გოგრა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Cucurbita), ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. გ. ბაღჩეული კულტურაა, აქვს მთავარღერძა მძლავრი ფესვთა სისტემა. მისი ძირითადი ნაწილი ნიადაგში 40–50 სმ სიღრმეზეა გავრცელებული, ცალკეული ფესვები – 4–5 მ -ზე, ღერო მხოხავი და მხვიარაა, ფოთოლი ფართო (25 სმ ), გრძელყუნწიანი და ბუსუსიანი, ზარისებური ყვავილი ყვითელი ან ნარინჯისფერია. სახეობისა და ჯიშის შესაბამისად, ისხამს სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის ნაყოფს, რ-ის მასა 4–10 კგ . ზოგიერთი სახეობის გ. რამდენიმე ათეულ კგ იწონის. თესლი მსხვილი, ოვალური, თეთრი ან მოყვითალოა. გ. გაყოფილსქესიანი, ერთსახლიანი, ჯვარედინმტვერია, სითბოსა და სინათლის მოყვარული გვალვაგამძლე მცენარეა. ფართოდაა გავრცელებული გოგრის 3 სახეობა: მ ს ხ ვ ი ლ ნ ა ყ ო ფ ა (C. maxima) ანუ გიგანტური გ., რ-ისგანაც გამოყვანილია სუფრის, საკვები და დეკორ. ჯიშები [საქართველოში გავრცელებულია დიდნაყოფა (თათრული) გ.]; მ უ ს კ ა ტ უ რ ი (C. moschata) ანუ ჯავზის გ. (საქართველოში ცნობილია თაფლა გ-ის, ხურჯინას, ბორჩალოური გ-ის სახელით, გავრცელებულია ქვემო ქართლის დაბლობ ზონაში); მ ა გ ა რ კ ა ნ ი ა ნ ი (C. pepo) რა სხვადასხვა სახელწოდებითაა ცნობილი: იმერეთსა და რაჭალეჩხუმში კვახს უწოდებენ; გურიასა და აჭარაში – ხაპს; სამეგრელოსა და სვანეთში – კოპეშიას, კვახნეს; საინგილოში – გუგრას; ჭანეთში – კაიშს, ყოყორეს და სხვ. მსხვილნაყოფა და მუსკატური გ-ის სამშობლოა ამერიკა, მაგარკანიანის – აზია–აფრიკა. თესლი აღმოცენებას იწყებს 15°C ტემპ-რაზე, მისი ზრდა-განვითარების ოპტიმალური ტემპრაა 25–28°C. კარგად ხარობს ნაყოფიერ, ღრმა, ორგ. და მინერ. სასუქით უხვად განოყიერებულ მსუბუქი მექან. შედგენილობის ნიადაგზე. გ-ის ნაყოფი შეიცავს მინერ. მარილებს, ნახშირწყლებს, პექტინებს, კაროტინს, ვიტამინებს (С, B1, B2, E) და სხვ. გ-ის თესლისაგან ხდიან ზეთს. გ. სამკურნალო მცენარეა, იყენებენ საჭმელად, აგრეთვე ცხოველთა საკვებად.

ლიტ. : ჯ ა ფ ა რ ი ძ ე გ., კ ვ ა ჭ ა ძ ე გ., მებოსტნეობა, თბ., 1951; Д а с к а л о в Хр. С., К о л е в Н. Б., Овощеводство, София, 1958. ვ. ჯაფარიძე.

გოგრა. მსხვილნაყოფა გოგრა (Cucurbita maxima).
გოგრა. მუსკატური გოგრა (Cucurbita moschata).
გოგრა. მაგარკანიანი გოგრა (Cucurbita pepo).
მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გოგრა&oldid=1777-დან“