გოგიტიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გ. გოგიტიძე.

გერმანე იოსების ძე (12. IX. 1886, ოზურგეთი, – 7. III. 1960, თბილისი), ქართული კინოწარმოების ერთ-ერთი პიონერი. უმაღლესი განათლება მიიღო საფრანგეთში (პარიზი). 1906-იდან დაუკავშირდა თეატრის მოყვარულებს. 1914 ოზურგეთში გაიხსნა მისივე თანხებით აშენებული თეატრი, რ-იც შემდეგ კინოთეატრ "ილუზიონად" გადაკეთდა. 1916 ა. წუწუნავასთან ერთად გადაიღო პირველი ქართ. მხატვრული ფილმი "ქრისტინე". 1921 სათავეში ჩაუდგა განათლების სახ. კომისარიატთან არსებულ კინოსექციას. 1923-იდან იყო "სახკინმრეწვის" დირექტორ-განმკარგულებელი. დიდი როლი შეასრულა საქართველოში კინოწარმოების განვითარებასა და პროპაგანდაში. გ-ის ძალისხმევით მოხერხდა ქართ. ფილმების უცხოეთში ჩვენება. ა. გვენცაძე.





სარჩევი

გოგიტიძე ელიზბარ შაბანის ძე

ე. გოგიტიძე.

[20. IX (3. X). 1907, ქობულეთი, – 1997, ოდესა], მეზღვაური, შორეული ნაოსნობის კაპიტანი. 1931 დაამთავრა ოდესის საზღვაო სასწავლებელი, შემდგომ კი "ლოიდის" – "Lloyd" საზღვაო სასწავლებელი (დიდი ბრიტანეთი). 1931–35 მუშაობდა შავი ზღვის ფლოტის გემებზე კაპიტნის თანაშემწედ, კაპიტნად. II მსოფლიო ომის დროს გადაჰქონდა ტვირთი აშშ-იდან სსრკ ნავსადგურებში. ტ რ ა ნ ს ა ტ ლ ა ნ ტ ი კ უ რ საერთაშორისო საზღვაო სივრცეში, პირველი კაპიტანი იყო სსრკ-იდან, რ-საც უფლება ჰქონდა ლოცმანის გარეშე შესულიყო მსოფლიოს ნებისმიერ საზღვაო ნავსადგურში. იყო გემების "როსიის", "ლატვიისა" და "შოთა რუსთაველის" კაპიტანი, ხოლო 1988-იდან – კაპიტან- დამრიგებელი შავი ზღვის ფლოტში. მასზე შექმნილია დოკუმენტური ფილმი "კაპიტანი გოგიტიძე" (რეჟ. რ. ჭიაურელი, 1960). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ლიტ .: ჩ ი კ ვ ა ი ძ ე გ., ოთხი შეხვედრა. მოთხრობები, თბ., 1950; Б е р ш а д с к и й В. А., Капитан из Кобулети, Од., 1960. ვ. ბარათაშვილი.




გოგიტიძე იოსებ რევაზის ძე

(დ. 31. V. 1962, ქობულეთი), გენერალ-მაიორი (1994). 1991 დაამთავრა ქ. როსტოვის საინჟინროსამშენებლო ინ-ტი, ამავე წელს სამსახური დაიწყო აჭარის არ შს სამინისტროში უზენაესი საბჭოსა და მთავრობის დაცვის ქვეგანყოფილების უფროსად. 1993 ოქტ. დაინიშნა აჭარის არ შს მინისტრის პირველ მოადგილედ. 1993 ნოემბრიდან – 2004-მდე იყო აჭარის არ სახელმწ. უშიშროების მინისტრი. 2004-იდან ცხოვრობს საქართვ. ფარგლებს გარეთ. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის (1996) და ღირსების (1997) ორდენებით. ლ. დოლიძე.

გოგიტიძე ნიკოლოზ ჯემალის ძე

(დ. 6. II. 1960, თბილისი), იუსტიციის გენერალ-მაიორი (1995). დაამთავრა მოსკ. სამხედრო ინ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1982). 1993–94 იყო სახელმწ. მეთაურის მთავარი სამხედრო მრჩეველი, 1994–97 – საქართვ. გენ. პროკურორის მოადგილე (მთ. სამხ. პროკურორი), 1998–2002 – საქართვ. კონსული უკრაინასა და მოლდოვაში, 2003– 04 – საქართვ. კონსული აზერბაიჯანში, 2004–07 – გენ. კონსული ტრაპიზონში, 2007–11 – საქართვ. სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი აზერბაიჯანში, 2011- იდან – საქართვ. გენ. კონსული საბერძნეთის რესპუბლიკაში (ქ. თესალონიკი). ლ. დოლიძე.


გოგიტიძე სიმონ კონსტანტინეს ძე

ს. გოგიტიძე.

[3 (15). I. 1872, სოფ. ჭალა, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 4. III. 1927, თბილისი], პედიატრი, მეცნიერული პედიატრიის პიონერი საქართველოში. მედ. მეცნ. დოქტორი (1904), პროფესორი (1912). 1897 დაამთავრა კიევის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი და იქვე დაიწყო მუშაობა ბავშვთა სნეულებების კათედრაზე. 1904 მონაწილეობდა რუს.-იაპ. ომში. 1909 აირჩიეს კიევის უნ-ტის პედიატრიის კათედრის პრივატდოცენტად, 1912 – ნოვოროსიის (ოდესა) უნ-ტის პედიატრიის კათედრის გამგედ. 1921-იდან იყო თსუ-ის ბავშვთა სნეულებების კათედრის გამგე. გ-ის შრომებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვის ორგანიზმის თავისებურებებისა და ჰიგიენის შესწავლას. გ-მ ერთ-ერთმა პირველმა დაადგინა ქალის რძეში ცხიმის გაჩენის გზები. თხზ .: ბავშვის კვება, ტფ., 1927. ი. ფაღავა.





გოგიტიძე ფადიკო შაბანის ასული

ფ. გოგიტიძე.

(1916, სოფ. ალამბარი, ახლანდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი, – 20. X. 1940, იქვე), პირველი ქართველი მფრინავი ქალი აჭარიდან. 1936 დაამთავრა თბილ. საფრენოსნო სკოლა და მუშაობა დაიწყო ბათუმის აეროკლუბში ინსტრუქტორად. დაიღუპა ბათუმში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.