გიორგი III

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი III. საქართველოს მეფე. ბეთანიის ტაძრის მოხატულობა. დეტალი. XIII ს. დასაწყისი.

(გ. 1184), საქართველოს მეფე 1156–1184, დემეტრე I-ის ძე. მამამ იგი ჯერ თანამოსაყდრედ გამოაცხადა (უფროსი ძის დავით V-ის გარდაცვალებისა და სამეფო ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შემდეგ), მერე კი თავის სიცოცხლეშივე გაამეფა. ასეთი ღონისძიება აუცილებელი იყო, რადგანაც დიდგვარიან ფეოდალებს დავით V-ის ძის, დემნა (დემეტრე) უფლისწულის სახით ჰყავდათ ტახტის პრეტენდენტი ცენტრ. ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად. გ. III, დავით აღმაშენებლის მსგავსად, აქტ. საშინაო და საგარეო პოლიტიკას ატარებდა. მისი მეთაურობით ქართველები განაგრძობდნენ ბრძოლას სელჩუკიანი თურქების წინააღმდეგ. საქართვ. საზღვრების შემოსამტკიცებლად 1161 გ. III-მ ანისზე გაილაშქრა, ქალაქი აიღო და მისი მართვა-გამგეობა ამირსპასალარ ივანე ორბელს მიანდო, თანაშემწედ კი სარგის მხარგრძელი დაუნიშნა. 1162 ქართველებმა სომხ. ძვ. დედაქალაქი დვინი აიღეს. საქართველოს ასეთმა აქტიურობამ მაჰმადიანთა ამირები აიძულა ქართველებისათვის შეერთებული ძალით შემოეტიათ. საქართველოსაკენ დაიძრნენ ხლათის, დიარბექირისა და არზრუმის მმართველები. გ. III ქართველ-სომეხთა შეერთებული ლაშქრით შეება დამპყრობლებს. მაჰმადიანთა ლაშქარმა უკან დაიხია. ეს გ. IIIმ და საქართვ. ლაშქრის მეთაურებმა საბოლოო გამარჯვებად მიიჩნიეს და სიფხიზლე მოადუნეს. ამით ისარგებლეს ოწინააღმდეგეებმა: საქართვ. ლაშქრის დაზვერვა მოახერხეს და მოულოდნელად შეუტიეს ანისს. ქართველებმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ბრძოლა გაჭიანურდა. ბოლოს, დადებული ზავის თანახმად, ანისის მაჰმადიანი მმართველი საქართვ. მეფის ყმადნაფიცი გახდა. 1167 გ. III-მ ილაშქრა შირვან19 ში თავისი ყმადნაფიცისა და მამიდაშვილის აღსართან (ახსითან) შირვანშაჰის დასახმარებლად (შირვანშაჰს დარუბანდის მხრიდან თავს ესხმოდნენ ჩრდილოკავკასიელები). ქართველთა მხედრობა მივიდა დარუბანდის კარამდე, აიღო ქ. შაბურანი, რ-იც გ. III-მ აღსართანს უწყალობა. 1173-იდან გ. III-ის მცდელობის შედეგად დვინი, ანისი და მათი მიმდებარე მხარეები საქართვ. სახელმწიფოს შეუერთდა, თუმცა ბრძოლა ამ მხარეებისათვის შემდეგაც გრძელდებოდა. გ. III-ის დროს საქართველოში განსაკუთრებით მომრავლდნენ ე. წ. გლახაკნი და მეკობრენი. ლაშქარს ქონების შეძენის მიზნით უცხო ქვეყნების დაუსრულებელი რბევის სურვილი გაუჩნდა. ქვეყანაში გახშირდა ღალატი და დამპყრობელთა მხარეზე გადასვლა. განსაკუთრებული თავგამოდებით ცენტრ. სამეფო ხელისუფლებას დიდგვაროვანი აზნაურები ებრძოდნენ. 1177 დაიწყო დიდი ამბოხება ამირსპასალარ ივანე ორბელის მეთაურობით. მას გვერდში ედგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები: ივანე ვარდანის ძე, შოთა, ძე ართავაჩოს ძისა, ქავთარ ივანეს ძე და სხვ. ამბოხებულები თითქოსდა დემნა (დემეტრე) უფლისწულის ინტერესებს იცავდნენ (დემეტრეს ცოლად ჰყავდა ივანე ორბელის ქალი). სინამდვილეში კი სამეფო ხელისუფლების შეზღუდვისა და თავიანთი უფლებების გასაფართოებლად იბრძოდნენ. აჯანყება რამდენიმე თვეს გაგრძელდა. 1178 დასაწყისში გ. III-მ შეძლო მისი ჩახშობა. იგი განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა აჯანყების მოთავეებს: ორბელები სიკვდილით დასაჯეს, დემეტრე უფლისწულს თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს. გ. III-მ ორბელთა მამულები თავის ერთგულებს უწყალობა, მ. შ. დიდი ნაწილი – ყივჩაყთა გვარდიის უფროსს ყუბასარს , რ-იც მეფემ ორბელთა სამთავრო პატივში აიყვანა და საქართველოს ამირსპასალარად დანიშნა, ხოლო "უგვარო" აზნაურის ნაყმევ აფრიდონს მსახურთუხუცესის თანამდებობა უწყალობა. ორბელთა ამბოხების ჩაქრობის შემდეგ გ. III იძულებული გახდა დაეთმო ეკლესიის მესვეურებისათვის და ეკლესიის შეუვალობის აღდგენის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. 1179 მეფემ მეკობრეობის წინააღმდეგ გამოსცა კანონი, რ-იც მკაცრ ზომებს ითვალისწინებდა. ორბელთა ამბოხების ჩახშობისთანავე, 1178, გ. III-მ საქართვ. სამეფო ტახტზე თანამოსაყდრედ დაისვა თავისი ასული თამარი. წყარო : ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ს ტ ე ფ ა ნ ო ს ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი ს "ცხოვრება ორბელიანთას" ძველი ქართული თარგმანები, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1978. ლიტ. : ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე მ., საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს. 80-იანი წლებიდან XI ს. 80-იან წლებამდე, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973; მ ი ს ი ვ ე, დავით IV აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2). რ. მეტრეველი.



