გოთუა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი სიმონის ძე (14. I. 1871, სოფ. ძიმითი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 13. I. 1936, ბელგრადი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1918). 1902-იდან მსახურობდა 256-ე ღუნიბის და მე-8 კრასნოვოდსკის სარეზერვო ბატალიონებში. მონაწილეობდა 1904–05 რუს.- იაპონიისა და I მსოფლიო (1914– 18) ომებში. თავდაპირველად მეთაურობდა ბატალიონს, შემდეგ კი რუს. საექსპედიციო კორპუსის შემადგენლობაში მყოფ "ღირსების საგანგებო ლეგიონს" საფრანგეთში. მისმა ლეგიონმა მოკავშირეთა არმიებს შორის პირველმა გაარღვია სახელგანთქმული "ჰინდენბურგის ხაზი", რისთვისაც მიიღო "საპატიო ლეგიონის" ორდენი. 1918-იდან ემიგრაციაში (იუგოსლავია) წავიდა. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით და საფრანგეთის "სამხედრო ჯვრით".

ლიტ .: К е p с н о в с к и й А. А., История русской армии, т. 1–4, М., 1992–94. მ. გოგიტიძე.




გოთუა

თამარ პართენის ასული (25. XII. 1919, თბილისი, – 15. I. 2007, იქვე), პირველი ფთიზიოქირურგი ქალი საქართველოში. მედ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1985), საქართვ. დამს. ექიმი (1975). 1940 დაამთავრა თბილ. სტომატოლოგიური ინტი, 1948 კი – თბილ. სამედ. ინტი. II მსოფლიო ომის მონაწილე; 1943–45 იყო მე-18 სადესანტო არმიისა და #714 ქირურგ. საველე ჰოსპიტლის ქირურგი. 1949–65 მუშაობდა ტუბერკულოზის სამეცნ.- კვლ. ინ-ტის გულმკერდის ქირურგ. განყ-ბაში, 1965–78 – ექიმთა დახელოვნების თბილ. ინ-ტის გულმკერდის ქირურგ. საპრობლემო ლაბორატორიაში. 1978–2000 იყო ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ფილტვის ქირურგ. განყ-ბის ხელმძღვანელი, 2000-იდან – ამავე განყ-ბის კონსულტანტი. გ. ავტორია მრავალი სამეცნ. შრომისა, რ-ებიც ეხება გულმკერდის ქირურგ., ექსპერ. ფიზიოლ., ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის აქტუალურ საკითხებს, და ორი ლიტერატურული ნაწარმოებისა ("სიკვდილთან ჭიდილი" და "თავგადასავალი ლევან გოთუასი" – ორივე 1990). წლების მანძილზე იყო ვეტერან სპორტსმენ ქალთა საბჭოსა და ექიმთა დახელოვნების თბილ. ინ-ტის ომისა და შრომის 81 ვეტერანთა საბჭოს თავრე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები (მ.შ. საბრძოლო) და ღირსების ორდენი (2001).

თხზ .: Биотоки головного мозга и сердца при резекциях легких у больных туберкулезом, «Труды VII всесоюзного съезда фтизиатров», М., 1966.



გოთუა

ლ. გოთუა.

