გიორგი მიტროპოლიტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ერისკაცობაში – დავით გიორგის ძე ა ლ ა დ ა შ ვ ი ლ ი) (8. XII. 1850, სოფ. არბოშიკი, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, – 28. II. 1924, იქვე), სასულიერო მოღვაწე. 1864 სწავლობდა თბილ. სას. სასწავლებელში, 1869–75 – თბილ. სას. სემინარიაში, რის შემდეგაც დაინიშნა თბილ. სას. სასწავლებლის პედაგოგად. 1884 დაამთავრა კიევის სას. აკადემია ღვთისმეტყველების მაგისტრის წოდებით. 1899 წ. 25 სექტ. გ. მ. ბერად აღიკვეცა. ამავე წლის 3 ოქტ. აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1902 წ. 16 მარტს აირჩიეს იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და დაინიშნა დავითგარეჯის ნათლისმცემლის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 1905 წ. 25 სექტემბერს ხელდასხმულ იქნა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად, ხოლო 1908 წ. 1 თებერვალს – იმერეთის ეპისკოპოსად. 1912 წ. 11 აპრილიდან შეთავსებით გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო. იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართვ. საზ.-კულტ. საქმიანობაში. 1917 წ. 12 (25) მარტს ხელი მოაწერა საქართვ. ავტოკეფალიის აღდგენის აქტს, თუმცა ეგზარქოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აქტზე ხელის მოწერა გამოიწვია გამოუვალმა ვითარებამ. ამ განცხადებას ეპარქიის მხრიდან მოჰყვა სრული უნდობლობის გამოცხადება, რის გამოც საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველობამ გ. მ-ს მღვდელმთავრობა შეუჩერა, ხოლო 1917 წ. 8–17 სექტემბერს გამართულმა I საეკლ. კრებამ იმერეთის ეპისკოპოსის თანამდებობიდან გადააყენა. 1918 წ. 1 აგვისტოდან მიტროპოლიტმა ლეონიდემ გ. მ. წილკნის ეპარქიის მმართველად დაადგინა. 1920 ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი გახდა და დროებით ბათუმ-შემოქმედის ეპარქიასაც განაგებდა. 1922, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, პენსიაზე გავიდა და 1922 წ. 17 ოქტომბერს ხირსის წმ. სტეფანეს მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1924, ბოლშევიკების მიერ ხირსის მონასტრის დარბევის შემდეგ, იძულებული გახდა თავის სოფელ არბოშიკში დაბრუნებულიყო. გ. მ-ს მიღებული აქვს არაერთი საეკლ. ჯილდო – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება, წმ. ვლადიმირის IV, წმ. ანას I და II ხარისხის ორდენები. დაკრძალულია სოფ. არბოშიკის ეკლესიის გალავნის ჩრდ. კედელთან. ლიტ .: ვ ა რ დ ო ს ა ნ ი ძ ე ს., ქართველი მღვდელმთავრები (XX–XXI საუკუნეები), თბ., 2010; ჟ ვ ა ნ ი ა ზ., საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქუთ., 1994. თ. მარგველაშვილი.



გიორგი მიტროპოლიტი

(ერისკაცობაში – გიორგი ნესტორის ძე ღ ო ნ ღ ა ძ ე) (7. VII. 1894, სოფ. ჩრდილი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 22. VI. 1982, თბილისი), სასულიერო მოღვაწე. 1913 გელათის მონასტერში გაიარა მედავითნის კურსები, სწავლის კურსი დაასრულა თბილისის ფერისცვალების მონასტერში, 1914 სოფ. გრემისხევში მედავითნედ გაიგზავნა. 1914–17 იყო სამხ. სამსახურში. 1918 ხელდასხმულ იქნა მთავარ დიაკვნად სოფ. ატოცში. 1923 ქვეყანაში შექმნილი რელიგ. დევნის საფუძველზე აიძულეს თავი დაენებებინა სას. საქმიანობისათვის. 1924–49 საერო სამსახურში იყო. 1949 სას. სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით წერილობითი თხოვნით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს. გ. მ. იმავე წელს ეკურთხა მღვდლად – გაამწესეს თელავის რ-ნის სოფ. აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიაში. 1952– 54 ღვთისმსახურებას ეწეოდა სოფ. ალვანსა და ფშავში. 1955 იყო თბილ. დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელმსახური, სადაც აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 1974 წ. 13 იანვ., კათოლიკოსპატრიარქ დავით VI-ის ლოცვაკურთხევით გ. მ. ხელდასხმულ იქნა მანგლისის ეპისკოპოსად. 1977 მხარი დაუჭირა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მიტროპოლიტ ილიას არჩევას. 1978 წ. 4 იანვარს ებოძა მიტროპოლიტის პატივი. 1980 დაინიშნა წილკნის მიტროპოლიტად, მაგრამ წილკნის ეპარქიაში არსებული ეკლესიების უმოქმედობის გამო წირავდა თბილისში, დიდუბის ეკლესიაში. დაჯილდოებულია კუნკულ- ბარტყულაზე – ჯვრის, სკუფიაზე – ბრილიანტის ჯვრის, მიტრაზე – ჯვრისა და ორი პანაღიის ტარების უფლებით; მოციქულთა სწორის წმ. ნინოსა და წმ. გიორგის ორდენებით. დაკრძალულია თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში. ლიტ .: ვ ა რ დ ო ს ა ნ ი ძ ე ს., ქართველი მღვდელმთავრები (XX–XXI საუკუნეები), თბ., 2010; ჟ ვ ა ნ ი ა ზ., საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქუთ., 1994; "ჯვარი ვაზისა", 1982, # 1. თ. მარგველაშვილი



გიორგი მიტროპოლიტი

(ერისკაცობაში – გური პორფილეს ძე შ ა ლ ა მ ბ ე რ ი ძ ე) (დ. 25. II. 1945, სოფ. ფერსათი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი), სასულიერო მოღვაწე. 1971 დაამთავრა ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) სას. აკადემია, იმავე წლის 23 ნოემბ. ეკურთხა მღვდლად და დაინიშნა მცხეთის სას. სემინარიის პედაგოგად. 1971–74 ღვთის მსახურებას აღავლენდა თბილ. იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიაში, 1974–78 – ქუთაისის პეტრეპავლეს ეკლესიაში. იყო საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის მე-12 საეკლ. კრების აქტიური მონაწილე, მხარს უჭერდა სრულიად საქართვ. კათოლიკოსპატრიარქის მოსაყდრეს – ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას. 1978 წ. 16 მარტს გ. მ. დაინიშნა მცხეთის სას. სემინარიის რექტორად. მოღვაწეობდა სვეტიცხოვლის ტაძარში. 1980–88 იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის პროტოპრესვიტერი. 1988 წ. 14 ოქტ. კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გახდა ჭყონდიდის ეპისკოპოსი. 1994 წ. 21 დეკემბერს ებოძა მთავარეპისკოპოსობა, 2000 წ. 28 ნოემბ. – მიტროპოლიტობა. 2007 წ. 25 დეკ-იდან დადგენილ იქნა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მმართველად.