გოკიელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ა. გოკიელი.

არჩილ პეტრეს ძე [14 (27). VIII. 1903, ქუთაისი, – 30. XI. 1985, თბილისი], ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1949), პროფესორი (1954), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1963). 1925 დაამთავრა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკტი. 1926–30 მუშაობდა საქართვ. სახელმწ. საგეგმო და საფინანსო ორგანოებში. 1928-იდან კითხულობდა ლექციებს ფინანსთა სახალხო კომისარიატის სააღრიცხვო და საფინანსო კურსებზე, შემდეგ კი – თბილ. საფინანსო-კოოპერაციულ ინ-ტში; 1933-იდან მოღვაწეობდა თსუ-ში, სადაც 1937–38 იყო ეკონ. ფაკ-ტის დეკანი, 1958– 85 კი – სახ. მეურნეობის დაგეგმვის კათედრის გამგე. გ-ის სამეცნ. შრომებმა დიდი წვლილი შეიტანა საბჭ. ფინანსებისა და ვაჭრობის ეკონომიკის, აგრეთვე სახ. მეურნეობის დაგეგმვის პრობლემების შესწავლაში. მან იმ დროისათვის ერთ-ერთმა პირველმა მოგვცა საბჭ. ვაჭრობის არსის, ფუნქციებისა და როლის ყველაზე სრულყოფილი განმარტება. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. მ. ჯიბუტი.







სარჩევი

გოკიელი გაბრიელ იოსების ძე

(1869, ახალციხე, – 18. II. 1958, ქუთაისი), ექიმი და საზოგადო მოღვაწე. 1898 დაამთავრა ხარკოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი და მუშაობა დაიწყო მოსკ. თერაპიულ კლინიკაში პროფ. ა. ოსტროუმოვთან. შემდეგ პარიზში ეუფლებოდა მკურნალობის ფიზიოთერაპიულ მეთოდებს. 1901- იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ქუთაისში. გ. საქართველოში ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობის ერთ-ერთი პიონერი იყო. მისი თაოსნობითა და ნაწილობრივ მისივე სახსრებით ქუთ. აგრონ. ტექნიკუმთან აშენდა ამბულატორია და რამდენიმესაწოლიანი საავადმყოფო, სადაც უსასყიდლოდ ემსახურებოდნენ ტექნიკუმის მოსწავლეებსა და პედაგოგებს, აგრეთვე ქუთ. დრამ. თეატრის მსახიობებს. გ. იკვლევდა ქართ. ხალხ. მედიცინის ისტ. საკითხებს, აბასთუმნის საკურორტო ფაქტორებს, აქვეყნებდა სამეცნ.-პოპულ. წერილებს. იყო ქუთ. საექიმო საზბის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ლიტ .: მ ე ფ ი ს ა შ ვ ი ლ ი გ., თეატრის მოამაგე ექიმები, თბ., 1975; ს ა ყ ვ ა რ ე ლ ი ძ ე ს., გაბრიელ გოკიელი, თბ., 1973. მ. შენგელია.



გოკიელი გია ვახტანგის ძე

(დ. 7.I. 1941, თბილისი), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1982), საქართვ. მედ. მეცნ. აკად. წევრი (1994). 1964 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1981–88 იყო ამავე ინ-ტის ჰოსპიტალური ქირურგ. კათედრის პროფესორი, 1988–2002 – ქირურგ. სნეულებათა კათედრის გამგე, 1986–90 – ქალაქის მთ. ქირურგი, 1990–96 – კ. ერისთავის სახ. ქირურგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი, 2002-იდან საქართვ. სახელმწ. სამედ. აკად. გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის სამეცნ.-პედ. ცენტრის ხელმძღვანელია. გ. შეისწავლის გულმკერდისა და მუცლის ღრუს ქირურგიის აქტუალურ საკითხებს. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომის, 2 გამოგონებისა და 5 სასარგებლო მოდელის. გამოქვეყნებული მონოგრაფიისთვის "მიოკარდიუმის მწვავე იშემია და გულის გადანერგვა", მეცნიერთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1989). გ. არის ჟურნ. "კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის" დამფუძნებელი და რედაქტორი (1991-იდან). 1993 დააფუძნა ასევე საზ. ორგანიზაცია – ქირურგიის საქველმოქმედო ფონდი. დაჯილდოებულია აკად. გ. მუხაძის სამახსოვრო მედლით (1981) და ღირსების ორდენით (1999).

