გლედიჩია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გლედიჩია. სამეკალა გლედიჩია (Gleditsia triacanthos). ყლორტი ნაყოფით.
გლედიჩია. კასპიური გლედიჩია (Gleditsia caspia). ყლორტი.

(Gleditsia),ფოთოლმცვივანი ხეების გვარი ცეზალპინიასებრთა ოჯახისა. გვარში 12 სახეობაა, რ-ებიც გავრცელებულია აზიაში, ჩრდ. და სამხრ. ამერიკაში, ტროპ. აფრიკაში. საქართველოში გ. ბუნებრივად არ იზრდება. ჩვენში ხელოვნურად გავრცელებულია ჩრდ. ამერ. სახეობა – ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი ანუ ს ა მ ე კ ა ლ ა გ. (G. triacanthos),ნაკლებად – კ ა ს პ ი უ რ ი გ. (G. caspia). სამეკალა გ. სწორტანიანი, ფართოდ გადაშლილვარჯიანი ხეა. მისი სიმაღლე 40–45 მ აღწევს. ღერო და ტოტები დაფარულია მარტივი და დატოტვილი მაგარი ხშირი ეკლებით. აქვს ფრთართული ფოთლები და დამოკლებულ მტევნებად შეკრებილი პატარა, მომწვანო ყვავილები. არის გვალვაგამძლე, სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარე. იტანს ნიადაგის სუსტ დამლაშებას. იზრდება სწრაფად. იყენებენ ცოცხალ ღობედ, მინდორსაცავი ტყის ზოლების გასაშენებლად და სხვ. მერქნისაგან აკეთებენ სხვადასხვა ნაკეთობას. თაფლოვანია.