გიორგი სინგელოსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Geōrgios ho Syngellos)(გ. 810-ის შემდეგ), VIII–IX სს. ბიზანტიელი საეკლესიო მოღვაწე. 786–806, ტარასის პატრიარქობის დროს, მისი მდივნის მოვალეობას ასრულებდა. შემდეგ განმარტოვდა მონასტერში, სადაც დაწერა თავისი "ქრონიკა" (მსოფლიო ისტორია ადამიდან დიოკლეტიანეს კეისრობამდე), რ-შიც გამოყენებული აქვს "დაბადების" ტექსტი, ალექსანდრიელი ქრონისტების პანდორესა და ანნიანეს თხზულებები. გ. ს-ის "ქრონიკა" გააგრძელა თეოფანე ჟამთააღმწერელმა. გ. ს-ის გადმოცემით, ნოემ იაფეტს სხვა ქვეყნებთან ერთად იბერია და კოლხეთიც არგუნა. ნოეს შვილებს შორის ასახელებს თობელს, მოსოხს, თარსუსს – "საიდანაც არიან იბერიელები". იაფეტისგან წარმოშობილ ტომებს მიაკუთვნებს კოლხებს , კორზენებს, ხალიბებს , მოსინიკებს . ავტორი პომპეუსის მიერ მოპოვებულ სამხ. წარმატებებს შორის იბერებსა და კოლხებზე გამარჯვებასაც აღნიშნავს. საინტერესოა გ. ს- თან დაცული ცნობა, რომ რომში პომპეუსის ტრიუმფში მონაწილე ტყვეებს შორის იყვნენ კოლხთა, ანუ ლაზთა მეფე და იბერიელთა ოცი მთავარი (არქონტები). გ. ს-ის ცნობებში განსაკუთრებით საყურადღებოა ცნობა 532-წლიანი მოქცევის შესახებ, რ-საც ემყარება ქართ. წელთაღრიცხვა. გ. ს. პირველია ჩვენამდე მოღწეულ ავტორთა შორის, რ-იც ამ წელთაღრიცხვას ხმარობს და ქრისტეს დაბადებას მეთერთმეტე მოქცევის 181-ე წლით ათარიღებს.

თხზ. [წგ.]: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, ნაკვ. 1, თბ., 1941.

ლიტ. : ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1973. ნ. მიწიშვილი.