გოგოლაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი ბიძინას ძე (დ. 24. VII. 1948, სოფ. კურსები, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი), ენათმეცნიერი, ქართველურ ენათა სპეციალისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (1994). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის კავკასიურ ენათა განყ-ბა (1971). 1975- იდან მუშაობდა თსუ-ის ახ. ქართ. ენის, 1992-იდან კი – ძვ. ქართ. ენის კათედრაზე (2003-იდან ამავე კათედრის გამგეა). 1978-იდან მუშაობს არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინ-ტში (1982–85 იყო სწავლული მდივანი, 1989–95 – დირექტორის მოადგილე, 1995–96 – განყ-ბის ხელმძღვანელი, 1996- იდან – წამყვანი მეცნ. თანამშრომელი; 2006-იდან – უფრ. მეცნ. თანამშრომელი). გ-ის შრომები ეძღვნება ძვ. და ახ. ქართული ენის მორფოლოგიის, ენისა და კულტურის, ქართ. დიალექტოლოგიის, ენის ისტორიის საკითხებს. სხვადასხვა დროს იყო საქართვ. პრეზიდენტთან 69 არსებული ქართ. ენის სახელმწ. კომისიის წევრი, ჟურნ. "ბურჯი ეროვნებისას" გამომც.- რედაქტორი, "საენათმეცნიერო ძიებანის" მთ. რედაქტორი, ჟურნ. "ენათმეცნიერების საკითხების" მთავარი რედაქტორის მოადგილე. პედ. საქმიანობაში გაწეული ღვაწლისათვის დაჯილდოებულია იაკობ გოგებაშვილის მედლით (2004).

თხზ .: დრო-კილოთა მეორე სერიის ფორმები ახალ ქართულში, თბ., 1984; ქართული ენის ზმნური ფუძეების ლექსიკონი, თბ., 1988 (თანაავტ.: ც. კვანტალიანი, დ. შენგელია); ქართული ზმნის უღვლილების სისტემა, თბ., 1989; ქართული ენის სახელზმნური ფუძეების ლექსიკონი, თბ., 1991 (თანაავტ.: ც. კვანტალიანი, დ. შენგელია); ფიქრები დედაენაზე, თბ., 1997; დედაენა – წიგნთა წიგნი, თბ., 2002; ქართული – ენაQ შემკული და კურთხეული, თბ., 2004; ბედი ქართული უნივერსიტეტისა ათასწლეულის კარიბჭესთან, თბ., 2006.



სარჩევი

გოგოლაშვილი ვალერიან (ვლადიმერ) გიორგის ძე

(დ. 20. II. 1935, სოფ. ანაგა, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი), ჟურნალისტი. საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1980). დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1959) და მოსკოვის საფინანსო-ეკონ. ინ-ტი (1978). მუშაობდა გაზეთ "სოფლის ცხოვრების" რედაქციაში (1960–90). იყო გაზეთის პ/მგ მდივანი, რედაქტორის მოადგილე, მთ. რედაქტორი (1987–90). XX ს. 70–80-იან წლებში თავი გამოიჩინა საქართვ. სოფლის მეურნ. წარმოების, მართვისა და ეკონომიკის პრობლემებისადმი მიძღვნილი სტატიებითა და ნარკვევებით. მისმა ანალიტიკურმა და კრიტიკულმა საგაზეთო პუბლიკაციებმა სათავე დაუდო იმდროინდელ სიახლეს – ჟურნალისტურ გამოძიებას. ნარკვევების ციკლისთვის "ნია გრუზინსკაიას ცხელი ზამთარი" მას მიენიჭა სსრკ ჟურნალისტთა კავშირის პრემია (1975). გ. იყო შსს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი (1990). შსს პრესსამსახურთან ერთად გ. ზედიზედ ოთხჯერ დაჯილდოვდა საქართვ. ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერ.) პრემიით – "ექსტრემალურ სიტუაციებში მამაცობისა და პროფესიონალიზმის გამოჩენისათვის" (1991–94). 1993 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1970–94 გ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტზე. არის ნარკვევების, რამდენიმე წიგნის, "პრესის თეორიისა და პრაქტიკის" სახელმძღვანელოს თანაავტორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).



გოგოლაშვილი ვახტანგ მანუელის ძე

ვ. მ. გოგოლაშვილი.

