გოგიაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტონ ივანეს ძე [2 (14). XII. 1878, სოფ. ნიგოითი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 28. XII. 1907 (10. I. 1908), თბილისი], გრაფიკოსი. დაამთავრა თბილ. სას. სასწავლებელი. მხატვრული განათლება მიიღო თბილ. სამხატვრო სასწავლებელში (1901–06). იზიარებდა XIX– XX სს. მიჯნაზე საქართველოში გავრცელებულ დემოკრ. იდეებს. თანამშრომლობდა გაზეთების რედაქციებთან: "კვალი", "ცნობის ფურცელი", რ-ებშიც აქვეყნებდა ქართვ. ხალხის ყოფა-ცხოვრების ამსახველ ("გლეხის კერა", "შობის ხეების გაყიდვა") და დოკუმენტურ ("გიორგი წერეთლის გასვენება") ჩანახატებს. "ცნობის ფურცლის" სურათებიან დამატებაში იბეჭდებოდა გ-ის მიერ საქართვ. სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას შესრულებული ჩანახატები, რომელთაგან გამორჩეულია ლირ. განწყობილებითა და სიფაქიზით შესრულებული პეიზაჟები. ჩანახატებით: "დარბევა" და "ტყეში შეფარებული გურულები" (ორივე 1906, საქართვ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმი. თბილისი) მხატვარი 1905 რევოლუციას გამოეხმაურა. გ-ს ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას პოემა "ბახტრიონის" (1896) და ი. ჭავჭავაძის პოემა "განდეგილის" (1901), რ. ერისთავის ლექსების ("სესიას ფიქრები“, "სამშობლო ხევსურისა", "თრიალეთელი მწყემსი", "დაჭრილი") ილუსტრაციები და სხვ. გ-ის ნახატები დაცულია საქართვ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმში.



სარჩევი

გოგიაშვილ გურამ სოლომონის ძე

გ. გოგიაშვილი

(დ. 19. VII. 1934, თბილისი), ჟურნალისტი, მთარგმნელი. საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1984). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი ჟურნალისტიკის განხრით (1958). 1954-იდან პრესაში აქვეყნებს წერილებსა და ნარკვევებს. 1965–80 იყო გაზ. "კომუნისტის" რედაქტორის მოადგილე, 1980-იდან – ჟურნ. "პარტიული სიტყვის" (შემდგომში "საზრისი") მთ. რედაქტორი, 1991 – გამომც. "სამშობლოს" დირექტორის მოადგილე, 1992–96 – გაზ. "საქართველოს რესპუბლიკის" მთავარი რედაქტორი, 1996-იდან – ამავე გაზეთის მთ. რედაქტორის მოადგილეა. 60–70-იან წლებში ხელმძღვანელობდა ქართ. ემიგრაციისათვის განკუთვნილ გაზეთ "სამშობლოს". გ-მა თარგმნა კუბელი პოეტის ნ. გილიენის "ლექსები" (1961) და "საგვარეულო სახელი" (1967); ა. ბლოკის, რ. მ. რილკეს, ი. რაინისის, ჟ. პრევერის, ჯ. როდარის, ს. მარშაკის, ა. ჩეხოვის, კ. პაუსტოვსკის, ა. ოსტროვსკის, ვ. შუქშინის, ე. რაძინსკისა და სხვ. ნაწარმოებები; განსაკუთრებით აღსანიშნავია თარგმანი ფ. რაბლეს კომიკური ეპოპეისა "გარგანტუა და პანტაგრუელი" (I წგ. – 1972, II–1984, III – 1997, IV–1999, V – 2000). მთარგმნელმა ნაწარმოების სტილისტური მრავალფეროვნება (რეალისტურფანტასტიკური, აკადემიურმეცნ., მდაბიურ- კარნავალური ფორმები) ოსტატურად შეუხამა ქართ. ხალხ. მეტყველების სხვადასხვა მანერას, ინტონაციასა და ლექსიკას. თარგმნა აგრეთვე ჰოლანდ. ჰუმანისტის ერაზმ როტერდამელის, ჩეხი მწერლების – ი. და მ. ტომანოვების, ბრაზილიელი მწერლის პაულო კოელიოს, სერბი მწერლის მილორად პავიჩის ნაწარმოებები. გ. არის ი. მაჩაბლის (1990), ვაჟა-ფშაველას (1994) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ღირსებისა (1996) და გორგასლის მესამე ხარისხის (2003) ორდენებით.






