გლიპტიკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბერძნ. glyptikē<glyphō - ამოვკვეთ, ამოვტეხ), დეკორატიულგამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთი სახე; ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვებზე გამოსახულების ამოჭრის ხელოვნება. ამოკვეთილგამოსახულებიან ქვას გ ე მ ა ეწოდება. გემას, რ-ზედაც გამოსახულება სიღრმეშია ამოჭრილი, ი ნ ტ ა ლ ი ო ჰქვია, რ ე ლ ი ე ფ უ რ გ ა მ ო ს ა ხ უ ლ ე ბ ი ა ნ ს კი – კ ა მ ე ა. გემას უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკაულად, ავგაროზად, საბეჭდავად. აკეთებდნენ რბილი (სტეატიდი, ჰემატიტი, სერპენტინი) ან მაგარი (სარდიონი, აქატი, ქალცედონი) ქვისაგან ხელით ან მბრუნავსაჭრისებიან მარტივ დაზგაზე. გ. ძვ. წ. IV ათასწლეულში ჩაისახა მესოპოტამიასა და ეგვიპტეში.

გლიპტიკა. 1 – გემა კარპაკისა და ზევახის გამოსახულებით. I–II სს. არმაზისხევი; 2 – გემა ასპარუგ პიტიახშის გამოსახულებით. I–II სს. არმაზისხევი; 3 – გიორგი III-ის ბეჭედი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი აღმოჩენილი გლიპტიკური ძეგლების უძველესი ნიმუშები (მცხეთა, ვაჩნაძიანი) ძვ. წ. II ათასწლეულის წინააზიური ცილინდრული საბეჭდავებია. ამავე პერიოდში იწყება საბეჭდავთა ადგილ. წარმოებაც. ძვ. წ. XIV–VII სს- ში მზადდებოდა თიხის დიდი ზომის წრიული, ოვალური, სწორკუთხა, მაღალსახელურიანი ტლანქი საბეჭდავები, რ-ებზედაც ამოკვეთილი იყო პრიმიტიულად შესრულებული გამოსახულებები – მეანდრი, სპირალი, სვასტიკა, კონცენტრული წრეები (ხოვლე, გუდაბერტყა, ყათლანიხევი, სამადლო, ჭოგნარი, ძევრი, შირაქი). ძვ. წ. IX–VI სს-ში გავრცელდა სხვადასხვა ფორმის დიდი ზომის ქვის (ქვიშაქვა, სტეატიტი, მარმარილო) საბეჭდავები. მათზე გამოსახულია ცხოველები, ფრინველები, ადამიანის ფიგურები (ხოვლე, ურბნისი, მცხეთა, ნატანები, ბორი). ძვ. წ. V–III სს- ში გვხვდება ლითონისაგან (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) დამზადებული თითზე სატარებელი ფარაკიანი საბეჭდავი ბეჭდები. ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე (საძეგური, ყანჩაეთი, კამარახევი, ალგეთი, ღრმახევისთავი, ყოღოთი, აბელია, ტახტიძირი) აღმოჩენილი ბეჭდები ძირითადად ადგილობრივია. კოლხეთში (ვანი, ქობულეთფიჭვნარი, გუადიხუ, ეშერა, დაფნარი) ნაპოვნ ნივთთაგან ჭარბობს ბერძნ. სახელოსნოებში ნაკეთები ბეჭდები. ადგილობრივ ნახელავში (დაბლაგომი, ვანი, თაგილონი) შეიმჩნევა ბერძნ. კლასიკური ხელოვნებისადმი სწრაფვა. საქართველოში აღმოჩენილ ელინისტური ხანის მცირერიცხოვან გლიპტიკურ ძეგლებს შორის მნიშვნელოვანია პტოლემაიოსების ეგვიპტის ორი დედოფლის – ბერენიკა II-ის (ძვ. წ. IV ს. ფარაკიანი ბეჭედი, ქობულეთფიჭვნარი) და არსინოა II-ის (ძვ. წ. 316–270 გრანატის ინტალიო, "დედოფლის გორა") შესანიშნავი პორტრეტული გამოსახულებებით. ძვ. წ. ბოლო საუკუნეების საქართვ. გლიპტიკური ძეგლები გამოირჩევა ფორმისა და შინაარსის მრავალფეროვნებით. ნახელავი ძირითადად ადგილობრივია. დიდი ზომის სამკუთხა და მართკუთხა ფორმის ბრინჯაოს საბეჭდავებზე, ცხოველთა გამოსახულებებია ამოკვეთილი (როქი, ურბნისი წაღვლი, თეთრი წყარო, მონასტერი, სამთავისი, ვაჩნაძიანი, საირხე). გვხვდება მინისა და ქვის ს კ ა რ ა ბ ე ო ი დ ე ბ ი (სანთა, სამთავრო) და ლურჯი, გაუმჭვირი მინის ჩამოსხმული მრავალწახნაგები. ძირითადად ძვ. წ. II–I სს. არქეოლ. კომპლექსებში აღმოჩენილი სერიული ნაწარმი მოწმობს, რომ მათ ავგაროზისა და სამკაულის დანიშნულება ჰქონდა. ძვ. წ. მიწურულსა და განსაკუთრებით, ახ. წ. I ს-იდან საქართველოში (სამთავრო, არმაზისხევი, ბაგინეთი, ზღუდერი, ურბნისი, ბორი, ჟინვალი, კლდეეთი, მოდინახე, აღაიანი, მაგრანეთი, ფიჭვნარი, კახეთის ახალდაბა), გავრცელდა მინერალისა (სარდიონი, ამეთვისტო, გრანატი, ქალცედონი, აქატი და სხვ.) და მინის რომაული გემები, რ-ებითაც ძირითადად ამკობდნენ ბეჭდებს, მედალიონებს, საყურეებს, სამაჯურებს, ქამრის ბალთებს. მ. შ. მაღალმხატვრული ნიმუშები: პრაზემის ინტალიო, რ-ზედაც გამოსახულია ალექსანდრე მაკედონელის იდეალიზებული პორტრეტი ოსტატ პლატონის ხელმოწერით (არმაზისხევი); მაღალი რელიეფით, თითქმის სკულპტურულად შესრულებული გრანატის კამეა ალექსანდრე მაკედონელის პორტრეტით (მცხეთა); მთის ინტალიო იმპ. ლუციუს სევერუსის (161– 169) შესანიშნავი რეალისტური პორტრეტით (ციხისძირი); ამეთვისტოს ინტალიო იმპ. კარაკალის (211–217) ექსპრესიული პორტრეტით (ურბნისი); ამეთვისტოს ინტალიო, რ-ზედაც არიადნეს ბიუსტია გამოსახული (წილკანი) და სხვ. მეცნიერთა ვარაუდით, ამ პერიოდში, მცხეთაში იყო გემები: ასპარუგის საბეჭდავი ბეჭედი, სარდიონზე ამოჭრილი მისი პორტრეტითა და წარწერით; გრანატის ინტალიო ქართლის ერისთავის ზევახისა და მისი მეუღლის კარპაკის პორტრეტებით (არმაზისხევი) და სხვ.

