გიორგი V გურიელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურიის მთავარი 1756–58, 1765–71 და 1776–88, გიორგი IV გურიელის ძე. მთავრობდა ოსმალთა ხელშეწყობით. რუს.-ოსმ. 1768–74 ომის დასაწყისში ნეიტრალური პოზიცია დაიკავა; 1771 წ. 3 იანვარს ფოთთან ოსმალთა დამარცხების შემდეგ ჩაება მათ წინააღმდეგ ბრძოლაში. იმავე წლის იანვარში სოლომონ I-მა გურიაში ილაშქრა, გ. V გ. გადააყენა და გურიელად კვლავ მამია IV დასვა. რთული საგარეო ვითარების გამო გ. V გ. იძულებული იყო ორმაგი პოლიტიკა ეწარმოებინა: კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც ოსმალეთთან, ისე იმერეთის სამეფოსა და რუსეთთან. 1784 მარტში ბათუმისკენ სალაშქროდ მიმავალ სოლომონ I-ს თან ახლდა გურიის ლაშქარი. ამ ლაშქრობის შემდეგ გურიის სამთავრომ საბოლოოდ დაკარგა ქობულეთის მხარე. გ. V გ. ცდილობდა რუსეთთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ. 1788 ღრმად მოხუცი გ. V გ. შინაური არეულობის გამო იძულებული გახდა გურიელობა უფროსი ვაჟისთვის, სიმონისთვის დაეთმო. წყარო : ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ლიტ .: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ს ო ს ე ლ ი ა ო., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის », 1954, ნაკვ. 30; ჩ ხ ა ტ ა რ ა ი შ ვ ი ლ ი ქ., გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, თბ., 1985. ქ. ჩხატარაიშვილი.