გიორგი II

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი II-ის მონეტა. ვერცხლი. XI ს. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.

საქართველოს მეფე 1072–89, ბაგრატ IV-ის ძე. მას მძიმე საშინაო და საგარეო პირობებში მოუხდა მეფობა. 1073 მას განუდგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები: ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი. ნიანია ქვაბულის ძემ ქუთაისი დაიკავა, ივანე ლიპარიტის ძემ კახელები მოიშველია და ქსნისპირი დაიპყრო, ხოლო ვარდანმა სვანები ააჯანყა და საეგრო (ეგრისი) დაარბია. მათი დამორჩილების შემდგომ გ. II გარკვეულ დათმობაზე წავიდა და ურჩი ყმები "წყალობით დაფარა". ივანე ლიპარიტის ძეს სამშვილდე უბოძა, მის ვაჟს – ლიპარიტს – ლოწობანი (რუსთავის ნაცვლად; ეს უკანასკნელი კახელებს გადაეცა), ნიანია ქვაბულის ძეს – თმოგვი, ვარდან სვანთა ერისთავს – ასკალანა და ა. შ. 1074 ივანე ლიპარიტის ძე კვლავ განუდგა მეფეს. გ. II-მ მესხთა ლაშქრითა და კახთა მეფის აღსართანის დახმარებით გამდგარი ფეოდალი დაამარცხა. ლიპარიტს ლოწობანი წაართვეს და სამეფოს შემოუერთეს. მალე მეფე და ივანე ლიპარიტის ძე დაზავდნენ, მაგრამ ურჩმა ფეოდალმა გ. II-ის მეციხოვნეებს გაგი გამოსტყუა და განძის პატრონს – ფადლონს – მიჰყიდა. 1073 (ან 1074) საქართველოს შემოესია "დიდ სელჩუკთა" სახელმწიფოს სულთანი მალიქ-შაჰი, რ-მაც აიღო სამშვილდე, დაარბია ქართლი და დიდძალი ტყვითა და ნადავლით უკან გაბრუნდა. იმავე ხანებში სულთნის ლაშქრით საქართველოს შემოესია მალიქ-შაჰის მიერ განძის გამგედ დანიშნული სარანგი. გ. II-მ აღსართან კახთა მეფე მოიშველია და ფარცხისთან დაამარცხა მტერი. ამ გამარჯვების შემდეგ, როგორც "მატიანე ქართლისა" მოგვითხრობს, მეფემ აიღო ანაკოფია, "მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტანისა", აგრეთვე კარის ციხე-ქალაქი, "სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი" და გააქცია თურქები.