თხზ .: მკურნალობის ოპერაციული მეთოდის მნიშვნელობა კუჭის კიბოს დროს, თბ., 1971; ზოგიერთი ახალი მეთოდის დანერგვა მწვავე პერიტონიტების მკურნალობაში, თბ., 1988; მუცლის ღრუს ჭრილობები, თბ., 2003.



გოკიელი ელენე სტეფანეს ასული

ე. გოკიელი.

(25. VIII. 1918, თბილისი, – 26. XII. 1992, იქვე), სპორტსმენიa (მძლეოსნობა, თარჯრბენი, სიგრძეზე ხტომა). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1946), სსრკ დამს. მწვრთნელი (1972), საქართვ. ფიზკულტ. და სპორტის დამს. მუშაკი (1972). 1939 დაამთავრა თბილ. რკინიგზის ტრანსპ. ინჟინერთა ინტი, 1956 – საქართვ. ფიზკულტ. ინ-ტი. სსრკ ჩემპიონი (1946) გამორბენით სიგრძეზე ხტომაში. სსრკ რეკორდსმენი 80 მ -ზე თარჯრბენში (მოსკოვი, 1949; ჰელსინკი, 1952). ევრ. ჩემპიონატის (1946, ოსლო) ვერცხლის პრიზიორი თარჯრბენში. 1969-იდან გარდაცვალებამდე იყო თსუ-ის ფიზ. აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ნ. გუგუშვილი.








გოკიელი ივანე ( ვანო) რაფიელის ძე

ი. გოკიელი.

(9 (21). X. 1899, თბილისი, – 10. VII. 1972, იქვე), კომპოზიტორი და პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1969). 1931 დაამთავრა ლენინგრადის (სანქტპეტერბურგი) კონსერვატორია (ვ. შჩერბაჩოვის საკომპოზიციო კლასი). 1932–34 იყო საქართვ. კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის პ/მგ მდივანი, 1938–42 – გამგეობის თავ-რე. 1933–36 – საქართვ. რადიოკომიტეტის მუს. გადაცემათა რედაქტორი, 1942–44 83 – თბილ. კონსერვ. დირექტორი. გ. საქართველოში სიმფ. ორკესტრის ერთ-ერთი ფუძემდებელია (1924– 25). დაწერილი აქვს ოპერები: "პატარა კახი" (1942, ა. წერეთლის ამავე სახელწ. პოემის მიხედვით, დაიდგა 1943, თბილისი), "წითელქუდა" (1960, დაიდგა თბილისში, ვილნიუსში, ხარკოვსა და დონეცკში) და "ბროლის ქოში" (ლირ.-კომიკური მუს. ზღაპარი შ. პეროს "გერიას" სიუჟეტზე, 1964, დაიდგა 1965, თბილისი), სიუიტა ქორეოგრ. პოემიდან "ვეფხისტყაოსანი" (1933) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ლიტ .: გ ე ლ ა ძ ე თ., ვანო გოკიელი, «საბჭოთა ხელოვნება», 1970,

  1. 1; П и ч х а д з е М. Я., Вано Гокиели,

«Советская музыка», 1955, №7. მ. გედევანიშვილი.






გოკიელი ლევან პეტრეს ძე

ლ. გოკიელი.

