გიორგი VI

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი VI მ ც ი რ ე, საქართველოს მეფე 1308–18, დავით VIIIის ძე. ამ პერიოდში, მონღოლთა გამთიშველი პოლიტიკის წყალობით, საქართველოში დამკვიდრდა მრავალმეფობა: 1298 მონღოლებმა დავით VIII-ის საწინააღმდეგოდ გაამეფეს მისი უმცროსი ძმა ვახტანგ III , ხოლო შემდეგ – მისი მეორე ძმა გიორგი V. ვახტანგის გარდაცვალების (1308) შემდეგ მონღოლებმა გაამეფეს გ. VI მცირე, გიორგი V კი მეურვედ დაუნიშნეს. დავით VIII-ის გარდაცვალების (1310) შემდეგ საქართველოში გაჩნდნენ აგრეთვე პროვინციის მეფეები – მელქისედეკი, ანდრონიკე და დიმიტრი. დას. საქართველოში კონსტანტინე მეფობდა. ასეთ ვითარებაში გ. VIის ხელისუფლების განმტკიცების მიზნით 1314 მონღოლებმა იგი ხელმეორედ დასვეს ტახტზე. როგორც ჩანს, 1318-მდე იგი ერთპიროვნული მმართველია. წყარო : ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ჟ ა მ თ ა ა ღ მ წ ე რ ე ლ ი, ასწლოვანი მატიანე, რ. კიკნაძის გამოც., თბ., 1987. ლიტ .: კ ი კ ნ ა ძ ე ვ., საქართველო XIV საუკუნეში, თბ., 1989; კ ლ დ ი ა შ ვ ი ლ ი დ., XIV ს. დამდეგის საქართველოს ისტორიიდან, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1982, #1; ო დ ი შ ე ლ ი ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის (XIV–XVII სს.), კრ.: XIV–XVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., 1964. ჯ. ოდიშელი


გიორგი VI იმერეთის მეფე

(გ. III. 1720), 1703–20 (დროგამოშვებით), ალექსანდრე IV-ის ძე. 1703 ოსმალთა დახმარებით გამეფდა, მაგრამ იმერეთს ფაქტობრივად გიორგი-მალაქია აბაშიძე განაგებდა, რ-იც ქართ. ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული თვალსაზრისით, გიორგი V-დ ითვლება. გ. VI-ს მხარს უჭერდა ქართლის სამეფო სახლი და იმერეთის ფეოდალთა დიდი ნაწილი. 1707 გ. VI-მ დაამარცხა გიორგი-მალაქია 23 აბაშიძე და დროებით განიმტკიცა მეფობა. 1711 იმერელ ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა გ. VI გადააყენა და მამია III გურიელი გაამეფა. გ. VI ქართლში გადავიდა ვახტანგ ბატონიშვილთან (იხ. ვახტანგ VI ), ხოლო შემდეგ – ახალციხეში ფაშისთვის დახმარების სათხოვნელად. 1712 ჩხარის ბრძოლაში გ. VI-მ დაამარცხა მამია III გურიელი და კვლავ გამეფდა, მაგრამ 1713 ურჩმა ფეოდალებმა ისევ მამია გურიელი გაამეფეს. გურიელი მალე გარდაიცვალა (1714) და იგი მისმა შვილმა გიორგიმ შეცვალა. 1714 ოსმალთა დახმარებით გ. VI-მ ისევ დაიბრუნა ტახტი, მაგრამ 1716 ბეჟან დადიანმა და სხვა თავადებმა იგი სვიმონეთის ბრძოლაში ახალციხის ფაშის დახმარებით დაამარცხეს. გ. VI იძულებული გახდა ჯერ ახალციხეში, ხოლო შემდეგ სტამბოლს წასულიყო. 1719 ოსმალთა დახმარებით გ. VI კვლავ გამეფდა. ბეჟან დადიანის, შოშიტა III რაჭის ერისთავისა და ზურაბ აბაშიძის წაქეზებით სიმონ აბაშიძემ გ. VI ნადიმის დროს თავის მსახურებს ვერაგულად მოაკვლევინა. წყარო : ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ქ. ჩხატარაიშვილი