გოდერძის ნამარხი ტყე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოდერძის ნამარხი ტყე. განამარხებული ფოთოლი.

ნაპოვნია მესხეთში, გოდერძის უღელტეხილის აღმ. ფერდობზე. მდ. ძინძისწყლის (ქვაბლიანის მარჯვ. შენაკადი) ორივე ნაპირზე შიშვლდება მძლავრი ვულკანოგენური წყება, რ-იც კარგად დაცულ დიდძალ მცენარეულ ნაშთებს შეიცავს. ეს არის საქართვ. ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და კარგად შესწავლილი ნამარხი ფლორა; სამეცნ. ლიტ-რაში ცნობილია XIX ს. 80-იანი წლებიდან. მცენარეული ნაშთების სიუხვე და ხასიათი მიუთითებს, რომ აქ ვულკანური ამოფრქვევის შედეგად განამარხებული ტყეა დარჩენილი (ზოგიერთი ხე ვერტ. მდგომარეობაშიც კია დამარხული). ამ უნიკალური ფლორის ნაშთები, ძირითადად, წარმოდგენილია ხეების გაქვავებული ან ნახევრად გაქვავებული ღეროებითა და ფოთლების ანაბეჭდებით, რ-ებზეც, ხშირად, უნაკლოდაა შემონახული ნერვაციის თითოეული დეტალი. გ. ნ. ტ-ის ძირითადი ნაწილი ტენიანი, სუბტროპ. ჰავისათვის დამახასიათებელი მცენარეებია, მ. შ. აღსანიშნავია დაფნისებრების, მაგნოლიების, პალმებისა და გვიმრანაირების სიჭარბე და მრავალფეროვნება. მერქნის მიხედვით დადგენილია წიწვოვნებისა და ზოგიერთი ისეთი ფოთლოვანი მცენარის სახეობები, რ-ებიც მხოლოდ მთიანი რელიეფისთვისაა დამახასიათებელი. ნამარხი მასალის შემცველი ტუფების პეტროგრაფიული ანალიზის საფუძველზე დადგენილია გოდერძის ფლორის ზედამიოცენური ასაკი. ი. რამიშვილი.