გობეჯიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერმანე თედორეს ძე (17. I. 1911, სოფ. ღები, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 10. X. 1973, თბილისი), არქეოლოგი. ისტ. მეცნ. კანდიდატი (1943). 1945-იდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინტში; 1960–73 იყო ბრინჯაოს ხანის არქეოლ. განყ-ბის გამგე. 1936–65 გ-ის ხელმძღვანელობით გათხრილი და შესწავლილია ზემო რაჭის, კერძოდ, მდ. რიონის სათავეების არქეოლ. ძეგლები (იხ. ბრილი ). ამ გათხრებთან არის დაკავშირებული ქართ.-კავკ. მეტალ. წარმოების საწყისი საფეხურისა და ნატიფი ხელოვნების ძეგლების აღმოჩენა და კვლევა. 1945–48 ცხინვალში გათხარა სამოსახლო-საკულტო ძეგლი ნაცარგორა. 1956–71 არქეოლ. გათხრები ჩაატარა თეთრ წყაროში (იხ. [[თეთრი წყაროს ნასოფლარი]] ). მის მიერ გამოვლენილ არქეოლ. ძეგლებს დიდი მნიშვნელობა აქვს [[მტკვარ-არაქსის კულტურის]] გენეზისისა და კავკასიის, კერძოდ, საქართველოს, ადგილ. მიწათმოქმედ-მესაქონლე ტომთა ისტ. უძველესი მონაკვეთის კვლევისათვის. ხოლო ბედენზე ჩატარებულმა გათხრებმა (იხ. ბედენის გორასამარხები ) ახლებურად დასვა ე. წ. თრიალეთის კულტურის წარმოშობა-გავრცელების საკითხი.

თხზ .: არქეოლოგიური გათხრები საბჭოთა საქართველოში, თბ., 1952; მცხეთა, [ტ.] 1 – არმაზის არქეოლოგიური ძეგლები 1937–1946 წწ. განათხარის მიხედვით, თბ., 1955 (თანაავტ.); საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959 (თანაავტ.); თეთრი წყაროს ნასოფლარი, თბ., 1978; ბედენის გორასამარხების კულტურა, თბ., 1980.



გობეჯიშვილი

დ. გობეჯიშვილი.

დავით ნიკოლოზის ძე (დ. 3. I. 1963, სოფ. ხურუთი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი), სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1986). 1989 დაამთავრა თსუ-ის საინჟინრო-ეკონ. ფაკ-ტი. ჭიდაობა დაიწყო ონში (1979). სსრკ ნაკრები გუნდის წევრი (1984–91). საქართვ. ხუთგზის (1982, 1983, 1984, 1985, 1986), სსრკ სამგზის (1985, 1986, 1988), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის (1986), დსთ-ის (1992), ევროპის (1985), მსოფლიოს ორგზის (1985, 1990), კეთილი ნების თამაშების (1990) და XXIV ოლიმპიური თამაშების (1988, სეული) ჩემპიონი, XXV ოლიმპიური თამაშების (1992, ბარსელონა) ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონატის (1986) ვერცხლის პრიზიორი. მსოფლიო თასის სამგზის მფლობელი (1986–88). 1994–2000 იყო საქართვ. თავისუფალი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2001–04), 2008 წლიდან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, საქართვ. ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1985, 1990), ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი. მწვრთნელები – ა. მაისურაძე და გ. საღარაძე. ნ. გუგუშვილი.



გობეჯიშვილი

რამინ გრიგოლის ძე (დ. 15. IX. 1941, სოფ. ნიგვზნარა, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი), გეოგრაფი. გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1996), სსრკ მეცნ. აკად. გლაციოლოგიის სექციის ბიუროს წევრი (1988–92), საქართველოს გეოგრ. საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი (1996–2008). დაამთავრა თსუის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი (1964). 1965 მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინტში. 1981–88 ხელმძღვანელობდა აეროკოსმოსური მეთოდების ლაბორატორიას, 1988–2006 – გლაციოლოგიის ლაბორატორიას, 2000– 03 – გეომორფოლოგიის განყ- ბას. 2003–08 თსუ-ის გეომორფოლოგიაგეოეკოლოგიის კათედრის გამგეა, 2006-იდან – სრული პროფესორი, 2005–07 – ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტის დირექტორი, 2007-იდან დღემდე – ამავე ინ-ტის სამეცნ. საბჭოს თავმჯდომარე. გამოიკვლია მთიან რეგიონებში (კავკასიონი, პამირი, შპიცბერგენი, ტიან-შანი, ტიბეტი, ჰიმალაი და სხვ.) თანამედროვე მყინვარების დინამიკა და ძველი გამყინვარების ევოლუციის საკითხები, თანამედროვე გეოდინამიკური პროცესები. დამუშავებული აქვს ძვ. გამყინვარების რეკონსტრუქციის კვლევის ახ. მეთოდი, რ-ის მიხედვითაც შეადგინა კავკასიონის, ტიან-შანის, აღმ. ანატოლიის, აღმ. ტიბეტისა და ცენტრ. ჰიმალაის გვიანდ. პლეისტოცენური გამყინვარების რუკები. მონაწილეობდა "მსოფლიოს თოვლყინულოვანი რესურსების ატლასის" შედგენაში (1997). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).

თხზ .: კავკასიონის ქვიანი მყინვარების წარმოშობა და ასაკი, კრ.: საქართველოს ბუნება და რაციონალური ბუნებათსარგებლობის პრობლემები, თბ., 1988; გლაციოლოგია, თბ., 2006 (თანაავტ.); საქართველოს რელიეფი, თბ., 2011; Изучение современных рельефообразующих процессов в горных районах стереофотограмметрическими методами, Тб., 1981; Ледники Грузии, Тб., 1989. ც. ვაშაკიძე.