გიორგი არაგვის ერისთავი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(გ. 1723), ერისთავი 1688–96, 1703–23; ოთარ არაგვის ერისთავის ძე. 1688 გ. ა. ე. ერეკლე I -ს მიემხრო გიორგი XI-ის წინააღმდეგ ბრძოლაში; ამის გამო გიორგი მეფის ლაშქარი არაგვის საერისთავოში შეიჭრა, აიღო და გადაწვა დუშეთი, მისი შემოგარენიც, მაგრამ თვითონაც დიდად დაზარალდა და იძულებული გახდა საერისთავოდან გამოსულიყო. 1691 გ. ა. ე. გიორგი XI-ს მიემხრო, რის პასუხადაც ერეკლე I-მა არაგვის საერისთავო დაარბია. 1695 ერეკლემ ირანელთა დამხმარე ჯარით გიორგი XI და გ. ა. ე. დაამარცხა. ეს უკანასკნელი ჯერ იმერეთში, შემდეგ დვალეთში გადავიდა, სადაც მისმა ვასალებმა შეიპყრეს და ერეკლე I-ს მიჰგვარეს. ერეკლემ გ. ა. ე. ირანში გაგზავნა (1695), სადაც 1703-მდე დაჰყო. ირანში მყოფი გიორგი XI-ის შუამდგომლობით გ. ა. ე. საქართველოში დააბრუნეს და კვლავ არაგვის ერისთავად დანიშნეს. ერთხანს იგი ვახტანგ VIის ერთგული იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვახტანგი გაძლიერდა, გადაუდგა მას და დათუნა ქსნის ერისთავთან ერთად შაჰს ვახტანგის გადაყენება და იასეს მეფედ დასმა სთხოვა. შემდეგ გ. ა. ე. შეურიგდა ვახტანგს, მაგრამ 1723, როცა კახეთის ხანმა კონსტანტინე II-მ თბილისი აიღო და დაარბია, კვლავ განუდგა ვახტანგს და კონსტანტინეს მიემხრო, რის გამოც ბაქარმა გ. ა. ე. (თავისი სიმამრი) შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა. წყარო : ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ლიტ .: გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955. გ. ჯამბურია