განხილვა:მთავარი გვერდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენდრონიკა

ენდრონიკა ((Galium), მცენარეთა გვარი ენდროსებრთა ოჯახისა; ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახები. აქვთ პატარა, ორსქესიანი ან პოლიგამური, ნახევარქოლგებად შეკრებილი მოყვითალო-მომწვანო, ყვითელი ან თეთრი ყვავილები, რ-ებიც ღეროს წვერზე ფარისებრ ან საგველასებრ ყვავილედებს ქმნის. უფრო იშვიათად, ნახევარქოლგები განლაგებულია ფოთლების იღლიებში თითქმის მთელ სიგრძეზე. ე-ს გვარი 400-მდე სახეობას აერთიანებს და გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში ამ გვარის 30-მდე სახეობაა, იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპ. სარტყლამდე ტყეში, ტყის პირებზე, მდელოებზე, ტენიანსა და დაჭაობებულ ადგილებზე, მშრალ ფერდობებზე, ჩამონაზვავებსა და კლდოვან ადგილებზე. ე-ს ზოგიერთი სახეობის ყვავილებს ((G. verum) ხმარობენ ყველის დასამზადებლად. ზოგის ღერო და ფოთლები შეიცავს მომწვანო-მოყვითალო და ყავისფერ საღებავს, ფესვები – წითელს. ლ. ხინთიბიძე.

ენდრონიკაშვილი

ენდრონიკაშვილი მერაბ, ერეკლე II-ის თანამებრძოლი. XVIII ს. 40-იან წლებში მონაწილეობდა თბილისის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში. აბდულა-ბეგის დამარცხების შემდეგ ნარიყალის ყიზილბაში მეციხოვნეები გატყდნენ და უვნებლობის პირობით მეფეს დანებდნენ. ერეკლე II-მ ნარიყალა 60 კახელ მებრძოლთან ერთად ე-ს ჩააბარა 1748 წ. 22 ივნისს.

ენეოლითი

ენეოლითი, სპილენძ-ქვის ხანა (ლათ. აენეუს – სპილენძი და ბერძნ. ლიტჰოს – ქვა), ნეოლითიდან ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი ისტორიულ-არქეოლოგიური პერიოდი (ძვ. წ. VI–IV ათასწლეული), როცა ჩნდება თვითნაბადი სპილენძისაგან ცივი დამუშავებით დამზადებული იარაღი და სამკაული. ე-ის ეპოქაში ქვის იარაღის გვერდით სპილენძის იარაღიც იხმარებოდა. ადრე მეცნიერთა უმრავლესობა ე-ს განიხილავდა არა როგორც ცალკე ეპოქას, არამედ როგორც გარდამავალ საფეხურს ქვის ხანიდან ბრინჯაოს ხანაზე. მაგრამ ყოველი ახ. აღმოჩენა ცხადყოფს, რომ იგი სრულფასოვანი არქეოლ. ეპოქაა, რ-იც ორი ათასწლეულის მანძილზე გრძელდება. შუამდინარეთსა და ეგვიპტეში ე. იწყება ძვ. წ. VI ათასწლეულში, ევროპაში – ძვ. წ. III ათასწლეულში. ე-ის ძეგლები აღმოჩენილია შუა აზიაში (ანაუ, ნამაზგათეფე), უკრაინაში (ტრიპოლიეს კულტურა). ამიერკავკასიაში (ქიულთეფე, შომუთეფე, ტეხუტა, ქვემო ქართლის ძეგლები და სხვ.) ამიერკავკასიის ენეოლითური ანუ ადრესამიწათმოქმედო კულტურა ძვ. წ. VI–IV ათასწლეულით განისაზღვრება.