V ს. II ნახევარში ინტენსიურად გავრცელდა სასანური ირანის გლიპტიკური ნაწარმი, ე. წ. "სასანური მონოგრამები" და სხვ. (სამთავრო, არმაზისხევი, ურბნისი, ალევი, მაგრანეთი, კარსნისხევი, ჯინისი, კორბოული, თელოვანი, კაჭრეთი, რუსთავი). აღმოჩენილია VI–VII სს. ბიზანტ. გ-ის რამდენიმე ნიმუშიც (სამთავრო, თიანეთის სიონი, მაგრანეთი). XI–XIII სს-ში გავრცელებულია ძირითადად ადგილ. წარმოების ლითონის საბეჭდავები, იშვიათად – თვლიანი ბეჭდები სხვადასხვა მარტივი სახეებით: რომბი, რომბში ჩასმული წრე, ჯვარი და ექსსხვ. (თიანეთის სიონი, დმანისი, უჯარმა). ამავე ხანებში ბეჭდებზე გაჩნდა ასომთავრული წარწერები. ევროპის აღორძინების ხანისა და XVII–XIX სს. კლასიციზმის ეპოქის გლიპტიკურ ხელოვნებას საქართვ. გლიპტიკურ ძეგლებზე გავლენა არ მოუხდენია. გვიანდ. შუა საუკუნეებში საქართველოში გავრცელებული იყო სხვადასხვა ფორმის საბეჭდავები: ქვის (ძირითადად სარდიონის) ინტალიოები (კათოლიკოს დომენტი II-ის საბეჭდავი, XVII ს.), უმეტესად ასომთავრული ან მხედრული წარწერებით (გიორგი XII-ის საბეჭდავი). აღსანიშნავია კათოლიკოს ანტონ I-ის ვერცხლის საბეჭდავი (XVIII ს. I ნახ.), რ-ის პირამიდული ფორმა მოფიქრებულია როგორც სტილიზებული ყვავილი. ზურმუხტზე შესრულებული ასომთავრული წარწერა ასოთა უზადო მოხაზულობითა და ოსტატური შეჯგუფებით დიდ მხატვრულ ეფექტს აღწევს. XIX ს. საბეჭდავთაგან აღსანიშნავია გიორგი XII-ის შვილის, ბატონიშვილ დავითის (1767–1819 წწ.) ლოტოსის ყვავილის მოყვანილობის ლითონის მოხდენილი საბეჭდავი ასომთავრული წარწერით "დვთ" და ვერცხლის კონუსისებრი საბეჭდავი ივანეს (ი. ჯავახიშვილის პაპა) მხედრული წარწერით "ივ. ჯ ხ.".

ლიტ .: ბ ა რ ნ ა ვ ე ლ ი ს., საქართველოს საბეჭდავები და სხვა გლიპტიკური მასალები, თბ., 1965; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე მ., საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გემები, [წგ.] 1–4, თბ., 1954–67; მ ი ს ი ვ ე, ძველი საქართველოს გლიპტიკური ძეგლების კორპუსი, თბ., 1969; მ ი ს ი ვ ე, კოლხეთის ძველი წელთაღრიცხვის V–III სს. საბეჭდავი ბეჭდები, თბ., 1975; მ ი ს ი ვ ე, უძველესი საბეჭდავი ბეჭდები იბერიიდან და კოლხეთიდან, თბ., 1981; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ქ., ურბნისის ნაქალაქარის გლიპტიკური ძეგლები (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გემები, V), თბ., 1972; М а к с и м о в а М. И., Геммы из некрополя Мцхеты-Самтавро, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1950, ტ. 16 B. ქ. ჯავახიშვილი.