გნოსეოლოგია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბერძნ. gnōsis – ცოდნა და logos – მოძღვრება), ფილოსოფიის ნაწილი, რ-იც შეისწავლის შემეცნების პროცესის კანონზომიერებებს, არკვევს, რა არის ჭეშმარიტება და როგორ შეიმეცნება იგი, როგორია სუბიექტისა და ობიექტის მიმართება შემეცნების პროცესში და, საერთოდ, შესაძლებელია თუ არა შემეცნება. ონტოლოგიასთან ერთად იგი შეადგენს თეორიულ ფილოსოფიას .

XVII–XVIII სს-ში გ-ს მიიჩნევდნენ კვლევის სპეციალურ ფილოსოფიურ დარგად, ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდნენ: ინგლ. ფილოსოფოსი ჯ. ლოკი (1632– 1704), რ-მაც ემპირისტული გ-ის პრინციპების საფუძველზე უარყო თანდაყოლილი იდეების არსებობა და მთელი საკაცობრიო ცოდნა ცდისეულად გამოაცხადა; ი. კანტი , რ-მაც რეალობა, როგორც თავისთავადი ნივთის სამყარო თვით შემეცნებისაგან დამოუკიდებლად გამოაცხადა (ობიექტი, მისი აზრით, არსებობს მხოლოდ სუბიექტის მოღვაწეობის ფორმებში). გ-ს ხშირად აიგივებენ ე პ ი ს ტ ე მ ო ლ ო გ ი ა ს თ ა ნ (ბერძნ. epistēmē – მეცნიერული ცოდნა და logos – მოძღვრება), რაც ზუსტი არ ტოარის, რადგან გ-ის ცნება გამოიყენება როგორც შემეცნების პროცესის, ასევე საერთოდ ცოდნის კანონზომიერებათა შემსწავლელი მეცნიერების აღსანიშნავად, ხოლო ეპისტემოლოგია მოძღვრებაა მხოლოდ მეცნიერული ცოდნის შესახებ. მათი გაიგივების, უფრო სწორად, ეპისტემოლოგიაზე შემეცნების თეორიის დაყვანის მცდელობა თვალსაჩინოა უახლეს ქართულ ფილოსოფიურ ლიტ-რაში (ვ. რამიშვილი).

შემეცნების შესაძლებლობის უარმყოფელ თეორიას ა გ ნ ო ს ტ ი ც ი ზ მ ი ეწოდება, ხოლო იმ ფილოს. მიმდინარეობას, რ-იც არც ამტკიცებს და არც უარყოფს შემეცნების შესაძლებლობას, არამედ ასაბუთებს, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარე მიზანს ვერასდროს მიაღწევს – ს კ ე პ ტ ი ც ი ზ მ ი.

ერთმანეთისგან განსხვავდება გრძნობადი, ანუ ემპირიული, და რაციონალური, ანუ ლოგიკური, შემეცნება. ემპირიული შემეცნების ფორმებია: შეგრძნება, აღქმა და წარმოდგენა, ხოლო რაციონალური შემეცნებისა – ცნება, მსჯელობა და დასკვნა. მათთან მჭიდროდაა დაკავშირებული ინტუიციური შემეცნება – რაიმეს უეცარი მიხვედრა, ჭეშმარიტების ერთგვარად მოულოდნელი გაცხადება. არსებობს ინტუიციის სხვადასხვა ფორმა (გრძნობადი, ინტელექტუალური, მხატვრული, რელიგიური და სხვ.). მათგან შემეცნების პროცესში უპირატესად მონაწილეობს მხოლოდ ინტელექტუალური ინტუიცია. თუმცა ინტუიციური შეიძლება იყოს მხოლოდ შემეცნება და არა ცოდნა, როგორც შემეცნების პროდუქტი – ინტუიციურად შეცნობილი მხოლოდ ლოგიკური დასაბუთების შემდეგ მიიღებს ცოდნის ხასიათს. ნებისმიერი შემეცნების მიზანი არის ჭეშმარიტების აღმოჩენა. ჭეშმარიტება არის სინამდვილის სწორი, ადეკვატური ასახვა. მისი საპირისპიროა შეცდომა, რ-იც სინამდვილეს წარმოსახავს მცდარად. როცა ამტკიცებენ ჭეშმარიტების ობიექტურობას, ეს ნიშნავს, რომ იგი არ ექვემდებარება სუბიექტურ თვითნებობას. ამავე დროს იგი რელატიური, ანუ ფარდობითია. ამის გაცნობიერება შესაძლებლობას იძლევა შეცდომების პერმანენტული გამორიცხვის გზით უზრუნველვყოთ შემეცნების პროცესის სრულყოფა გ. ასაბუთებს შემეცნების სამი ურთიერთდაკავშირებული ფორმის არსებობას: მეცნიერებამდელი, ანუ წარმოდგენებით აზროვნება, კონკრეტული-ცნებისეული, ანუ მეცნ. შემეცნება, და ფილოსოფიური შემეცნება, რ-იც ხორციელდება უზოგადესი ანუ ფილოს. ცნებების – კატეგორიების მეშვეობით. ხშირად გ-ზე დაჰყავდათ მთელი ფილოს. თეორია. ეს არასწორი ტენდენცია განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც ახალწარმოშობილმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებმა თითქოს კვლევის ობიექტებად დაინაწილეს ყოფიერების სფერო და, ამდენად, ონტოლოგია ზედმეტად აქციეს.