გოგიაშვილ კუკური პავლეს ძე

(15. X. 1912, ქუთაისი, – 24. VI. 1984, თბილისი), მწერალი. "ცისფერყანწელთა" ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის შ. კარმელის ძმა. სწავლობდა ქუთაისში, კ. მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ სტუდიაში და პარალელურად მუშაობდა ამავე თეატრში (1928–30). 1930 თეატრთან ერთად გადავიდა თბილისში და კ. მარჯანიშვილის გარდაცვალებამდე (1933) იყო მისი დასის წევრი. გ. სხვადასხვა დროს იყო თელავისა და თბილისის (თოჯინების, მოზარდ მაყურებელთა ქართ.) თეატრების მსახიობი და დრამატურგი. ამავე დროს ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა გაზ. "მუშასა" და ჟურნ. "ნიანგში". 1948-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ჟურნ. "დილაში". პირველი ლექსები 1934 გამოაქვეყნა, პირველი საბავშვო წიგნი – "თინიკოს მამალი" – 1940. ბავშვებს მიუძღვნა აგრეთვე ლექსების, ზღაპრების, პოემების კრებულები: "გაზაფხული" (1947), "ტყის სტუმარი" (1951), "აბლი-ბაბლი" (1962), "მზეს უმღერიან" (1970), "გაზაფხული მოდის" (1972), "ათული და ბათული" (1978), "შემოდგომას რა სჯობს" (1983) და სხვ. წერდა სატირულ-იუმორისტულ ნაწარმოებებს. გ-ის პიესები იდგმებოდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრსა ("ფარავნელი ჭაბუკი", "ალუბლები ჰყვავიან", "ბაღნარში" და სხვ.) და თოჯინების თეატრში ("ბეკეკა", "რწყილი და ჭიანჭველა", "რუხი მგელი" და სხვ.). დაჯილდოებულია ი. გოგებაშვილის სახ. მედლით (1973). თხზ .: საბავშვო პიესები, თბ., 1950; ახალი სახლი. სკეტჩები და სატირა, თბ., 1961; ვინ დაღუპა აფრასიონი?! თბ., 1964; სიძე-სიმამრიანი, თბ., 1975.



გოგიაშვილ ლიანა ევტიხის ასული

(3. X. 1944, თბილისი), პათოლოგ- ანატომი. მედ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1990). 1968 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1972 იყო ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლოგიის ინსტიტუტის ციტოლოგიის განყ-ბის უმცროსი, უფროსი (1976–86) და მთავარი მეცნ. თანამშრომელი (1986–2005), 2005–06 – ადამიანის ზოგადი პათოლოგიისა და ადამიანის ეკოლ. განყ-ბის გამგე, 2006-იდან არის კლინ. და ექსპერ. პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. გ-ის სამეცნ. შრომები ეძღვნება გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის პათოლოგიებს.

თხზ .: Регенерация почки в раннем постнатальном периоде развития организма, Тб., 1978; Функциональная морфология сердечно-легочного синдрома, Тб., 1982 (თანაავტ. З. Г. Цагарели); Ультраструктура сердечно- сосудистой системы в норме и патологии, Тб., 1986 (თანაავტ.).




გოგიაშვილ ომარ გიორგის ძე

(დ. 22. X. 1941, თბილისი), პოლიტოლოგი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1987), პროფესორი (1988), საქართვ. განათლების აკად. წევრი და დამფუძნებელი (1996). 1964 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკტი. 1964–73 კომკავშირულ საქმიანობას ეწეოდა. 1973-იდან იყო თსუ-ის ისტ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1975–79), თსუ-ის პოლიტოლოგიის კათედრის გამგე, პოლიტ. მეცნიერებათა კვლევის ცენტრის დირექტორი (1998– 2006). საქართვ. ფიზ. აღზრდისა და სპორტის აკადემიის (ყოფ. ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინ-ტი) რექტორი (1984– 2005). ი. ჭავჭავაძის სახ. თბილისის უნ-ტის პროფესორი (2007–09), საქართვ. საპატრიარქოს ქართ. უნ-ტის პროფესორი (2009-იდან). იკვლევს შრომის ორგანიზაციის, სოციალურ, პოლიტიკისა და ქართ. პოლიტოლოგიური მემკვიდრეობის საკითხებს.

თხზ .: შრომის სტიმულები, თბ., 1978; ივანე ჯავახიშვილი და ახალი ქართული სახელმწიფოებრიობა, თბ., 1998 (თანაავტ.); პოლიტიკური იდეოლოგიები, თბ., 2003; ქართული სახელმწიფოს იდეოლოგიები, თბ., 2004 (თანაავტ.); ილია დღეს (იდეოლოგია და პოლიტიკა), თბ., 2008; Безумные и безумцы (Незанимательная грузинофобия), Тб., 2004; იგივე გამოც. მოსკ., 2005 (თანაავტ.); Эпидемия идиотизма (о незанимательной грузинофобии и не только о ней), Тб., 2006 (თანაავტ.).