გოგარენე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისტორიული ქვემო ქართლის ბერძნული სახელწოდება (ქართ. წყაროებით – გუგარეთი, სომხ. წყაროებით – გუგარქი). პირველად მოხსენიებული აქვს სტრაბონს (ძვ. წ. 64/63 – ახ. წ. 23/24) როგორც იბერიის პროვინცია, რ-იც ძვ. წ. II ს-ში სომხ. სამეფომ შეიერთა. სახელწოდება უნდა მომდინარეობდეს ქართ. ტომის – გუგარებისაგან. ძვ. წ. I ს-ში აქ შეიქმნა საპიტიახშო. I–II სს- ში გ. ქართლის შემადგენლობაში იყო, მოგვიანებით ისევ სომხეთმა შეიერთა. საბოლოოდ კი, IV ს. II ნახევარში, გ. ქართლის სამეფომ დაიბრუნა. გუგარქის პიტიახშს წყაროებში ქართლის პიტიახშიც ეწოდება (ლაზარ ფარპეცი; "ევსტათი მცხეთელის წამება"). ტერიტორიულად გ-ის პროვინცია არსებითად მდინარეების ალგეთის, ქციისა (ხრამი) და დებედის აუზებით ისაზღვრებოდა, თუმცა გუგარქის საპიტიახშოს ტერიტ. სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიდიდის იყო. სომხური გეოგრ. თხზულების "აშხარჰაცუიცის" (VII ს.) ცნობების მიხედვით, რ-ებიც გაცილებით უფრო ძვ. ვითარებას ასახავენ, გუგარქის საპიტიახშო მთლიანად მოიცავდა იბერიის სამეფოს სამხრ. პროვინციებს კლარჯეთიდან ხუნანამდე. გ.-გუგარქის ტერიტორიის გაფართოების ამსახველ ფაქტად არის მიჩნეული ქართ. ტოპონიმი გუჯარეთი . ძვ. ქართ. ადმ. დანაწილებით საკუთრივ გ.-გუგარქის გეოგრ. რეგიონი ემთხვეოდა სამშვილდის საერისთავოს ტერიტორიას.

წყარო: ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი თ., სტრაბონის გეოგრაფია. ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1957.

ლიტ .: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორიის შესავალი, წგ. 1 – საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულეთნოლოგიური პრობლემები, თბ., 1950. დ. მუსხელიშვილი.