გიორგწმინდის არქეოლოგიური ძეგლები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სხვადასხვა დროის ძეგლები სოფ. გიორგწმინდის (დუშეთის მუნიციპალიტეტი) მიდამოებში. სოფლის სამხრ.-აღმ-ით, მდ. გიორგწმინდისწყლის მარჯვ. ნაპირზე, ადგილ ნასისხლართან მდებარეობს ძვ. წ. III ათასწლ. I ნახ. ნამოსახლარი. გამოვლენილია 2 კულტ. ფენა. მოპოვებულია კერამ. ნაწარმის ფრაგმენტები და ცხოველთა ძვლების ნაშთები. სოფლის სამხრ.-აღმ-ით, მდ. არღუნისა და გიორგწმინდისწყლის შესართავთან, ციხეთგორად წოდებულ ადგილზე, გამოვლენილია ძვ. წ. III ათასწლ. შუა ხანის სამაროვანი. გათხრილია (ხელმძღვ. რ. რამიშვილი) ორ- და სამიარუსიანი ქვის მშრალი წყობით ნაგები ინდივიდ. და კოლექტიური სამარხები. მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ თიხის ჭურჭელი, ლითონის, ძვლის, სარდიონისა და მინისებური პასტის ნაკეთობანი. აღმოჩენილი მასალა ახლოს დგას საქართვ. ტერიტ-ზე გათხრილ მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლებთან (სამშვილდე,ამირანის გორა ), აგრეთვე ჩრდ. ოსეთში, ჩაჩნეთსა და ინგუშეთში მოპოვებულ მასალასთან. სოფ. გიორგწმინდის მოპირდაპირე ქედზე მდებარეობს გვიანდ. შუა საუკ., ფიქლის მშრალი წყობით ნაგები 2 მიწისზედა აკლდამა და 1 აკლდამის ნაშთი. სოფლის სამხრ.-აღმ-ით, მდ. არღუნისა და გიორგწმინდისწყლის შესართავთან ე. წ. "ქავის გორაზე" მდებარეობს განვითარებული შუა საუკ. საგინას ციხე. შემორჩენილია ოთხკუთხა კოშკის ნაშთი, რ-ის გარშემო ნასახლარია. სოფლის ახლოს, ციხეთგორის ქედზე, არის გვიანდ. შუა საუკ. ხატი, ე. წ. "შარის ყარაული". იგი ქვის მშრალი წყობით ნაგები საზარე კოშკია, რ-საც საფეხურებიანი გადახურვა აქვს.

ლიტ .: ბ ა რ დ ა ვ ე ლ ი ძ ე ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. 2, თბ., 1982; Р а м и ш в и л и Р. М., Д ж о р б е н а д з е В. А., М а р г в е л а ш в и л и М. Г., Работы Жинвальской комплексной экспедиции, წგ.: Археологические открытия 1985 года, М., 1987. გ. გოგოჭური