გობეჩია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი (გიგლა) ნიკოლოზის ძე (5. VIII. 1929, თბილისი, – 15. XI. 2010, იქვე), ინჟინერი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1996), საქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვილი წევრი (2005). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ორი ფაკ-ტი – ინჟ. გეოლოგისა (1953) და ინჟ. ჰიდროტექნიკოსის (1965) სპეციალობით. 1974–94 მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ სამეცნ. თანამდებობაზე. 1994-იდან იყო საქართვ. მეცნ. აკად. ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის მთ. მეცნ. თანამშრომელი, ჟურნალ "მეცნიერება და ტექნიკის" მთ. რედაქტორის მოადგილე. არჩეული იყო საერთაშორისო ჰიდრავლიკოსთა ასოციაციის წევრად. გ-ს სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებები: საქართველოს წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება და დაცვა; წყალთა მეურნეობის განვითარების თავისებურებები მთის რეგიონებში; გეოეკოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, წყალსამეურნეო, ჰიდრომელიორაციული პრობლემები, ბუნებრივი რესურსების ათვისების საკითხები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).

თხზ .: Особенности формирования водного хозяйства горных регионов, Тб., 1996 (თანაავტ. Н. Варазашвили); Инженерно- экологические проблемы создания и эксплуатации водохозяйственных систем с водохранилищами горных регионов, Тб., 2001 (თანაავტ. Н. Варазашвили). ნ. ყიფიანი.



გობეჩია

იოსებ პავლეს ძე (1879, ქუთაისი, – 1960, საფრანგეთი), პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, სოციალისტ-რევოლუციონერების (ესერთა) პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შევიდა ოდესის უნ-ტის მათ. ფაკ-ტზე. 1901 სტუდენტთა მოძრაობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და ადმ. წესით სამშობლოში გაასახლეს. 1901 ქუთაისში საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავის იუბილეს აღნიშვნის წინააღმდეგ საპროტესტო სიტყვით გამოსვლის გამო ისევ დააპატიმრეს. 1902-იდან ოდესაში გააგრძელა სწავლა. 1904 კვლავ დააპატიმრეს, გათავისუფლების შემდეგ კავკასიაში დაბრუნდა. 1905–06 აქტიურად მონაწილეობდა ახალაღორძინებულ ესერთა პარტიის მუშაობაში. ალიხანოვავარსკის სადამსჯელო ოპერაციების დროს გ-მ ესერთა პარტიის დადგენილებით ჩამოაყალიბა მებრძოლი რაზმები, ტერორისტული აქტები მოაწყო ქუთაისში, ზუგდიდში, თბილისში და სხვ. 1906 დამდეგს მონაწილეობდა ესერთა III პარტ. საბჭოს მუშაობაში იმატრაში (ფინეთი), 1907 – ესერთა პარტიის II ყრილობაში ქ. ტამერფორსში (ფინეთი). თბილისში დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს და გაასახლეს. სხვისი გვარით ოდესაში ჩავიდა და რექტორის, ვ. პეტრიაშვილის დახმარებით უნტის IV კურსზე ჩაირიცხა. 1908, უნ-ტის დამთავრების შემდეგ, ლექციებს უკითხავდა ქ. ხერსონის სახალხო მასწავლებლებს ასტრონომიასა და მათემატიკაში, 1909–11 – ბაქოს მუშათა პროფ. კურსებზე და სახ. უნ-ტში. ამავე წლებში ესერთა პარტიის ბაქოს ქართ. ორგანოს "მარცვლის" სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო. ესერთა ცკ-ის მუშაობის გააქტიურების შედეგად მისი ვინაობა შეიტყვეს და იძულებული გახდა საზღვარგარეთ წასულიყო. ერთი წელიწადი პარიზის ობსერვატორიაში მუშაობდა. მალე გრენობლის პოლიტექ. ინ-ტში შევიდა, რ-იც ელექტროტექნიკოსის სპეციალობით დაამთავრა და პარიზშივე განაგრძო მუშაობა ინჟინრად. რუს. რევ. დროს (1917) პეტერბურგში დაბრუნდა. დროებითმა მთავრობამ კავკასიის ფრონტის სამხ. კომისრად დანიშნა. საქართვ. სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ იყო საქართვ. ეროვნ. საბჭოს, რესპ. პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი. 1921-იდან იმყოფებოდა ემიგრაციაში. დაკრძალულია პარიზში, ლევილის სასაფლაოზე. გ. ნარსია.




გობეჩია

მელიტონ გიორგის ძე [9 (21). VIII. 1878, სოფ. ჭაქვინჯი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, – 5 (18). VI. 1914, ხარკოვი], პუბლიცისტი, მწერალი. 1897-იდან მასწავლებლობდა. 1905 იყო გაზ. "ცნობის ფურცლის" კორესპონდენტი ზუგდიდის მაზრაში. 1906 გაემგზავრა პარიზში სასწავლებლად. 1910 დაამთავრა სორბონის უნ-ტი და დაბრუნდა სამშობლოში. მოღვაწეობდა "სახალხო გაზეთში". 1911 დააპატიმრეს. გარდაიცვალა ხარკოვის ციხეში. გ-ს ეკუთვნის ლექსების კრებული "ჰანგები" (1902), "პარიზის სონეტები" (1910), ორი პოემა "ფარნაოზი" და "ამირანი"; ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.

ლიტ .: გ ო ბ ე ჩ ი ა ვ., მელიტონ გობეჩია, სოხ., 1959.