გიში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახლანდ. დაბა ქ ი შ ი, შაქის რ-ნი, აზერბ. რესპ.), წუქეთის საერისთავოს ცენტრი. ფეოდალური საგვარეულოს – გიშელთა, იგივე გრიგოლისძეთა რეზიდენცია. მდებარეობდა გიშისწყალზე (ახლანდ. მდ. ქიშჩაი, აზერბ. რესპ.). იქვე იყო საეპისკოპოსო კათედრალი (იხ. სტ. გიშის საეპისკოპოსო ). ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ცნობით, "...გიში არს მთის ძირს, რომელი იყო საერისთო წუქეთისა, და ეკლესია დიდი, გუნბათიანი, და იჯდაცა ეპისკოპოზი მწყემსი ელისენისა, წუქეთისა და შაკიხისა...". გ. პირველად XII ს-ში იხსენიება, თუმცა გაცილებით ძვ. პუნქტი უნდა იყოს. ვარაუდობენ, რომ იგი "ეპისტოლეთა წიგნის" ქართ. საეპისკოპოსოთა ნუსხებში (VI ს.) იხსენიება. "განგება დარბაზობისას" (XIII ს.) მიხედვით აღმ. საქართვ. ეპისკოპოსთა შორის გიშელი რიგით 35-ე იყო. XVI ს-ში გ. ელისუს სასულთნოს შემადგენლობაში შევიდა. გ-ში შემონახულია ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – ღვთისმშობლის გუმბათიანი ეკლესია. შირიმის კვადრებით ნაგებ კუპელ- ჰალეს (ერთნავიანი ეკლესია, რ-შიც გუმბათი ეყრდნობა სიგრძივი კედლებიდან გამოშვერილ და არა ცალკე მდგომ ბურჯებს) ტიპის შენობას აღმ-ით შვერილი ნახევრადწრიული აფსიდი აქვს. ინტერიერში აფსიდის ჩრდ. და სამხრ. კედლების წინ 2-თაღოვანი საფეხურის მეშვეობით გამოყოფილია გუმბათქვეშა კვადრატი. გუმბათის ყელი მრგვალია. მიუხედავად იმისა, რომ იგი გადაკეთებული და შელესილია, შეინიშნება ძვ., X–XI სს. ეკლესიის კვალი (დეკორ. ლილვები გუმბათქვეშა თაღებთან, შიგა გუმბათქვეშა კარნიზის თაროს ქვეშ და სხვ.). არსებობს მოსაზრება, რომ ეს ეკლესია არ შეესაბამება ნახსენებ საეპისკოპოსო ცენტრს და იგი ადრეულ საუკუნეებშივე გადაიტანეს ქ. შაქსა თუ საინგილოში, ახლანდ. აზერბ. რესპ. კახის რ-ნის სოფ. ლეკითის (ძვ. ლექრთის) მიდამოებში. XIX ს. 50–60-იან წლებში ეკლესია ღვთისმსახურებისათვის გარხელმეორედ გამოიყენეს პასკევიჩის ბრძანებით გადმოსახლებულმა (XIX ს. 20–30-იან წლები) სომხებმა.

წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ .: მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. 2, თბ., 1980; Ч у б и н а ш в и л и Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959. გ. მარჯანიშვილი. დ. მუსხელიშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გიში&oldid=388-დან“