გიორგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მ ა შ ე ნ ე ბ ე ლ ი - ა თ ო ნ ე ლ ი

ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი 1019–29. შეცვალა მონასტრის ძვ. წესები, რის შედეგადაც ბერძნებმა მონასტერში შესვლის უფლება მოიპოვეს. ამით გ-მ თანამემამულეთა წყრომა დაიმსახურა. ამავე დროს ბიზანტ. საიმპერატორო კარის რისხვაც დაატყდა თავს, ვინაიდან ბრალად დაედო სახელმწ.- პოლიტ. საქმიანობაში მონაწილეობა. გ. გადაასახლეს კ. მონოვატზე, სადაც აღესრულა კიდეც. ქართველმა ბერებმა გიორგის ცხედარი მონოვატიდან ათონზე გადმოასვენეს. სხვა წყაროებში იგი მოხსენიებულია როგორც "გიორგი დიდი" და "მაშენებელი", როგორც ჩანს, ასეთი სახელი და პატივი მან ათონის ქართ. სავანეში ჩატარებული აღმშენებლობითი საქმიანობით მოიპოვა. ბერძნ. წყაროების მიხედვით, ღვთისმშობლის მიძინების მთავარი საკრებულო ტაძარი აუგია გ-ს (რასაც ადასტურებს ტაძრის წარწერა) და არა მის წინამორბედებს – იოანე მთაწმიდელსა და თორნიკე ერისთავს (როგორც ზოგიერთი ავტორი წერს). ხშირად გ-ს აიგივებენ ვარაზვაჩესთან, რაც სწორი არ არის. პროფ. ლ. მენაბდის აზრით, გ. და ვარაზვაჩე სხვადასხვა პირები არიან. გ. თავისი აღმშენებლობითი საქმიანობით გამორჩეული მოღვაწე ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ მან ქართველთა სავანეში ბერძნები მოამრავლა, ერთგვარად მაინც შეაკავა ბერძენთა მოძალება, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ სულ მალე ნათელი გახდა. გ. შერაცხეს წმინდანად და ეწოდა ღირსი გიორგი მაშენებელი-ათონელი. ხსენების დღეა 28.VII (10.VIII). ათონის ივერთა მონასტერში წმ. გიორგი მაშენებლის ხსენება წმ. იოანესა და წმ. ექვთიმესთან ერთად აღესრულება. ლიტ. : მ ე ნ ა ბ დ ე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, წგ. 2, თბ., 1980; ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, თბილისი–ათენი, 2003. ა. ჩხარტიშვილი




თბილისის ბეგლარბეგი

გამაჰმადიანებული ქართველი თავადი. 1580 აგვ. ბოლოს სინანფაშამ ის თბილისის ბეგლარბეგად დანიშნა და ამ თანამდებობაზე 1582 სექტემბრამდე დაყო.




გ ა რ ს ე ვ ა ნ ი შ ვ ი ლ ი

(გ ა რ ს ე ვ ა ნ ი შ ვ ი ლ ი) (დაახლ. 1680 – 20. VI. 1745, მოსკოვი), საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე. დაახლოებული იყო მეფე ვახტანგ VI-ის ოჯახთან. ღვთისმეტყველებას ასწავლიდა ბაქარს და ვახუშტი ბატონიშვილს . 1724 ემიგრაციაში გაჰყვა ვახტანგ VI-ს. რუსეთში სხვა ქართვ. სასულიერო მოღვაწეებთან ერთად ჩაირიცხა სინოდის შტატში. შემდეგ მოღვაწეობდა მოსკ. ქართულ ახალშენში. 1730 მარტში ვახტანგ VI-მ და ბაქარმა საგანგებო დავალებით საქართველოში გამოგზავნეს. მას გამოჰყვა არქიმანდრიტი არსენიც (ფიცხელაური). 1737-იდან გ. საბოლოოდ დასახლდა მოსკოვში. დაკრძალულია ვსეხსვიატსკოეს ქართ. ტაძარში. ფ. სიხარულიძე.