გიორგი V

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი V ბრწყინვალე. მხატვარი გ. გეგეჭკორი. 1997. საქართველოს პარლამენტი. თბილისი
ბ რ წ ყ ი ნ ვ ა ლ ე, საქართველოს მეფე 1318–46, დემეტრე II თავდადებულის ძე, აღიზარდა სამცხეში პაპის (დედის მხრივ), ბექა I ჯაყელის (მანდატურთუხუცესი) კარზე. აჯანყებულ დავით VIII -ს მონღოლებმა ძმები ვახტანგი (შემდეგში ვახტანგ III ) და მცირეწლოვანი გიორგი დაუპირისპირეს. 1299 გ. V მეფედ აკურთხეს, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ "თბილისის მეფეს" უწოდებდნენ. ვახტანგ III-ის გარდაცვალების (1308) შემდეგ გ. V რეალური მეფობის მოპოვებას ცდილობდა, მაგრამ მონღოლებმა მეფედ დავით VIII-ის ვაჟი გიორგი VI მცირე დაამტკიცეს და გ. V-ს მისი მეურვეობა დააკისრეს. ამ დროიდან

გ. V აქტიურად ერეოდა სახელმწ. პოლიტ. საკითხებში. ჯერ კიდევ ბექა I-ის კარზე ყოფნისას მოიპოვა მონღოლების ნდობა. იგი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და თავდაპირველად მონღოლებთან 21 დაპირისპირებას ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა. მეგობრობდა ილხანის მთავარ ვეზირთან – ჩობან-ნოინთან (ეხმარებოდა ოქროს ურდოს წინააღმდეგ ლაშქრობებში, 1314 მონაწილეობდა რუმის სასულთნოში მაჰმუდ-ფარვანეს აჯანყების ჩახშობაშიც). ამ ურთიერთობამ საშუალება მისცა საშინაო მდგომარეობა გამოესწორებინა. 1318-იდან, ახალი ყაენის აბუ საიდის ტახტზე ასვლის შემდეგ, გ. V რეალური ძალაუფლებით გამეფდა. მას სამემკვიდრეოდ პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო. ცენტრ. ხელისუფლების გაძლიერების მიზნით ცივის მთაზე სანადიმოდ მიიწვია და ამოხოცა კახეთ-ჰერეთისა და სომხითის ურჩი ერისთავები (დაახლ. 1327–29) და ეს რეგიონები სამეფო ტახტს შემოუმტკიცა. განდევნა ("განასხნა") შიდა ქართლში (გორში) ჩამოსახლებული ოსები და აღადგინა შემცირებული ქართული მიწისმფლობელობა. 1329 შემოიერთა ერთიანი სამეფოსაგან გამდგარი დას. საქართველო. 1334, როცა სამცხის მთავარი სარგის II ჯაყელი (მეფის ბიძა) გარდაიცვალა, გ. V-მ მთავრად დანიშნა სარგისის შვილი ყვარყვარე, უბოძა ათაბაგობა და ერთგულების ფიცი ჩამოართვა. XIV ს. 30-იან წლებში გ. V-მ მთიელთა საქმეებიც მოაწესრიგა და ქართლის მთიანეთის მოსახლეობისათვის შეადგინა სამართლის წიგნი "ძეგლის დადება მეფეთმეფის გიორგის მიერ". მისი ხელმძღვანელობით სახელმწ. მართვა- გამგეობის დარღვეული წესების აღსადგენად შეიქმნა საკანონმდებლო ძეგლი "გარიგება ხელმწიფის კარისა". გ. V-მ აღკვეთა მტრის თარეში, მოსპო "მრავალმეფიანობა", აღადგინა საქართველოს მთლიანობა. ეს იყო დიდი პოლიტ. მონაპოვარი. დადგა მონღოლთა ბატონობისაგან ქვეყნის გათავისუფლების დრო. ყაზან-ყაენის გარდაცვალების (1304) შემდეგ საილხანოში ანარქია სუფევდა. აბუ საიდ-ყაენის (1317–35) შემდეგ ილხანთა სახელმწიფო დაიშალა. 