ლევან პართენის ძე (10. III. 1905, თბილისი, – 30. I. 1973, იქვე, დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს ტაძრის ეზოში), მწერალი. სწავლობდა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ტზე. 1921 თებ-ში მოხალისედ წავიდა კოჯორში და შეუერთდა თბილისის დამცველებს. იყო ეროვნ.-დემოკრ. პარტიის წევრი და მისი ახალგაზრდული ფრთის ლიდერი. მონაწილეობდა 1924 აჯანყების მომზადებაში. ამავე წლის აგვისტოში დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. შვიდი თვის შემდეგ გაათავისუფლეს. 1925 აგვისტოში ხელახლა დააპატიმრეს, ერთხანს თბილ. და მოსკ. ციხეებში იმყოფებოდა, შემდეგ კი სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. პატიმრობა ვლადიკავკაზში (ჩრდ. ოსეთი) თავისუფალი გადასახლებით შეუცვალეს. გაქცევის მცდელობისათვის სასჯელი 1936-მდე გაუხანგრძლივეს. იყო ნარიმისა და ბიისკის საკონცენტრაციო ბანაკებში. II მსოფლიო ომის გამოცხადებისთანავე შექმნა იატაკქვეშა პოლიტ. ორგანიზაცია "საქართველოს ეროვნული თავდაცვის კომიტეტი", რის გამოც 1946–55 კვლავ მოათავსეს ვორკუტის საკონცენტრაციო ბანაკში. შემორჩენილია პატიმრობის დროინდელი ლექსები, დღიურები, ისტ. დრამა "სამსახეობა რაინდისა" და, რაც მთავარია, ისტ. რომანი "გმირთა ვარამი", რ-იც გ-მ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გადაამუშავა და 1958–62 გამოსცა (II გამოც., წგ. 1–4, 1965– 67). ტეტრალოგია "გმირთა ვარამი" მეტად მნიშვნელოვანია გ-ს შემოქმედებაში. მოქმედება ხდება XVI–XVIII სს. საქართველოში. აღწერილია ქვეყნის ყველაზე სისხლიანი ეპოქის ისტორია, ქართვ. ხალხის სულიერი სიმტკიცე, კახეთის მეფე ალექსანდრე II-ისა და მისი ოჯახის დრამატიზმით აღსავსე ცხოვრება. რომანში უხვად არის მოშველიებული ისტ. ფაქტები, ეთნოგრ. მასალა, გეოგრ. ცნობები; წარმოდგენილი არიან ისტ. პირები, კოლორიტული ხალხ. პერსონაჟები. რომანის ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდებშიც კი მკაფიოდ ჩანს დაცემული ქვეყნის აღდგენის იმედი. ასევე საინტერესოა რომანი "მითრიდატე" (1970, დასრულებულია მხოლოდ I წიგნი), რ-შიც აღწერილია ქართველური ტომების გაერთიანების დასაწყისი I ს-ში. ისტ. თემას გ-ს შემოქმედებაში თვალსაჩინო ადგილი ეთმობა. ამ თემაზეა დაწერილი დრამები: "მეფე ერეკლე" (1942), "უძლეველნი" (1943), "დავით აღმაშენებელი" (1945), "სამსახეობა რაინდისა" (1946); მოთხრობები: "კრწანისის სევდა" (1941), "ყინწვისის ანგელოზი" (1943), "ხანძთის ზარი" (1945), "უგზო ქარავანი" (1945), "სიბრძნე სიკვდილისა" (1949). გ. მხოლოდ ისტ. თემით არ შემოფარგლულა. აღსანიშნავია ასევე რომანი "ლეკვი ლომისა" (1963); მოთხრობები: "ნისლი ნახატარის ტყეში" (1959), "ფიქრები თოკის კიბეზე" (1960), "ფრესკის მეორედ დაბადება" (1961) და სხვ. გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიც. წერილი, საბავშვო მოთხრობა, ნოველა. მისი უკანასკნელი ნაწარმოებია "სერაფიტა" (1973). გ. ბევრს მოგზაურობდა, იყო მთამსვლელიც – დალაშქრული აქვს ბევრი მწვერვალი. მოგზაურობის შთაბეჭდილებები აღწერა ნარკვევების წიგნში "მგზავრული კრიალოსანი" (1960). ქართ. თეატრების სცენაზე (უმეტესად კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრში) იდგმებოდა გ-ს პიესები: "დავით აღმაშენებელი" (1946, რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი), "მეფე ერეკლე" (1963, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე) და სხვა. რომან "გმირთა ვარამის" მიხედვით დაიდგა აგრეთვე ამავე სახელწოდების სპექტაკლი (1976, რეჟ. ა. ჩხარტიშვილი).

თხზ .: თხზულებათა კრებული 6 ტომად, თბ., 1975–82.

