გლუნჩაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვ. გ ლ უ ნ ჩ ა ძ ე. მალხაზი, ზ. ფალიაშვილის ოპერა "დაისი".

ვახტანგ სამსონის ძე (23. VI. 1925, თბილისი, – 2. I. 2006, იქვე), მომღერალი (ტენორი). საქართვ. დამს. არტისტი (1967). ქართ. საოპერო ხელოვნებაში მოვიდა მხატვრული თვითმოქმედებიდან. 1953–60 მღეროდა თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდში. 1960–70 იყო ამავე თეატრის სოლისტი, ხოლო 1970–77 – ქუთ. საოპერო თეატრის წამყვანი სოლისტი. წარმატებით ასრულებდა ტენორის მთ. პარტიებს ზ. ფალიაშვილის ("დაისი" და "აბესალომ და ეთერი"), ო. თაქთაქიშვილის ("მინდია", "სამი ნოველა"), ს. ცინცაძის ("განდეგილი"), ა. კერესელიძის ("ბაში-აჩუკი"), ჟ. ბიზეს ("კარმენი", "მარგალიტის მაძიებლები"), ჯ. ვერდის ("ტრუბადური"), ჯ. პუჩინის ("ტოსკა"), პ. მასკანის ("სოფლური ღირსება"), გ. დონიცეტის ("ლუჩია დი ლამერმური"), მ. გლინკას ("რუსლან და ლიუდმილა"), ს. რახმანინოვის ("ალეკო") და სხვა კომპოზიტორთა ოპერებში. ასრულებდა ქართვ. კომპოზიტორთა რომანსებსა სიმღერებს.






გლუნჩაძე

გ ლ უ ნ ჩ ა ძ ე. ტატიანა, პ. ჩაიკოვსკის ოპერა "ევგენი ონეგინი".

ნაირა ვახტანგის ასული (დ. 30. III. 1955, თბილისი), მომღერალი (სოპრანო). ტულუზის (საფრანგეთი) საერთაშ. კონკურსის დიპლომანტი (1987), ბუსეტოს (იტალია) "ვერდის ხმების" საერთაშ. კონკურსის ლაურეატი (1992, I პრემია). 1981 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. გ. ქართველიშვილის კლასი). ამავე წელს ჩაირიცხა ზ. ფალიაშვილის სახ. თბილ. ოპერისა და ბალეტის ეროვნ. თეატრის დასში და გახდა წამყვანი სოლისტი. ასრულებდა ქართ. და უცხ. ოპერების მთ. პარტიებს: მარო და მარიხი (ზ. ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ვიოლეტა და დეზდემონა (ჯ. ვერდის "ტრავიატა", "ოტელო"), ცერლინა (ვ. ა. მოცარტის "დონ ჟუანი"), მარგარიტა (შ. გუნოს "ფაუსტი"), ტატიანა (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ალინა (გ. დონიცეტის "სიყვარულის ნექტარი"), მიმი და ლაურეტა (ჯ. პუჩინის "ბოჰემა", "ჯანი სკიკი"), ლეილა (ჟ. ბიზეს "მარგალიტის მაძიებლები"), ლუიზა და პრინცესა ნინეტა (ს. პროკოფიევის "დუენია", "სამი ფორთოხლის სიყვარული") და სხვ. გ-ის შესრულებისათვის დამახასიათებელია ნატიფი ლირიზმი, დახვეწილი გამომსახველობითი საშუალებები. ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას კამერული რეპერტუარით. გასტროლები გამართა საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში (საფრანგეთი, ავსტრია, გერმანია, იტალია, შვეიცარია). 1992-იდან მოღვაწეობს გერმანიაში.