გიორგობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წმინდა გიორგის დღესასწაული. საეკლ. კალენდრის მიხედვით აღინიშნება 23. IV (6. V) და 10. XI (23. XI). ხალხური გ. სხვადასხვა ადგილას და დროს სხვადასხვა სახელწოდებით იმართება: ქართლში – არბოობა ატოცობა, უსანეთობა

კახეთში

ალავერდობა , თეთრი გიორგობა; სამეგრელოში – ილორობა და სხვ. გადმოცემით, საქართველოში არსებობდა წმ. გიორგის სახ. 363 ტაძარი და სამლოცველო (ლეგენდის მიხედვით, წმ. გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა, ქვეყანაზე მიმოაბნია და ყველგან, სადაც წმ. ნაწილები მოხვდა, სალოცავები დააწესა). მომდევნო ხანაში ამ ღვთაებას ელვისა და ჭექა-ქუხილის გამგებლისა და მსაჯულის ფუნქციაც დაეკისრა, ხოლო იკონოგრაფიულად ცეცხლოვანი ატრიბუტებით აღჭურვილი მეომარი ღვთაების სახით ჩამოყალიბდა. ძველად საქართვ. ცალკეულ კუთხეებში თაყვანს სცემდნენ ამ ღვთაებებს, რ-თაც, მიუხედავად შინაარსობრივი იგივეობისა, სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ და ამა თუ იმ ტერიტ. ერთეულის მფარველებად თვლიდნენ. აღმ. საქართვ. მთაში დღემდე შემორჩა ადგილ. ღვთაებები, რ-თაც, გარდა თავისი სახელისა, გიორგისაც უწოდებენ (ლაშარი, ლომისა, ხახმატი და ა. შ.), ბარში კი ძვ. წარმართული ღვთაება მთლიანად შეცვალა ქრისტ. წმინდა გიორგიმ. კულტმსახურებისას მიღებულია ზვარაკის შეწირვა – კლავენ მამალს, ცხვარს, ხარს. საერთოდ, ყველა დღეობა, მცირეოდენი განსხვავებით, ერთი პრინციპით სრულდებოდა, მაგ., კახეთში, 14 აგვ. იმართებოდა აწყურის თეთრი გიორგის დღეობა: ხალხი სამგზის ან შვიდგზის შემოუვლიდა გალავანს, გუნდი დიდებას გალობდა. ეკლესიის ეზოში ცეკვავდნენ თეთრად მორთული "ხატის მონები". ზოგი მლოცველი, ხატის უღლითა და მძიმე ჯაჭვით დატვირთული, ჩოქვით შემოუვლიდა ტაძარს და კედლებზე ანთებულ სანთელს აკრავდა. კარის ზღურბლზე წვებოდა "ხატის მონა", რ-საც ყველა შემსვლელი ფეხს ადგამდა. წირვის შემდეგ იკვლებოდა შეწირული საქონელი, ფრინველი; იმართებოდა პურობა, რ-იც ხშირად რამდენიმე დღე გრძელდებოდა. სამეგრელოში, სუჯუნის ტაძარში, 23 აპრ. ღამეს ათევინებდნენ საპატიო კაცს, რ-იც მეორე დილით წმინდანის "ნებას" აცნობდა ტაძართან შეკრებილ მორწმუნეებს.

ლიტ .: ბ ა რ დ ა ვ ე ლ ი ძ ე ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. 1 – ფშავი, თბ., 1974; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1); Ч у р с и н Г. Ф., Народные обычаи и верования Кахетии, Тфл., 1905. ი. კ. სურგულაძე.