ყველაზე უხვნალექიანია სექტემბერი, მცირენალექიანი – მაისი. კარგადაა გამოხატული მუსონური ხასიათის ქარები. ზ. მ-ს დას. საზღვარზე ჩამოუდის მდ. ენგური. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას კვეთს მდ-ები: ჯუმი (მარჯვ. შენაკად ჩხოუშით), ჭანისწყალი და სხვ. პატარა მდინარეებიდან აღსანიშნავია რუხი (ენგურის მარცხ. შენაკადი), დიდღალი, ერგეტა, გალენიწყარი, ჭითაწყარი, მოგირი, უმპია და სხვ. მდინარეები საზრდოობენ ძირითადად წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით, პატარა მდინარეებით და ჭაობებით. წყალდიდობა იცის ზაფხულ-შემოდგომაზე, წყალმცირობა – გაზაფხულზე და ზამთარში. შავი ზღვის სანაპირო ზოლი დაჭაობებულია. მუნიციპალიტეტში დიდი ფართობი უჭირავს სუბტროპ. ეწერ ნიადაგს. ოდიშის ვაკეზე ჩამოყალიბებულია წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები და მათი გაეწრებული სახესხვაობები. მთავარ მდინარეთა ხეობებში გავრცელებულია ადგილ-ადგილ დაჭაობებული ალუვიური კარბონატული, ასევე უკარბონატო ნიადაგები. ყველაზე დაბალ ადგილებში ჭაობის ლამიანი, ტორფიან-ჭაობიანი და ეწერ-ლებიანი ნიადაგებია, ურთის სერზე კი – კორდიან-კარბონატული. ბუნებრივი მცენარეულობა უმთავრესად შეცვლილია კულტ. მცენარეულობით, აქა-იქ შემორჩენილია კოლხური ტიპის ტყე. შავიზღვისპირა ზოლში გავრცელებულია ქვიშიანის ბალახეულობა და ბუჩქნარი, რ-საც დაჭაობებულ ადგილებში ცვლის მურყნის ტყე. ოდიშის პლატოზე და შედარებით კარგად დრენირებულ დაბლობზე გვხვდება კოლხური ტიპის ტყე (მუხა, რცხილა, წიფელი, წაბლი, ნეკერჩხალი, ლაფანი). ზოგან შემორჩენილია რელიქტური ძელქვა. ფართოდაა გავრცელებული ჩვეულებრივი და კოლხური სურო, ღიჭი, გარეული ვაზი, ღვედკეცი და სხვ. ქვეტყეს ქმნის წყავი, შქერი, ბზა, თაგვისარა, ბაძგი. ტყეში ბინადრობს ტურა, ტყის კვერნა, ტყის კატა, მელა, თხუნელა, ზღარბი, შავი და რუხი ვირთაგვა. ფრინველებიდან გვხვდება ყორანი, რუხი ყვავი, ჭილყვავი, ჩხიკვი, მოლაღური, შაშვი, კოდალა, გუგული, ოფოფი, ქორი, ჭოტი, იხვი და სხვ.; ქვეწარმავალთაგან – ჭაობის კუ, სხვადასხვა სახის ხვლიკი, გველხოკერა; ბევრია ამფიბია. მდინარეებში გავრცელებულია სალამურა, ლოქო, გველთევზა, ქარიყლაპია, ფარგა, ქორჭილა და სხვ. ძირითადი ლანდშაფტები: 1. დაჭაობებული ვაკე-დაბლობი უმთავრესად მურყნარით და ლამიან-ჭაობიანი ნიადაგებით; 2. ჭალები მდელო-ტყის მცენარეულობითა (ლაფნარ-მურყნარით) და ალუვიური ნიადაგით; 3. დაბალი ვაკე-დაბლობი, კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და ეწერი ნიადაგებით; 4. ბორცვიანი მთისწინეთი კოლხური მცენარეულობით, წითელმიწა და გაეწრებული წითელმიწა ნიადაგებით; 5. კარსტული სერი კოლხური მცენარეულობითა და კორდიან-კარბონატული ნიადაგებით.


დადიანების კარის ეკლესია.png