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი გ-ის აქტუალური პრობლემები ყოველთვის იყო ქართვ. ფილოსოფოსების ყურადღების ცენტრში. შემეცნების თეორიის ცალკეულ საკითხებს ვხვდებით იოანე პეტრიწის , ს.-ს. ორბელიანის , ანტონ I-ის , ი. ხელაშვილის , იოანე ბატონიშვილის , ს. დოდაშვილისა და სხვ. ქართვ. მოაზროვნეთა თხზულებებში. კერძოდ, შ. ნუცუბიძემ ბ. ბოლცანოს ონტოლოგიური ჭეშმარიტების თეორიის საფუძველზე შეიმუშავა ორიგინ. გნოსეოლოგიური მოძღვრება – ა ლ ე თ ო ლ ო გ ი ა. მაგრამ ამ მოძღვრების დედაარსი მდგომარეობს არა აზროვნებისა და შემმეცნებელი სუბიექტისაგან ჭეშმარიტების აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახით არსებობის დაშვებაში, არამედ იმის დასაბუთებაში, რომ ჭეშმარიტება არის ფსიქოლოგისტური და ანთროპოლოგისტური დანაშრევებისაგან თავისუფალი ფენომენი. ამ სახით შ. ნუცუბიძის შეხედულება თითქოს ეხმიანება და ერთგვარად წინ უსწრებს კ. პოპერის საინტერესო თეორიას ცოდნის ონტოლოგიური ბუნების შესახებ. პოპერის მიხედვით, შემმეცნებელი სუბიექტის მიერ მოპოვებული ცოდნა მისი ავტორის (შემეცნების სუბიექტის) ცნობიერებასთან ერთად, როგორადაც იგი ფიქსირდება წიგნებსა და ჟურნალებში, ცოდნას წარმოადგენს იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას არავის ცნობიერება არ ითვისებს.

ფილოსოფიის გ-ზე დაყვანის ტენდენციას, რ-იც ჯ. ლოკის, ი. კანტისა და ნეოკანტიანელებისაგან მომდინარეობდა, ეხმაურებოდნენ ქართვ. ფილოსოფოსებიც, კერძოდ, კ. ბაქრაძეს მიაჩნდა, რომ ფილოსოფია არსებითად გ. არის და რომ ფილოს. საგანია შემეცნების კანონზოგმე მიერება. ამ თვალსაზრისს, ქართ. 53 ფილოს. აზრის ისტორიისათვის დიდი კულტ. ღირებულება ჰქონდა, რადგან ადასტურებდა ქართვ. ფილოსოფოსების ინტერესს დასავლურ ფილოს. აზროვნებაში მიმდინარე პროცესებისადმი.

თავის დროზე შემეცნების აქსიომატურ საფუძვლებს იკვლევდა მ. გოგიბერიძე ("შემეცნების აქსიომატური დასაბამი", 1926). მის მიერ დაწყებული შემეცნების მტკიცე და საიმედო საწყისების ძიების ერთგვარი გაგრძელებაა ს. შ. ავალიანის ფსევდოაბსოლუტური ჭეშმარიტების თეორია, რ-ის მიხედვით ფსევდოაბსოლუტურობა შემეცნების უზოგადესი კანონზომიერებაა. თუმცა ჯერ კიდევ დასაზუსტებელია კავშირი შემეცნების აქსიომატურ საფუძვლებსა, მტკიცე და საიმედო საწყისებსა და ფსევდოაბსოლუტურს შორის.

გ-ის კვლევის ობიექტისა და არეალის გაფართოების თვალსაზრისით თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის ა. შეროზიას, რ-მაც დაადგინა, რომ არაცნობიერის კვლევა კი არ ხელყოფს გ-ს, არამედ პირიქით, უფრო აღრმავებს მას.

ს. წერეთელმა დაადგინა ჭეშმარიტების დიალექტიკური ბუნება, რითაც ბიძგი მისცა დიალექტ. ლოგიკის ჩამოყალიბებას და ლოგიკის, შემეცნების თეორიისა და დიალექტიკის იგივეობის შემდგომ დასაბუთებას. საქართველოში გნოსეოლოგიური აზრის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ნ. კვარაცხელიას შეხედულება შემეცნების ობიექტისა და სუბიექტის მიმართების საკითხზე. მისი აზრით, ადამიანი არის არა მხოლოდ შემეცნების სუბიექტი, არამედ თვით წარმოადგენს შემეცნების ობიექტს, ანუ გნოსეოლოგიურ პრობლემას. ამ პრობლემის გადაწყვეტაში თვითშემეცნების მონაწილეობა გვაახლოებს შემეცნების სუბიექტისა და ობიექტის ურთიერთობის შემდგომ დაზუსტებასთან.

