გოგაშენი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (სამცხეჯავახეთის მხარე), ახალქალაქის პლატოზე, მდ. მტკვრის მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: გ., აფნია). ზ. დ. 1740 , ახალქალაქიდან 16 კმ . 349 მცხ. (2002). სოფლის ჩრდ.-აღმ-ით მდებარეობს მთავარანგელოზის XIII– XIV სს. ეკლესია. ეკლესია ნაგებია ადგილობრივი, მონაცრისფრო ნათალი ქვებით. აღმ. სარკმელს ორმაგი ლილვით შედგენილი ჩარჩო შემოუყვება. ეკლესიასთან ძვ. და ახ. გალავანშემოვლებული სასაფლაოა. სოფელში დგას ასევე ღვთისმშობლის ახალი, XIX ს. ეკლესია, სადაც ინახება ადრეული ხანის სტელის ნატეხი. სტელის ერთ გვერდზე გამოსახულია კაცის ფიგურა, რ-საც მარჯვენა ხელი მკერდზე აქვს მიდებული. მეორე გვერდზე შემორჩენილია სამსაფეხურიან კვარცხლბეკზე დაყრდნობილი ჯვრის ქვედა მკლავი, მესამეზე კი თითქოს გველის კლაკნილი ტანია გამოსახული, მეოთხეზე – ცხოველის თავი, დაცქვეტილი სამკუთხა ყურებით. მას ყელზე შემოჭდობილი აქვს ადამიანის ხელი, რ-იც ახრჩობს. ამ გამოსახულებას ზევიდან ჯვარი აზის. ვანის ქვაბთა განგების XV–XVI სს. მინაწერების მიხედვით, როსტევან რჩეულას ძემ (რჩეულაშვილი) ვანის ქვაბთა მონასტერს შესწირა "გულარშნისა ქუეშეთ აბჯარაული ზუარი". აბჯარაული ახლაც გ-ს ეკუთვნის (მდებარეობს მტკვრის მარჯვ. ნაპირზე, გ-ის ქვევით), ამიტომ ამ მინაწერში გ. უნდა იგულისხმებოდეს. 1595 "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, გ. შედიოდა ახალქალაქის ლივის თმოგვის ნაჰიეში (რაიონი). იმჟამად ის ჭაჭკრის (იმდროინდელი სოფელი) სახნავ-სათესი ტერიტორია იყო და მარცვლეულის მოსავალზე წლიურად შეწერილი ჰქონდა 500 ახჩა. სავარაუდოდ XIX ს-ში, გ. ისევ მოშენებულა. ახლა აქ 80-მდე კომლია. მაცხოვრებელთა გვარებია: ხუციშვილი, ხოსიტაშვილი, ცისკარიძე, კოჟორიძე, ნათენაძე, თაქთაქიძე, ბერიძე.

წყარო: ჯ ი ქ ი ა ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 3, თბ., 1958.

ლიტ .: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი, თბ., 1985. დ. ბერძენიშვილი.