საერთაშ. მდგომარეობის გართულებამ (1074 ბიზანტია იძულებული გახადა თავისი სამფლობელოს აღმ. მიწა-წყლის დიდი ნაწილი თურქებისათვის დაეთმო) ახ. საფრთხე შეუქმნა საქართველოს: მტერი უკვე ორი მხრიდან – დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან უტევდა. 1079 ყველის ციხესთან მდგომ გ. II-ს თავს დაესხნენ დიდძალი თურქები ამირა აჰმადის მეთაურობით. მეფე იძულებული გახდა უბრძოლველად გასცლოდა მტერს. თურქებმა ააოხრეს საქართვ. დიდი ნაწილი და აურაცხელი ალაფით გაბრუნდნენ უკან. XI ს. 80-იანი წლების დამდეგიდან დაიწყო სელჩუკიან თურქთა ახ. შემოსევები (იხ."დიდი თურქობა "). გ. II დიდებულებთან მოთათბირების შემდეგ სულთან მალიქ-შაჰს ეახლა (სავარაუდოდ 1081–82) და მორჩილება გამოუცხადა. საქართველო სელჩუკიანი თურქების მოხარკე გახდა. კმაყოფილმა მალიქ- შაჰმა საქართვ. სამეფო გაათავისუფლა "ზედამარბეველთაგან", გ. II-ს კახეთ-ჰერეთი მისცა და მის შესაერთებლად ლაშქარიც გამოაყოლა. მტრისა და ქართველთა გაერთიანებული ჯარი კახეთს შეესია, ვეჯინის ციხეს გარშემოადგა. ვეჯინის ალყა ხანგრძლივი გამოდგა. ზამთარში მოულოდნელად გ. II-მ ალყა მოხსნა და დას. საქართველოში გადავიდა, რის გამოც მას კიცხავს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი. ქვეყნის ისედაც გართულებულ მდგომარეობას ზედ დაერთო სტიქიური უბედურება – მიწისძვრა (1088), რ-იც თითქმის მთელი წელიწადი გაგრძელდა და მრავალი ადამიანი იმსხვერპლა. მძიმე საშინაო და საგარეო მდგომარეობისა და მწვავე სახელმწიფოებრივი კრიზისის პირობებში საქართვ. სამეფო კარზე მოხდა გადატრიალება: 1089 გ. II ტახტიდან გადააყენეს და მეფედ მისი ძე დავითი (შემდეგ აღმაშენებლად წოდებული) დასვეს. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი (ვახუშტი ბატონიშვილი, მარი ბროსე) გ. II-ის გარდაცვალების თარიღად მიიჩნევს 1089, ხოლო ზოგიერთი (ნ. ურბნელი, თ. ჟორდანია, დ. კარიჭაშვილი) – 1112. ლიტ. : მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., დავით IV აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002; მ ი ს ი ვ ე, გიორგი II, თბ., 2004 (თანაავტ. ჯ. სამუშია); ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი გაივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2). რ. მეტრეველი



სარჩევი

გიორგი II აფხაზთა (დას. საქართველო) მეფე

922–957, კონსტანტინე III-ის ძე. მეფობის პირველ წლებში სამეფო ტახტს ნახევარძმა ბაგრატი ეცილებოდა. გ. II-ის ხელისუფლება მხოლოდ ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ განმტკიცდა. მან დაიკავა შიდა ქართლი, რ-ის ერისთავადაც თავისი უფროსი შვილი კონსტანტინე დანიშნა. ქართლის აზნაურების მხარდაჭერით კონსტანტინე, რ-საც გამეფება სურდა, მამას აუჯანყდა. გ. II-მ აჯანყება ჩააქრო, კონსტანტინე სიკვდილით დასაჯა და ქართლის ერისთავად თავისი მეორე ძე ლეონი (შემდეგ მეფე ლეონ III ) დასვა. გ. II-ის დროს აფხაზთა სამეფომ პოლიტ. ძლიერების მწვერვალს მიაღწია. X ს. 20-იან წლებში გ. II კახეთში შეიჭრა და შეიპყრო ქორეპისკოპოსი კვირიკე II , რ-მაც ცნო აფხაზთა მეფის უფლებები კახეთზე. გ. II-მ კვირიკე II გაათავისუფლა. გ. II-ის გაძლიერების მოწინააღმდეგე ქართლისა და კახეთის აზნაურთა დახმარებით კვირიკე II-მ დაიბრუნა კახეთი. 957 გ. II-მ კახეთის დასაპყრობად ლაშქარი გაგზავნა თავისი შვილის ლეონის წინამძღოლობით, მაგრამ გ. II გარდაიცვალა, ლეონი და კვირიკე კი დაზავდნენ. კვირიკემ ცნო აფხაზთა მეფის სიუზერენობა. გ. II-ის გავლენა ვრცელდებოდა ტაო-კლარჯეთში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. გ. II-ის ასული გურანდუხტი მეფეთამეფის გურგენის მეუღლე იყო; გ. II-ის აქტ. ხელშეწყობით X ს. II ნახევარში ალანთა ქვეყანაში ქრისტიანობა სახელმწ. რელიგიად გამოცხადდა. ნაყოფიერად მოღვაწეობდა იგი კულტ. სფეროშიც. ქართ. წყარო მას ეკლესიათა აღმშენებელს უწოდებს. გ. II-მ დააარსა ჭყონდიდის (მარტვილის) საეპისკოპოსო კათედრა. წყარო : მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955. ლიტ. : ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე მ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება (IX–X სს.), თბ., 1963; А н ч а б а д з е З. В., Из истории средневековой Абхазии (VI–ХVII вв.), Сух., 1959. ზ . ანჩაბაძე.