გიორგი III, იმერეთის მეფე

(გ. 1639), 1604–39, კონსტანტინე ბატონიშვილის (XVI ს.) ძე. გ. III-ს მძიმე ბრძოლა უხდებოდა გაძლიერებული ოდიშის მთავრის ლევან II დადიანის წინააღმდეგ.

გიორგი III. იმერეთის მეფე. კ ა ს ტ ე ლ ი ს ალბომიდან. XVII ს.
ეს ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც დადიანის მხარეზე გადავიდა გ. III-ის მიერ შერისხული თავადი პაატა წულუკიძე. გოჭოურის ბრძოლაში (იხ. გოჭოურის ბრძოლა 1623 )

დადიანმა დაამარცხა გ. III. დადიანის წინააღმდეგ თანამოაზრეების ძებნისას გ. III დაუკავშირდა გიორგი სააკაძეს , რ-საც 1626 ბაზალეთის ბრძოლაში ზემო იმერეთის ლაშქარი მიაშველა. შემდეგ გ. III დაუმოყვრდა თეიმურაზ I-ს (1629 მისმა ვაჟმა, ტახტის მემკვიდრე ალექსანდრემ, ცოლად შეირთო თეიმურაზის ასული დარეჯანი, ზურაბ ერისთავის ქვრივი). ამის შემდეგაც ლევან II დადიანი სისტემატურად არბევდა იმერეთის სამეფოს. გ. III-ის დროს იმერეთში ფართო ხასიათი მიიღო ტყვეებით ვაჭრობამ. შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად 1619–22 გ. III-მ სცადა მოეპოვებინა რუს. მეფის მფარველობა, მაგრამ ამ ცდას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. 1632 ქართლის მეფე როსტომთან შესახვედრად მიმავალ ლევან II დადიანს გ. III ჩაუსაფრდა და მისი შეპყრობა განიზრახა, მაგრამ თავისი ხელქვეითების ღალატის გამო გ. III თვითონ ჩაუვარდა ტყვედ დადიანს (ტყვეობაში ორი წელი დაჰყო). გ. III-ის გამოსყიდვა ძვირად დაუჯდათ მის მემკვიდრეებს.

წყარო : გ ო რ გ ი ჯ ა ნ ი ძ ე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2; ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: კ ა კ ა ბ ა ძ ე ს., საქართველოს ისტორია (1500–1810), ტფ., 1922; ს ო ს ე ლ ი ა ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 1, თბ., 1973. ო. სოსელია.





გიორგი III (ტ ა ო ე ლ ი), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

დაახლ. XI ს. 50–60-იან წწ. მეფე ბაგრატ IV -ის თანამედროვე. საპატრიარქო ტახტი დაიკავა კათოლიკოს-პატრიარქ იოანე IIის შემდეგ. 1057 შიომღვიმის მონასტრისადმი მეფის მიერ შეწირულების სიგელს გ. III-ის დამტკიცება და ხელრთვაც ახლავს. წყარო : მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ქართული სამართლის ძეგლები ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1968. ზ. აბაშიძე.