გინეკოლოგია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბერძნ. gynē, ნათ. ბრუნვა gynaikos – ქალი და logos – სიტყვა, მოძღვრება), მეცნიერება ქალის ორგანიზმის ანატომიური, ფიზიოლოგიური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური თავისებურებებისა და მათი ცვლილებების შესახებ; ვიწრო გაგებით – კლინიკური მედიცინის დარგი, რ-იც შეისწავლის ქალის სასქესო ორგანოების ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას, გინეკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის საკითხებს. გ. მჭიდროდაა დაკავშირებული მეანობასთან.

პირველი ცნობები გინეკოლოგიურ დაავადებებზე გვხვდება ძვ. ინდოეთის, საბერძნეთის, ეგვიპტისა და სხვ. წერილობით ძეგლებში. ჰიპოკრატემ ძვ. წ. V–IV სს-ში აღწერა ქალის სასქესო გზების ანთება და საშვილოსნოს სიმსივნის კლინ. სურათი, მაგრამ დამოუკიდებელ მეცნიერებად გ. XVIII ს-ში ჩამოყალიბდა.

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი XI ს-ში უკვე აღწერდნენ ქალთა მრავალ დაავადებას; იცოდნენ, რომ სისხლდენა და ტკივილი შეიძლება საშვილოსნოს სიმსივნის – "კირჩხიბის" ნიშანი იყოს და სხვა. "უსწორო კარაბადინში" (XI ს.) 7 თავი გინეკოლოგიურ დაავადებებს ეთმობა, XIII ს. ძეგლში "წიგნი სააქიმოΩ" ეს დარგი უფრო ვრცლად არის გაშუქებული.

თბილისში 1873 არსებობდა სამშობიარო დახმარების პატარა კერძო სტაციონარი, ამას მოჰყვა გინეკოლოგიური განყოფილებების გახსნა თბილისის საავადმყოფოებში. ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდნენ პრაქტიკოსი ექიმები: ი. თუმანიშვილი, ე. სობესტიანსკი , ი. მეფისაშვილი, ი. ხოფერია, ვ. ზაკრჟევსკი, მ. იოსელიანი, რ. მამრაძე, ბ. ღოღობერიძე , გ. არეშევი, ს. ვოლოხი, ი. მონინი და სხვა.

1875 თბილისში დაარსდა ოლღას სახელობის საბებიო ინ-ტი. ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სამეანო- გინეკოლოგიური ინტი, სადაც მზადდებოდა კადრები ამიერკავკასიის სამკურნალო დაწესებულებებისათვის, აქვე ექიმები იმაღლებდნენ კვალიფიკაციას; 1912 ოლღას საბებიო ინ-ტს ეწოდა ოლღას სამეანო-გინეკოლოგიური ინ-ტი, 1936 – მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნ.-კვლევითი ინ-ტი, ხოლო 1976-იდან – მეანობა-გინეკოლოგიისა და პერინატოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი. ეს იყო პირველი ოფიციალურად აღიარებული პერინატოლოგიის, როგორც მეცნ. ახ. დარგის, სამეცნ.-კვლევითი დაწესებულება სსრ კავშირში. 1978 ინ-ტი სსრ კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა მოთავე სამეცნ.- კვლევით ცენტრად პერინატოლოგიაში. 2002-იდან გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად და ეწოდა "ს. ს. კ. ჩაჩავას სახელობის მეანობა-გინეკოლოგიისა და პერინატოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი" (სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე – პ. კინტრაია, გენ. დირექტორი – ე. გოცირიძე), სადაც ჩამოყალიბდა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი მრავალპროფილური ქირურგიული განყ-ბა.

საქართველოში მეცნ. გ-ის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი ი. თიკანაძისა და გ. ღამბარაშვილის მიერ თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტზე 2 გინეკოლოგიური კათედრის შექმნამ. 2005-იდან თბილისის სახელმწიფო სამედ. ინ-ტში გაერთიანდა მეანობა-გინეკოლოგიის კათედრები და შეიქმნა ერთი – მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტი (ხელმძღვ. – ნ. კინტრაია); ასევე შეიქმნა მეანობა- გინეკოლოგიის დეპარტამენტი ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტში (ხელმძღვ. – ა. ხომასურიძე ).

1935 შეიქმნა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინ-ტის მეანობა- გინეკოლოგიის კათედრა და ამით საფუძველი ჩაეყარა საქართველოში მეან-გინეკოლოგთა დიპლომის შემდგომი მომზადების საქმეს. კათედრას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ ე. სობესტიანსკი, ლ. ელიაშვილი , ი. ჟორდანია , კ. ჩაჩავა , პ. კინტრაია.

1958 თბილისში ი. ჟორდანიას ინიციატივით დაარსდა ქალის ფიზიოლ. და პათოლოგიის პირველი სამეცნ.-კვლევითი ინ-ტი, რ-იც ამჟამად მისი დამაარსებლის სახელობისაა და ეწოდება ადამიანის რეპროდუქციის სამეცნ.-კვლ. ინტი (დირექტორი – ა. ხომასურიძე).