1335 გ. V-მ მონღოლებს ხარკი შეუწყვიტა და მათი დამსჯელი რაზმიც ადვილად უკუაგდო. მონღოლთა ასწლოვან ბატონობას საქართველოში ბოლო მოეღო, თუმცა 1355-მდე საქართველოში მონეტა მაინც ილხანთა სახელით იჭრებოდა (იხ. სტ. გიორგაული თეთრი ). გ. V პარალელურად სხვა ქვეყნებთან დიპლ. მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა. მოაწყო ორი ელჩობა ეგვიპტის სასულთნოში (1316 და 1320). ამის შედეგად ქართველებმა მიიღეს იერუსალიმში თავისუფლად შესვლის უფლება და იერუსალიმსა და სინის მთაზე ქართველთა მონასტრების აღდგენის ნებართვა. გ. V-ს აქტ. კონტაქტები ჰქონდა დას. ევროპასთან: მიმოწერას აწარმოებდა რომის პაპთან, იოანე XXII-თან. ითვალისწინებდა რა საქართველოს როლს მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში, ვატიკანმა კათოლიკეთა საეპისკოპოსო კათედრა სმირნიდან თბილისში გადმოიტანა. კათოლიკეთა ეპისკოპოსად თბილისში იოანე ფლორენციელი დანიშნა, სოხუმში – პეტრე გერალდი. 1332–33 გ. V-ს ესტუმრნენ ფრანცისკელი მისიონერები – რიკარდო მერჩერი (მერსიე) და ალექსანდრე ინგლისელი. დიპლ. ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთის მეფესთან – ფილიპე VI ვალუასთან. საქართვ. სამეფო კარი მზად იყო ფრანგებთან ერთად 30 ათასი მებრძოლით გაელაშქრა სირია-პალესტინაში "წმინდა მიწების" გამოსახსნელად, მაგრამ ეს ლაშქრობა არ განხორციელდა. გ. V-მ სცადა ქართველთა გავლენა აღედგინა ტრაპიზონის სამეფოში და მხარი დაუჭირა ტახტისათვის მებრძოლ ანა ხუტლუს, რმაც ერთხანს დაიკავა კიდეც ტახტი (1341), მაგრამ ეს მდგომარეობა მხოლოდ 1343-მდე გაგრძელდა. სამეფოს გაძლიერებისა და ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურებისათვის შთამომავლობამ გ. V-ს "ბრწყინვალე" უწოდა. წყარო : ჟ ა მ თ ა ა ღ მ წ ე რ ე ლ ი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვ ა ხ უ შ ტ ი, იქვე, ტ. 4, თბ., 1973. ლიტ .: კ ი კ ნ ა ძ ე ვ., საქართველო XIV საუკუნეში, თბ., 1989; ქართული დიპლომატიური ლექსიკონი, ტ. 1, თბ., 1997; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3). შ. ხანთაძე


გიორგი V, იგივე აბაშიძე გიორგი-მალაქია

იმერეთის ფაქტობრივი მეფე 1701–07.




გიორგი V საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

XIV ს. 80–90- იან წლებში, მეფეების – ბაგრატ V-ისა და გიორგი VII-ის თანამედროვე. მოღვაწეობდა თემურლენგის შემოსევების უმძიმეს პერიოდში, როდესაც მტერმა ცეცხლითა და მახვილით გადაუარა მთელ საქართველოს, "...უფროსღა წმინდანი ეკლესიანი და მონასტერნი დააქცინნეს და დაწვეს ცეცხლითა". გ. V 1393 ამტკიცებს გიორგი VII-ის მცხეთისათვის შეწირულების სიგელს. მოიხსენიება აგრეთვე 1398 ერთ-ერთ საბუთში. 1399 კათოლიკოსად უკვე ელიოზი ჩანს. წყარო : ე გ ნ ა ტ ა შ ვ ი ლ ი ბერი, ახალი ქართლის ცხოვრება. მეორე ტექსტი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959. ლიტ .: საქართველოს კათოლიკოსპატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000