(27. IV. 1932, სოფ. კურსები, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი, – 19. VII. 2011, თბილისი), მწერალი, საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1989). 1955 დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი. 1962–2006 იყო თბილ. სახელმწ. ფილარმონიის ს ა ე ს ტ რ ა დ ო - ს ა ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ო სამმართველოს უფროსი. გამოცემულია გ-ის ლექსების რამდენიმე კრებული: "მახსენდება მშობლიური სკოლა" (1957), "ჟუჟუნა წვიმა მოვიდა" (1961), "გემბანიდან დანახული სანაპირო" (1978). გ-ის ლექსებზე შექმნილია მრავალი პოპულარული ქართ. სიმღერა ["დადუმებულხარ, ჩემო აპრილო", "პატარა ქალბატონო", "მოგონება", "სიმღერა თბილისზე" (კომპოზიტორები: ს. ებრალიძე, მ. სებისკვერაძე, ო. თევდორაძე, ნ. გიგაური)]. განსაკუთრებული წარმატება ხვდა მოთხრობების კრებულს "იქ, სადაც ლურჯი მთებია" (1958), რ-იც ითარგმნა რუს., უკრაინულ, ლიტვურ და სომხ. ენებზე, გამოიცა აგრეთვე სტამბოლში თურქ. ენაზე (1962). აქვს მოთხრობათა კრებულები: "მუშკეტერის სიკვდილი" (1976), "ჭინკების ბრიგადა" (1991) და სხვ. გ. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. მისი ნაწარმოები "წეროები" 1961 დაიდგა თბილ. მოზარდ მაყურებელთა დრამ. თეატრში, 1962 – მოსკ. ცენტრ. საბავშვო თეატრში, ამავე წელს – ლენინგრ., კიევის, ერევნის, ოდესის, ეკატერინბურგის თეატრებში. ავტორია მონოგრაფიებისა: "ჯანო ბაგრატიონი" (1982), "ვასო გოძიაშვილი და ქართული ესტრადა" (1982), "ნიკოლოზ მოსეშვილი" (1984), "ფილარმონიის ისტორიის ნარკვევები" (1989), «დიდი ანსამბლი "ერისიონი"» (2008) და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).






გოგოლაშვილი თინათინ შალვას ასული

თ. გოგოლაშვილი ფორტეპიანოსთან.

(23. III. 1919, დაბა ხარაგაული, – 26. XII. 2011, თბილისი), პიანისტი, საქართვ. დამს. არტისტი (1961). 1938 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. ა. ვირსალაძის საფორტეპიანო კლასი). 1935-იდან იყო საქართვ. რადიოკომიტეტის, ხოლო 1938-იდან – საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის სოლისტი. 1957-იდან იყო თბილ. კონსერვატორიის, 1991-იდან კი – ხელოვნ. აკადემიის პედაგოგი. ეწეოდა ნაყოფიერ საგასტროლო მოღვაწეობას; პროპაგანდას უწევდა ქართ. კლასიკურ მუსიკას. გამართული აქვს 100-ზე მეტი კონცერტი. იყო მრავალი ქართვ. კომპოზიტორის (ა. ბალანჩივაძის, ა. მაჭავარიანის, ა. კერესელიძის, ა. შავერზაშვილის და სხვ.) საფორტეპიანო ნაწარმოებთა პირველი შემსრულებელი. მის აკარეპერტუარში დიდი ადგილი ეთმობა მსოფლიო კლასიკოსთა (ბახი, ბეთჰოვენი, შოპენი, შუმანი და სხვ.) საფორტეპიანო ნაწარმოებებსაც. არის შოპენის გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი რესპ. კონკურსის ლაურეატი (1949, I პრემია).








გოგოლაშვილი მარგარიტა(მარგო) კონსტანტინეს ასული

(30. V. 1911, თბილისი, – 28. X. 2002, იქვე), თეატრმცოდნე. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1976). 1931 დაამთავრა თსუ-ის ქართ. ენისა და ლიტ-რის ფაკტი, 1937 – სასცენო ხელოვნ. უმაღლესი კურსები (ხელმძღვ. ა. ფაღავა). ველისციხის სახელმწ. თეატრში დადგა ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი" და ნ. სტეპანოვის "პატრიოტები". 1952–53 იყო თბილ. თოჯინების სახელმწ. ქართ. თეატრის დირექტორი, 50-იანი წლებიდან პრესაში აქვეყნებდა წერილებსა და რეცენზიებს. თანამშრომლობდა ქართ. და რუს. ენციკლოპედიების რედაქციებთან, ჟურნ. "ტეატრთან" (მოსკოვი). თარგმნა პიესები: ა. ოსტროვსკის "ლამაზი მამაკაცი" (მ. გიჟიმყრელთან ერთად), მაქსიმ გორკის "მოხუცი", "ბარბაროსები"; თ. მეტერლინკის "მონა ვანა" და სხვ.

თხზ .: მესხეთის თეატრი, თბ., 1974. შ. ცუცქირიძე



გოგოლაშვილი მიხეილ იოსების ძე

მ. ი. გოგოლაშვილი.

[15 (28). III. 1902, სოფ. ჩანჩეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 11. III. 1957, ოდესა, დაკრძალულია ბათუმში], შორეული ნაოსნობის კაპიტანი. დაამთავრა ბათუმისა (1922) და ხერსონის (1936) საზღვაო სასწავლებლები. იყო ბათუმის პორტის კაპიტანი (1935-იდან), შავი ზღვის ფლოტის შორეული ნაოსნობის კაპიტანი (1943-იდან). II მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა ოდესის მოსახლეობის ევაკუაციასა და საბჭ. ჯარების საწვავით მომარაგებაში. გემებით გადაჰქონდა საწვავი ევროპის, ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში, აფრიკასა და ამერ. კონტინენტებზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები. ვ. ბარათაშვილი.










