გლდანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გლდანი, სოფელი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გლდანი-ნაძალადევის რ-ნი). მდებარეობს საგურამოს ქედის სამხრ. კალთის ძირას, მდ. გლდანისხევის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) ნაპირზე, თბილისი– თიანეთის საავტ. გზაზე. ზ. დ. 560 მ . 1987 სოფელში, ღრმა ხევზე, აშენდა 549 მ სიგრძის ესტაესტაკადა (თბილისის შემოსავლელი გზა), რ-იც კახეთის გზატკეცილს აკავშირებს მცხეთისაკენ მიმავალ გზასთან. გ-ის ტერიტორიაზე, შემთხვევითი არქეოლ. აღმოჩენების მიხედვით, ადამიანის ცხოვრების კვალი შორეულ წარსულში დასტურდება. წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება XIII ს-ში ბასილი ეზოსმოძღვრის თხზულებაში "ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი". გრდანის, გრდანისხევის, გლდანის სახელწოდებით საისტ. წყაროებში მოხსენიებული ეს "ქუეყანა" მოიცავდა ვრცელ ტერიტორიას: აღმით – ერწოს მთამდე, სამხრ-ით – ხევძმარ-ლილო-მარტყოფამდე, ჩრდ-ით – იალნოს მთამდე, დას-ით – ვანკოდა-ლეკუთხევამდე. ძველად გ-ში შემავალი ვანკოდა მძორეთჭოპორტიდან ნორიას სახნავებამდე და ავჭალა-მტკვრამდე აღწევდა. IV ს-ში გ. შედიოდა კუხეთში, რ-ის ცენტრი რუსთავი იყო, შემდეგ – ქართლის სამეფოში შემავალ კახეთ-კუხეთის საუფლისწულოში. ვახტანგ გორგასლის დროიდან (V ს.) გ. საეკლ.-ადმ. დანაწილებით, რუსთველის სამწყსოს ეკუთვნოდა, თუმცა მას ზოგჯერ იქვემდებარებდნენ აღმ. საქართველოს კათოლიკოსი და თბილ. მიტროპოლიტი. VII ს-ში გ. არაბებმა დაიპყრეს და შემდეგ თბილ. საამიროში გააერთიანეს. X ს-ში აოხრებული გ. კახეთის სამეფოში გაერთიანდა. თამარის მეფობისას იგი აღორძინდა, მაგრამ ხვარაზმელების, მონღოლებისა და თემურლენგის ლაშქრობებისას კვლავ გაჩანაგდა. მოგვიანებით, XVII–XVIII სს-ში, გ-ში ცხოვრება გაუმჯობესდა, რასაც ხელი შეუწყვეს ადგილ. თავადებმა – ჯანდიერებმა. გ-ის ნაწილი სადედოფლო საკუთრება იყო, ნაწილი – რუსთველისა და მცხეთის კათოლიკოსისა. სამხ. დანაყოფების მიხედვით, გ. შედიოდა კახეთის სამეფოს მემარცხენე სასარდლოს რუსთველის სადროშოს, ე. წ. "ნაპირის სოფლების ლაშქარში". XVIII ს. II მეოთხედში ("ოსმალობისა" და "ყიზილბაშობის" დრო) გ. გავერანდა. ქართლ-კახეთის გაერთ. სამეფოს პერიოდში ზემო და ქვემო გ-ის მოსახლეობის ძირითად ბირთვს ქართვ. მთიელები შეადგენდნენ. XIX ს-ში ორივე სოფელი თბილ. მაზრაში გაერთიანდა და ხალხიც თანდათან ჩამოსახლდა საქართვ. სხვადასხვა კუთხიდან: რაჭიდან, იმერეთიდან, სამცხიდან, აგრეთვე ყირიმიდან (სომხები). 1897 წ. 19 იანვ. ექიმ ვაწაძის მამულში გაიხსნა სამონასტრო სკოლა, რ-შიც 32 ბავშვი სწავლობდა. XX ს. 40-იანი წლებიდან დაიწყო გლდანელების მასობრივი დასახლება რიყიანის უბანში, რ-იც 1979 თბილისს შეუერთდა. სოფლის სამხრ. განაპირას, სასაფლაოზე, დგას ღვთისმშობლის VIII–IX სს. დარბაზული ეკლესია, ხოლო ჩრდილოეთით მდებარე სასაფლაოზე – IX–X სს. გრიგოლ ღვთისმეტყველის სამეკლესიიანი ბაზილიკა. ნაგებობის ძირითადი ნაწილია მაღალი წაგრძელებული დარბაზი, რ-ის აფსიდი კარით უკავშირდება გეგმით მართკუთხა სამკვეთლოს. როგორც ჩანს, სამხრ-ით ფასადს მთელ სიგრძეზე სტოა გასდევდა. მოგვიანებით სამკვეთლოსათვის დას. მხრიდან მიუშენებიათ დამატებითი სათავსი. ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვითა და დუღაბის სქელი ხსნარით. ფასადები სადაა, მხოლოდ საკურთხევლის სარკმლის თავზეა ამოკვეთილი წრეში ჩაწერილი ტოლმკლავიანი განედლებული ჯვარი. შიგნით ეკლესიის გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრების 2 წყვილით. კედლები გაფორმებულია კამარის საფუძველთან გაყოლებული ბრტყელი თაღების მწკრივით. ეკლესია მოქმედია.

ლიტ .: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990; ხ ა რ ა ძ ე კ., გლდანი, თბ., 1977; Ш м е р л и н г Р., Д о л и д з е В., Б а р н а в е л и Т., Окрестности Тбилиси, Тб., 1960. ვ. დოლიძე. დ. სვანიძე. ფ. სიხარულიძე.