გირჩა სოკო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გირჩა სოკო.

[Strobilomyces floccopus (fr.) Karst],ქუდიანი სოკო. ბოლოტუსისებრთა ოჯახისა, ქუდის (დიამეტრი 4–10 სმ ) ბალიშისებრი ზედაპირი დაფარულია კრამიტისებურად გაწყობილი მსხვილი კონუსისებრი ქერცლებით, წააგავს წიწვოვანთა გირჩას და მონაცრისფრო-მოყავისფროა. ქუდის ქვედა მხარეს ჰიმენოფორი მილისებრია, ფორები კუთხოვანია, მოთეთრო-მონაცრისფრო, ფეხის სიგრძე 10–15 სმ , სისქე 1–2 სმ აღწევს, ნაცრისფერი ან შავია. ფეხზე აქვს მოთეთრო, ცილინდრული საყელო, რ-ის ქვემოთ ფეხის ზედაპირი დაფარულია ფიფქოვანი ქერცლით. რბილობი თავდაპირველად თეთრია, შემდეგ წითლდება და ბოლოს შავდება. იზრდება ერთეულებად ნესტიან წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში, განსაკუთრებით წიფლნარში კარბონატულ ნიადაგზე ზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით. საქართველოში გვხვდება ყველგან. საჭმელად ვარგისია. ა. ჯორჯაძე.