საქართველოში მეანობა-გინეკოლოგიის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით მეან-გინეკოლოგებს: ი. თიკანაძეს, გ. ღამბარაშვილს, კ. ჩაჩავას, ი. ჟორდანიას, ბ. ღოღობერიძეს, მ. მგალობლიშვილს, პ. შუშანიას , ა. ტ. ბაქრაძეს , ა. უსტიაშვილს , ლ. ელიაშვილს, ბ. კოპალეიშვილს , ი. მაჭავარიანს, ე. შუშანიას, მ. პაპიტაშვილს , გ. ყ. ასათიანს , ე. ჩახავას, ა. ძნელაძეს, ი. ჩარკვიანს , ლ. ჩარკვიანს, გ. ხეჩინაშვილს, შ. ქორიძეს, მ. ს. გიგინეიშვილს , ლ. გეგიას, ს. ფხაკაძეს, რ. ღოღობერიძეს , გ. მაისაიას, ს. კუჭაიძეს, მ. კაკაურიძეს, მ. მ. გიგინეიშვილს, ზ. ბიბილეიშვილს, ჯ. მეტრეველს, ზ. ჭილაძეს; ქუთაისის მეან-გინეკოლოგებს: ა. მესხს, გ. ლორთქიფანიძეს, ვ. ბეთანელს, ა. კერესელიძეს, ლ. ვეფხვაძეს და სხვ. აგრეთვე დ. აბულაძეს (კიევი) და გ. ხეჩინაშვილს (სანქტ-პეტერბურგი).

სამეცნ.-კვლევითი, პედ. და პრაქტ. მუშაობა მიმდინარეობს ზემოთ დასახელებულ ინ-ტებში, მეანობა-გინეკოლოგიის კათედრებზე და სხვადასხვა ქალაქის მსხვილ სამედიცინო ცენტრებში (ლ. ხონელიძე, ლ. ფხაკაძე, დ. შელია, ლ. ბეჟანიძე, ჯ. უნგიაძე).

შექმნილია ახალი სამეცნ. მიმართულებები გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიაში (პ. შუშანია), ონკოლოგიური გინეკოლოგიის დარგში (ლ. ჩარკვიანი), ქალის გენერაციული ფუნქციის შესწავლაში (ი. ჟორდანია, ჯ. ციციშვილი , ა. ხომასურიძე), ენდოსკოპიურ ქირურგიაში (ნ. კინტრაია, ა. გვენეტაძე), გენეტიკაში (მ. დალაქიშვილი, ჯ. ქრისტესაშვილი).

ქართველ მეცნიერთა სამეცნ. შრომები აღინიშნა სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიით (კ. ჩაჩავა, ლ. ჩარკვიანი), საქართვ. სახელმწიფო პრემიით (პ. კინტრაია, მ. გიგინეიშვილი, მ. მ. გიგინეიშვილი, გ. ს. დანელია , ზ. ჭილაძე). უკანასკნელი პერიოდის პრაქტ. გ-ის მიღწევაა ქირურგიულ გინეკოლოგიაში ენდოსკოპიური მეთოდის ფართოდ დანერგვა (ნ. კინტრაია, ა. გვენეტაძე). შეიქმნა საქართვ. გინეკოლოგ- ენდოსკოპისტთა ასოციაცია (პრეზიდენტი – ა. გვენეტაძე, გენერალური მდივანი – ნ. კინტრაია). ორსულობისა და მშობიარობის დროს ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობის შეფასების ელექტროფიზიოლ. მეთოდების დამუშავებით (კ. ჩაჩავა, პ. კინტრაია, 1961) შეიქმნა ახ. მიმართულება პერი11 ნატოლოგიაში – ნაყოფის ელექტროფიზიოლოგია. ასევე, სრულიად ახ. მეთოდია ნაყოფისა და ახალშობილის ბიორითმოლოგია (პ. კინტრაია, ე. ზარნაძე). მნიშვნელოვანი მიღწევებია ახალშობილის ძილის შესწავლაში (მ. დევდარიანი, მ. კოხია, ს. მიქაძე). განსაკუთრებით აღსანიშნავია კვლევა, მიძღვნილი პრობლემისადმი – "ნაყოფი და ტკივილი" (პ. კინტრაია). შემოღებულ იქნა ცნება "ნაყოფის აუტოჰიბერნაცია" (პ. კინტრაია, ბ. ქურჩიშვილი). დაინერგა ნაყოფის კრანიო-ცერებრალური ჰიპოთერმიის მეთოდი მშობიარობის დროს (კ. ჩაჩავა, პ. კინტრაია) და ასევე შეიქმნა ვაკუუმ ექსტრაქტორ-ჰიპოთერმი ოპერაციული მშობიარობის დროს ნაყოფის თავის ტვინის სამეანო ტრავმის შესამცირებლად (პ. კინტრაია, ბ. ქურჩიშვილი). ქართველი ავტორების მიერ სრულიად ახლებურადაა ახსნილი მშობიარობის გამშვები მექანიზმები და მშობიარობის რეგულაციაში ნეიროპეპტიდების როლი (პ. კინტრაია, ი. მამამთავრიშვილი, დ. მიქელაძე, ნ. კინტრაია).

შესწავლილია ორსულობის დრომდე მიუტანლობისა და ნაადრევი მშობიარობის მოლეკულური საფუძვლები, დანერგილია პრაქტიკაში დიაგნოსტიკის ახ. მეთოდი (ნ. კინტრაია, ი. მამამთავრიშვილი, დ. მიქელაძე). პ. კინტრაია.