გოზალიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი კონსტანტინეს ძე (15. XI. 1900, სოფ. ბოდბისხევი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 30. VII. 1988, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1931), პროფესორი (1936), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). 1927 დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკტი ისტ. განხრით. ი. ჯავახიშვილის წარდგენით დატოვეს თსუ-ში, რათა ბიზანტინოლოგიის დარგში საპროფესოროდ მოემზადებინათ (ხელმძღვ. ს. ყაუხჩიშვილი). 1930- იდან მუშაობდა თსუ-ში. 1943–47 ისტ. და ფილოლ. გაერთიანებული ფაკ-ტის დეკანი იყო, იმავდროულად განაგებდა ძვ. ისტ. და ბიზანტინოლოგიის კათედრებს. 1930–54 მუშაობდა საქართვ. სხვადასხვა პედ. ინ-ტში. იკვლევდა ბიზანტიასაქართვ. ურთიერთობის საკითხებს, ტრაპიზონის იმპერიის ისტ. ცალკეულ მომენტებს, პონტო-კაპადოკიაში მოსახლე ქართვ. ტომების ეთნოგენეზის პრობლემებს და მათ წვლილს ბიზანტ. ისტორიაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: 1832 წლის შეთქმულება, ტ. 1–3, თბ., 1935–76; ძველი ისტორიის ქრესტომათია, ტ. 1–2, თბ., 1951–58; ჯვაროსანთა IV ლაშქრობა და ბიზანტია, «თსუ შრომები», 1960, ტ. 87; მითრიდატე პონტოელი, გამოც. მე-2, თბ., 1965; ორი ეტიუდი პონტოსა და კაპადოკიის წარსულიდან, თბ., 1965 (იგივე რუსულად, 1967); ქართლის მოქცევის პრობლემა და ბაკური, თბ., 1974.



გოზალიშვილი

შალვა ნიკოლოზის ძე (4. I. 1909, სოფ. ბოდბისხევი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 10. VIII. 1993, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1967), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი (1930), იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართვ. სახელმწ. საჯარო ბ-კაში, საქართვ. სახელმწ. მუზეუმის (ახლანდ. საქართვ. ეროვნ. მუზეუმი) ხელნაწერთა განყ-ბაში, საქართვ. მეცნ. აკად. ხელნაწერთა ინ-ტში (ახლანდ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი), თელავის ი. გოგებაშვილის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტში, შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში. უმთავრესად იკვლევდა XIX–XX სს. ქართ. მწერლობის საკითხებს.

თხზ .: ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფები, თბ., 1951; 1905–07 წლების რევოლუცია და იროდიონ ევდოშვილი, თბ., 1955; იროდიონ ევდოშვილი. ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1961; ილია ჭავჭავაძე და ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მეგობრები, თბ., 1973; ეგნატე ნინოშვილი, თბ., 1985.