გიორგიწმინდა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

VIII–IX სს. ერთნავიანი ეკლესია სოფ. თმოგვის მახლობლად (ასპინძის მუნიციპალიტეტი), ნასოფლარ გიორგიწმინდაში. ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. გარედან კედლები შემოსილია კარგად გათლილი ქვის, თანაბარი ზომის კვადრებით; შიგნით ასეთივე წყობითაა ამოყვანილი კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები. დანარჩენი კედლები უხეშად გათლილი ქვითაა ნაგები. ეკლესიას აღმ-ით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. გრძივი კედლები ორორი კედლის თაღითაა დანაწევრებული. შესასვლელი სამხრ. კედლის დას. ნაწილშია, ამ მხრიდანვე ეკლესიას მთელ სიგრძეზე გასდევდა სტოა. ეკლესიის სამხრ.-აღმ-ით, ფერდზე, შემორჩენილია ქვასვეტის (სტელის) უხეშად თლილი ბაზისი. იქვეა სტელა. იგი ბაზალტის ქვაშია გამოკვეთილი, მოკლებულია მორთულობას, მხოლოდ ერთ მხარეს აქვს მრავალფურცლიანი ვარდული. ნ. ჩუბინაშვილი სტელას VI ს. დასასრულითა და VII ს. დასაწყისით ათარიღებს და ეკლესიის თანადროულად მიიჩნევს. ლიტ .: ს უ რ ა მ ე ლ ა შ ვ ი ლ ი მ., გიორგიწმინდა, «ძეგლის მეგობარი», 1986, #1; Ч у б и н а ш в и л и Н. Г., Хандиси, Тб.,1972 მ. სურამელაშვილი.


გიორგწმინდის არქეოლოგიური ძეგლები. გიორგწმინდის სამაროვანი. თიხის სასმისები. ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევარი. დუშეთის არქეოლოგიური ბაზა.


გიორგიწმინდა

სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტის ფერსის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), მდ. მტკვრის მარცხ. მხარეს, მდინარეების წინუბნისწყლისა და წვერუკნისღელის (მტკვრის მარცხ. შენაკადები) წყალგამყოფის სამხრ.-აღმ. კალთის ძირას. ზ. დ. 1000 , ახალციხიდან 12 კმ, ფერსიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 1 კმ . 415 მცხ. (2002). გიდან ჩრდ.-დას-ით 3 კმ -ზე აქატის საბადოა. სოფლის მახლობლად დგას VIII– IX სს. წმინდა გიორგის ეკლესია.



გიორგიწმინდა

სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), გომბორის ქედის სამხრ. მთისწინეთში, მდ. წიფლისხევის (ივრის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ანთოკი, მარიამჯვარი). ზ. დ. 720 , საგარეჯოდან 5 კმ . 2,6 ათ. მცხ. (2002). სოფელში, ერთმანეთისგან ოციოდე მეტრის დაშორებით დგას XVIII ს. II ნახევრის ორი ცილინდრული კოშკი, მათ შორის კი – დარბაზული ეკლესია. ეკლესიის სამხრ. შესასვლელის თავზე ჩასმულია წარწერიანი ქვა. როგორც ირკვევა ეკლესია 1800 საკუთარი სახსრებით აუგია მღვდელ ი. კევლიშვილს. რესტავრირებულია 2010.

ლიტ. : ბ ე რ ი ძ ე ვ., XVI–XVII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1983; ზ ა ქ ა რ ა ი ა პ., კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი, თბ., 1962.