ლიტ .: გ ო თ უ ა თ., გ ო თ უ ა ა., თავგადასავალი ლევან გოთუასი, თბ., 1955; ნ ო რ ა კ ი ძ ე ვ., ლევან გოთუა. ფსიქოლოგიური პორტრეტი, თბ., 1976; ლევან გოთუა. ბიობიბლიოგრაფია, შედგ. კ. რამიშვილისა და რ. მეგრელიძის მიერ. ბიოგრ. ნარკვევი ს. ხუციშვილისა, თბ., 1976. რ . ჩხეიძე.


გოთუა

პ. გოთუა.

პართენ ალექსანდრეს ძე (10. X. 1873, სოფ. ძიმითი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 2. V. 1936, თბილისი), მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი, ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ - გ ა მ ო მ ც ე მ ე ლ ი , საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი. თხზულებისათვის "1889 წლის საფრანგეთის სათავადაზნაურო დარიგებები" დააჯილდოვეს ოქროს მედლით და მიავლინეს საზღვარგარეთ. იმოგზაურა შვეიცარიაში, გერმანიასა და ავსტრია- უნგრეთში. 4 თვე იმუშავა საფრანგეთში, ლუვრის საპარლამენტო არქივში. 1898 დანიშნეს ვლადიკავკაზის საქალაქო სასწავლებელსა და ქალთა გიმნაზიაში ისტ., გეოგრ., პედ. და მეთოდიკის მასწავლებლად. 1899 გ. იყო ვლადიკავკაზის ქართ. სკოლის ფაქტობრივი ხელმძღვანელი და ქართ. საზბის თავ-რე. მისი თაოსნობით გაფართოვდა სკოლის შენობა, აშენდა სათეატრო დარბაზი, შეიქმნა ქართვ. მსახიობთა დასი და მომღერალთა გუნდი. 1903 გ-მ მუშაობა დაიწყო თბილისში ბეჭდვითი კომიტეტის ცენზორად, თუმცა მალე დაითხოვეს "არაკეთილსაიმედოობის" გამო. 1905 დააარსა ქართ. ეროვნ. ორიენტაციის რუსულენოვანი გაზეთი "ვოზროჟდენიე", რისთვისაც იდევნებოდა ხელისუფლების მიერ. გაზეთთან თანამშრომლობდნენ იმდროინდელი პროგრ. საზ. მოღვაწეები და მწერლები, მ.შ. ნ. ნიკოლაძე და ა. წერეთელი. 1907 გ. აირჩიეს ქალაქის საბჭოს ხმოსნად. როგორც ედპ-ის წევრი, იღვწოდა აჭარაში ქართ. სკოლების ქსელის გასაფართოებლად, თბილისში პოლიტექ. უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, შემდეგ კი – თავ-რე. გ. სიჭაბუკის დროიდან მოღვაწეობდა სალიტ. ასპარეზზე და აქვეყნებდა მოთხრობებს, თარგმანებსა და ნარკვევებს ჟურნალ-გაზეთებში ("ცნობის ფურცელი", "ჯეჯილი", "ივერია", "მწყემსი", "კვალი", "მოამბე" და სხვ.). მის კალამს ეკუთვნის დრამები: "სიკვდილი", "სამზადისი", "კენჭისყრა", "პარტიის კაცი" და სხვ. გ-მ შეისწავლა ფინანს.-ეკონ. დარგი, აქტიურად მონაწილეობდა საქალაქო და ცენტრ. ბანკის დაფუძნებაში, რ-საც თვითონ ჩაუდგა სათავეში. გამოუშვა ქართ. გაზ. "სავაჭრო გზა" და "ახალი დროება"; დასტამბა არაერთი ნაშრომი საქართვ. ეკონ. განვითარების საკითხებზე. იყო ქველმოქმედი (ეხმარებოდა ხელმოკლე ახალგაზრდა მწერლებსა და სტუდენტებს). დაიღუპა საგზაო კატასტროფის დროს. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე, მწერალთა ყოფ. პანთეონში. დ. გურგენიძე. რ. ჩხეიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გოთუა&oldid=1800-დან“