იმერეთის მეფე

1565–85, ბაგრატ III -ის ძე. თავისი მეფობის დასაწყისში გ. II-ს ოდიშისა და გურიის მთავრებთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა. შემდეგ, მთავართა გათიშვის მიზნით, გიორგი I გურიელს დაუმოყვრდა. ლევან I -მა დადიანმა ამ მოყვრობაში თავისთვის საფრთხე დაინახა. მან გ. II-ის ტახტიდან ჩამოგდება და მისი ბიძაშვილის ხოსრო ბატონიშვილის გამეფება განიზრახა. ლევანმა მიიმხრო განკერძოებისათვის მებრძოლი ჭილაძეთა საგვარეულოს მეთაური ვარაზ ჭილაძე. 1568 გ. II სოფ. იანეთთან მოულოდნელად თავს დაესხა დადიანს და მის მომხრეებს, დაამარცხა ისინი და საჯავახო დაიკავა. მეფის გაძლიერების შიშით დადიანი და გურიელი გაერთიანდნენ, გ. II-ს წაართვეს საჯავახო და შუაზე გაიყვეს. მიუხედავად ამ მარცხისა, გ. II-მ მაინც მოახერხა მთავრებთან დროებითი მშვიდობის დამყარება. გ. II-ს ბრძოლა უხდებოდა ოსმალებთანაც. 1578 მან ლიხის მთის სიმაგრეებთან დაამარცხა და უკუაგდო ლალა-ფაშის მიერ იმერეთის დასალაშქრად გაგზავნილი ჯარი. გ. II-მ ტახტის პრეტენდენტებისაგან თავისი მცირეწლოვანი მემკვიდრის ლევანის დასაცავად, 1583 ციხეში გამოკეტა საკუთარი ძმა კონსტანტინე (იხ. კონსტანტინე ბატონიშვილი ) და მისი შვილი როსტომი (იხ. როსტომი , იმერეთის მეფე). წყარო : ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ლიტ. : ბ რ ო ს ე მ., საქართველოს ისტორია, ნაწ. 2, თარგმ. ს. ღოღობერიძისა, ტფ., 1900. ო. სოსელია


ა ვ გ ი ო რ გ ი, კახეთის მეფე

1511–13, კახთა მეფის ალექსანდრე I-ის ძე. ავგიორგი შეარქვეს მრავლად ჩადენილ ბოროტ საქმეთა გამო: სამეფო ტახტის მისაკუთრების მიზნით 1511 მოკლა მამა, შეიპყრო უმცროსი ძმა დიმიტრი, დასთხარა თვალები და კახეთიდან გააძევა. დაპყრობის მიზნით გამუდმებით არბევდა და აოხრებდა ქართლს. გ. II-ის ალაგმვა ითავა ქართლის მეფე დავით X -ის ძმამ – ბაგრატ ბატონიშვილმა, რ-მაც მეფეს საბატონოდ მუხრანის მხარე მოსთხოვა და იქ ციხე ააგო. გ. II-მ შეიტყო ბაგრატის განზრახვა, შეყარა ჯარი და ციხეს გარს შემოადგა. 3 თვის უშედეგო ალყის შემდეგ გ. II კახეთში გაბრუნდა. მალე კვლავ გაილაშქრა. ამ ლაშქრობის დროს ბაგრატმა იგი შეიპყრო და მუხრანის ციხეში გამოკეტა, სადაც გ. II მალევე გარდაიცვალა (მეორე ვერსიით მოკლეს). წყარო : ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ლიტ. : საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967. გ. აკოფაშვილი.


ქართლის კათოლიკოსი

(დაახლ. 826–838 წწ.). წყარო იხ. სტ-თან გ ი ო რ გ ი I, ქართლის კათოლიკოსი