აღნიშნულ ამოცანას თავისებურად ეხმაურება ბ. ბრეგვაძის თვალსაზრისი, რ-ის მიხედვით ჭეშმარიტების კრიტერიუმი თვით აზრში, ცნობიერებაში უნდა ვეძიოთ. ცხადია, ეს დებულება არ იწვევს პრაქტიკის კრიტერიუმის უგულებელყოფას. პირიქით, აქ აზრს ენიჭება ჭეშმარიტების შეფასების (და არატრადიციული აზრით – საზომის) დანიშნულება. ამდენად, პრაქტიკა, როგორც ჭეშმარიტების საზომი და აზრი, როგორც ჭეშმარიტების შემფასებელი, ერთმანეთს საჭიროებენ. უნდა აღინიშნოს, რომ გნოსეოლოგიური პრობლემების აქსიოლოგიური პოზიციიდან განხილვის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი იყო დ. ბეჭვაია. კერძოდ, მან ოსტატურად გაარკვია ქართ. ფილოს. მონაპოვარი გნოსეოლოგიური კატეგორიის – ფსევდოაბსოლუტურის – აქსიოლოგიური დანიშნულება და ამით ერთმანეთთან დააკავშირა აღნიშნული დარგები. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბოლომდე გარკვეული არ არის განსხვავება ფსევდოაბსოლუტურსა და ჰ. ფაიჰინგერის (1852–1933), ფრ. ნიცშესა და პრაგმატისტების ფიქციონალისტურ შეხედულებებს შორის.

უკანასკნელ პერიოდში ქართვ. ფილოსოფოსებს შორის გაძლიერდა გნოსეოლოგიური პრობლემატიკის გაფართოებისა და მისი სტრუქტურის შეცვლის ცდები. მაგ., გ-ის სტრუქტურაში უკვე წარმოდგენილია მეცნიერება, დიალექტიკური ლოგიკა, რ-იც აქამდე არსებითად მხოლოდ სოც. ფილოსოფიის დონეზე განიხილებოდა და ისიც როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი ფორმა. გ-ის სტრუქტურაში კი იგი მიჩნეულია ადამიანის მოღვაწეობის სფეროდ, რ-ის ფუნქციაა სინამდვილის მოვლენების, პროცესების არსებისა და კანონზომიერების შესახებ ობიექტური, ჭეშმარიტი ცოდნის სისტემატიზაცია აბსტრაქტულ- ლოგიკური ფორმით. ქართვ. ფილოსოფოსთა დიდ ყურადღებას იქცევს ჭეშმარიტების კრიტერიუმისა და მეცნიერების თეორიის საკითხები, რ-ებიც ფართოდაა წარმოდგენილი ს. დანელიას , ნ. კირვალიძის , ჯ. კორძაიას , თ. ა. ბუაჩიძის , ო. ჯუღელის, ვ. ერქომაიშვილის, მ. მამარდაშვილის და სხვათა შრომებში.

ლიტ .: ა ვ ა ლ ი ა ნ ი ს., თეორიული ფილოსოფია, თბ., 2007, თ. 6; ა ს ა თ ი ა ნ ი გ., ფილოსოფია, ნაწ. 3, თბ., 2006; ბ ა ჩ უ ლ ა შ ვ ი ლ ი გ., კატეგორიების დიალექტიკა როგორც გნოსეოლოგიური ლოგიკა, თბ., 1978; ბ ე ჭ ვ ა ი ა დ., აქსიოლოგია, თბ., 2007; გ ა გ ო ი ძ ე ვ., მეცნიერება-ტექნიკასაზოგადოება, ტ. 1–2, თბ., 1982–85; კ ვ ა რ ა ც ხ ე ლ ი ა ნ., ადამიანის, როგორც შემმეცნებელი სუბიექტის პრობლემა, თბ., 1986; კ ვ ი ჟ ი ნ ა ძ ე რ., ჭეშმარიტების ცნება და ალტერნატივები შემეცნების თეორიაში, თბ., 1976; კ ი რ ვ ა ლ ი ძ ე ნ., ჭეშმარიტების საზომის პრობლემა ფილოსოფიაში, თბ., 1978; კ ო რ ძ ა ი ა ჯ., პრაქტიკა, როგორც შემეცნების საფუძველი, თბ., 1971; რ ა მ ი შ ვ ი ლ ი ვ., ფილოსოფია, ნაწ. 4, თბ., 2009; რ ე ხ ვ ი ა შ ვ ი ლ ი ტ., განწყობის, ინტუიციისა და აზროვნების როლი სუბიექტის აზროვნებაში, თბ., 1991; შ უ შ ა ნ ა შ ვ ი ლ ი გ., შემეცნების თეორია (3 ნაწილად), თბ., 1977–81. ს. ავალიანი.