გოგოლაშვილი რობერტ ალექსანდრეს ძე

(დ. 30. VII. 1939, სოფ. კურსები, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი), მომღერალი, ლოტბარი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1983). 1969 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია ვოკალის განხრით (ხელმძღვ. შ. ქუთათელაძე). მღეროდა სხვადასხვა ხალხ. ანსამბლში. 1976- იდან ძირითადად მოღვაწეობს როგორც ლოტბარი, დირიჟორი, ხალხ. ანსამბლების დაარსების ინიციატორი და ხელმძღვანელი. წარმატებით უძღვებოდა საქართვ. მეცნ. აკად. ხალხ. სიმღერის ანსამბლ "ფაზისს " (1976–83), ვაჟთა ვოკალურ ანსამბლებს: "თბილისს" (1980-იდან 30 წლის მანძილზე), "ქართულ ხმებს" (1992-იდან, დაარსდა 1985 "ჟურნალისტის" სახელწოდებით), "უნივერსიტეტს " (1998–2007); ხალხ. სიმღერის ანსამბლ "იმერს" (2006-იდან). ამ ანსამბლების რეპერტუარი მოიცავს უძველეს ქართ. ხალხ. სიმღერებსა და საგალობლებს, ქართ. ქალაქურ სიმღერებს, ქართვ. კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებებსა და სასიმღერო შემოქმედებას. ანსამბლებთან ერთად გ-მა სხვადასხვა დროს წარმატებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა (გამოსულია ფირფიტაგიგანტი, აუდიოკასეტები და კომპაქტდისკები). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).




გოგოლაშვილი (ხ ო ნ ე ლ ი) შალვა სიმონის ძე

შ. ს. გოგოლაშვილი.

[1 (13). I. 1887, ქუთაისი, – 1. XI. 1972, იქვე], მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1961). 1904 დაამთავრა თბილ. ქართ. გიმნაზია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1905 ხონში. მსახიობად და რეჟისორად მუშაობდა თბილ. (1910–12), ქუთ. (1912– 17), ბაქოს ქართ. (1917–20), ბათუმის (1920–23), ფოთის (1923–26), ჭიათურის (1926–28) თეატრებში. 1928-იდან გარდაცვალებამდე ქუთ. თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. გამოირჩეოდა მაღალი პროფ. კულტურით. შესრულებული აქვს 200-მდე როლი, რ-თა შორის აღსანიშნავია: პარასკიდი და კოწია (შ. დადიანის "კაკალ გულში" და "გუშინდელნი"), ლომკაცა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), კოსტაია (ა. ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ელიზბარი (გ. შატბერაშვილის "ფიქრის გორა"), პასტორი (შილერის "ყაჩაღები"), ბენ აკიბა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის "რევიზორი") და სხვ. 1926-იდან იღებდნენ კინოში. როლები: მიკიტანი ("სამანიშვილის დედინაცვალი", 1927), ფრანგი ოფიცერი ("კომუნარის ჩიბუხი", 1929), მამულოვი ("საკანი #79", 1930), მამასახლისი ("უკანასკნელი მასკარადი", 1934), პრისტავი ("დაკარგული სამოთხე", 1937), ნესტორი ("კოლხეთის ჩირაღდნები", 1941). გ-მა ქართ. თეატრისათვის თარგმნა და გადმოაკეთა 80-ზე მეტი პიესა. ა. გვენცაძე.







გოგოლაშვილი შოთა მინას ძე

შ. მ. გ ო გ ო ლ ა შ ვ ი ლ ი. "ჩანახატი". XX ს. 80-იანი წლები. კერძო კუთვნილება.

(28. V. 1927, თბილისი, – 28. I. 2007, იქვე), კინოს მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1970). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1956). მისი პედაგოგები იყვნენ ა. ციმაკურიძე , კ. სანაძე . 1957- იდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მხატვარი. გააფორმა ფილმები: "ხევსურული ბალადა" (1965), "მალე გაზაფხული მოვა" (1967), "დიდოსტატის მარჯვენა" (კ. ხუციშვილთან ერთად, 1969), "წუთისოფელი" (1971), "ივანე კოტორაშვილის ამბავი" (1974), "მოხეტიალე რაინდები" (1975), "წინაპართა მიწა" (1979), "წერილები ბამიდან" (1980), "ფესვები" (1986), "აშუღი ქერიბი" ("აშიკი ქერიბი", 1988, მხატვრობისათვის მირებული აქვს ევროპული კინოს პრიზი (ბერლინი), "ვალსი პეჩორაზე" (1990) და სხვ. გ-ის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია: მახვილი კომპოზიცია, კადრის სივრცის შეგრძნებისა და გადმოცემის უნარი. მისი დაზგური ნამუშევრებია: "წისქვილი" (1986, საქართვ. ეროვნული გალერეა); "გზა" (1985); "სვანეთი" (1986) – ორივე ა. პუშკინის სახ. ხელოვნ. მუზეუმი, მოსკოვი.