გიორგი X

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(1560–65 შორის – 1606), ქართლის მეფე 1600–06, სიმონ I-ის ძე. უფლისწულობაში გ. X ოსმალთა წინააღმდეგ ქართლის 1598–99 აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო. 1599 სათავეში ედგა შიდა ქართლის ჯარს და დავალებული ჰქონდა დაეცვა გორი აჯანყების ჩასაქრობად ქართლში შემოსულ ოსმალთა ლაშქრისაგან. ნახიდურის ბრძოლაში (1599) ქართველთა დამარცხებისა და სიმონ I-ის დატყვევების შემდეგ გ. X დაედევნა უკან გაბრუნებულ ოსმალებს, მაგრამ ვერ დაეწია და ქართლში დაბრუნდა. 1601 გ. X-მ ოსმალთაგან გაათავისუფლა ლორე. ირან-ოსმ. 1602–12 ომში გ. X იძულებული იყო ქართლის ლაშქრით ებრძოლა ირანის მხარეზე. 1603–04 მონაწილეობდა ერევნის აღებაში. 1604 აბას I-ის ნებართვით ქართლში დაბრუნდა, რომ სათავეში ჩადგომოდა თბილისსა და ახალციხეში მდგარი ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებას. აბას I-მა გ. X-ს წაართვა ლორე-დებედის ხეობა – საქართვ. უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მხარე სამხრ-ით. გ. X-ის დროს, 1604–05, საფუძველი ჩაეყარა რუსეთისა და ქართლის პოლიტ. ურთიერთობას: მიღწეულ იქნა შეთანხმება, რ-ითაც რუსეთქართლის კავშირი და რუს. მფარველობა უნდა განემტკიცებინა გ. X-ის ასულის ელენესა და თედორე ბორისის ძე გოდუნოვის ქორწინებას, თუმცა რუს. საშინაო მდგომარეობის გაუარესებამ და პოლონეთ- შვედეთის ინტერვენციის დაწყებამ ეს გეგმა ჩაშალა და ორ ქვეყანას შორის დიპლ. ურთიერთობაც შეწყდა. გ. X. დაკრძალულია მცხეთაში. წყარო : ე გ ნ ა ტ ა შ ვ ი ლ ი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ი ს ქ ა ნ დ ე რ მ უ ნ შ ი ს ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1969; Б е л о к у р о в С. А., Сношения России с Кавказом, в. 1 (1578–1613), М., 1889. ვ . გუჩუა.