გიორგი-პროხორე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(დაახლ. 991, შავშეთი, – 1066, იერუსალიმი), საეკლესიო მოღვაწე, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მაშენებელი. ღვთისმსახურება ადრე დაიწყო. დიაკვნად აკურთხეს წყაროსთავის მონასტერში. იქ მიიპყრო ცნობილი საეკლესიო მოღვაწის ეფვთიმე გრძელის ყურადღება, დაემოწაფა მას და გაჰყვა პალესტინაში, სადაც საბა პალესტინელის ლავრაში მღვდლად აკურთხეს. იერუსალიმში ცხოვრებამ მას საშუალება მისცა გასცნობოდა ქალაქში უკვე ძველთაგან არსებულ ქართველთა დასახლებების ცხოვრებას და განეზრახა მოეწყო ცენტრი, რომელიც გარს შემოიკრებდა ქალაქსა და მის შემოგარენში მცხოვრებ ქართველებს. საამისოდ შეარჩია გზაჯვარედინი "მახლობლად იერუსალიმისა დასავლეთ კერძო" და სამეფო კარის დახმარებით დააარსა ჯვრის მონასტერი, ქართველთა რელიგ. კულტ. ცენტრი, შემოზღუდული მაღალი, მტკიცე გალავნით, სკრიპტორიუმით.

ამ დიდებული სავანის წინამძღვარი (ჯვარის მამა) გახდა მისი დამფუძნებელ-აღმაშენებელი გ.- პ. რამდენიმე წლის მოღვაწეობის შემდეგ იგი გადავიდა პალესტინაშივე არსებულ ჯვრის მონასტრის ფილიალში ახ. კერათა განსამტკიცებლად.

ლიტ. : მ ა მ ი ს თ ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ე., იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორიიდან (ქართული პერიოდი), გორი, 2002; მ ე ნ ა ბ დ ე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, II, თბ., 1984; მ ი ს ი ვ ე, გიორგი-პროხორე თუ გიორგი და პროხორე, «საისტორიო-ეთნოლოგიური კრებული», 2008. ფ. სიხარულიძე