[20. XI (3. XII). 1901, ქუთაისი, – 4. I. 1975, თბილისი], მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1961). ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1935), პროფესორი (1936), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1944). დაამთავრა თსუ (1924, მათ. ფაკ-ტის პირველი გამოშვების ერთადერთი კურსდამთავრებული). მუშაობდა თსუ-ში მათ. დაფუძნებისა და ისტ. კათედრის გამგედ (1934–70), აგრეთვე საქართვ. მეცნ. აკად. მათ. (1935–48) და ფილოს. (1948–53) ინ-ტებში. საქართვ. მათ. საზ-ბის პრეზიდენტი (1967–71). თავდაპირველად დაინტერესებული იყო ძირითადად მათემატიკის დაფუძნების პრობლემებით. ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევისას იგი აანალიზებდა და კრიტიკულად აფასებდა სიმრავლეთა თეორიის პარადოქსების გადაჭრისა და მათემატიკური დაფუძნების ძირითად მიმართულებებს (ლოგიციზმი, ინტუიციონიზმი და ფორმალიზმი). შემდგომში მათ. ანალიზის ძირითად ცნებათა და დებულებათა ლოგიკურმა ანალიზმა, რ-იც მან საფუძვლად დაუდო კ. მარქსის მათ. ხელნაწერების შესწავლასა და კომენტირებას (მარქსი კ., მათემატიკური ხელნაწერები. თარგმანი და გამოკვლევა, თბ., 1947), გ. მიიყვანა ლოგიკის დაფუძნების პრობლემებისა და მისი აგების მეთოდის კვლევის აუცილებლობამდე. მან შეიმუშავა დიალექტ. ლოგიკის საკუთარი სისტემა, ე. წ. ძირეული დასკვნის თეორია, რ-იც, მისი აზრით, არის ლოგიკის განვითარების უმაღლ. საფეხური, ლოგიკისა და დიალექტიკის იგივეობის შესახებ თეზისის ხორცშესხმა, სიმრავლეთა თეორიის პარადოქსების გადალახვისა და ლოგიკის აგების ჭეშმარიტი მეთოდი. ამ კონცეფციის შემუშავებისას გ-ზე გავლენა იქონია ს. წერეთლის შეხედულებებმა. მისი ძირეული დასკვნა არის დებულების ჭეშმარიტების დადგენა იმის ჩვენებით, რომ მისი უარყოფა (უარყოფის ფაქტი) თავის თავში შეიცავს გარკვეული სახის ლოგიკურ შეუძლებლობას – რეგრესს უსასრულობაში. მაგ., უძველესი დროიდან ცნობილ არგუმენტს ჭეშმარიტების უარმყოფელთა წინააღმდეგ გ. ძირეული დასკვნის სახით ასე აყალიბებს: ის, ვინც უარყოფს ჭეშმარიტებას, ე.ი. ამტკიცებს მის არარსებობას, მან უნდა უარყოს ეს მტკიცება, შემდეგ იგივე გააკეთოს ამ შესწორების მიმართ და ა.შ. უსასრულოდ. გ-ის მიხედვით, ძირეული დასკვნა მხოლოდ ჰგავს აპაგოგიურ დასაბუთებას (დასაბუთების წინააღმდეგობაზე დაყვანით). ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ძირეული დასკვნა არის დებულების ჭეშმარიტების აბსოლუტური (უწინამძღვრო) დასაბუთება. გ-ის თანახმად, ჭეშმარიტება და მისი დადგენა-დასაბუთება ერთიანი პროცესის ორი მხარეა. ლოგიკა არის ფილოს. დისციპლინა, რ-იც შეისწავლის ჭეშმარიტებას, მისი დადგენადასაბუთების კანონზომიერებას. აქედან გამომდინარე, ლოგიკა არ შეიძლება აიგოს აქსიომატურდედუქციური მეთოდით, რადგან მეთოდის გამოყენებისას თავდაპირველად საჭიროა შემოვიღოთ აქსიომები, რ-ებიც საშუალებას მოგვცემენ გამოვიყენოთ უკვე შემოღებული აქსიომები და ა. შ. ამ ლოგიკურად ყალბი სიტუაციის დასაძლევად უნდა მივმართოთ ლოგიკის აგების ისეთ მეთოდს, რ-იც ნათელს გახდის, რომ ლოგიკის ძირითადი დებულებების ჭეშმარიტება მათივე საშუალებით დადგინდება. ეს თვითდადგენა ძირეული დასკვნით ხორციელდება. გ-ის აზრით, მათ. ანუ სიმბოლური ლოგიკა არ არის ლოგიკა, ის მათ. დარგია, თუმცა მასში ხდება ლოგიკის აპარატის მათ. გადამუშავება.

თხზ .: სიმრავლეთა თეორიის დაფუძნების საკითხები, ტფ., 1934; მათემატიკური ანალიზის შესავალი, თბ., 1938; მათემატიკის საფუძვლები, თბ., 1957; О природе логического, Тб., 1958; Логика, т. 1–2, Тб., 1965–67.

ლიტ .: ჭ ო ღ ო შ ვ ი ლ ი გ., ლევან გოკიელი, თბ., 1976. ლ. მჭედლიშვილი







გოკიელი ფატი (ფატმან) გაბრიელის ასული

[12 (25). VII. 1903, ქუთაისი, – 3. XII. 1973, თბილისი], ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1948). დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი (1924). ამზადებდნენ საპროფესოროდ, რისთვისაც იმავე წელს დატოვეს თსუ-ში იურიდ. განხრით ( ხელმძღვ. ლ. ანდრონიკაშვილი ). 1927 დაატოვებინეს უნ-ტი, რადგანაც უარი თქვა ლ. ანდრონიკაშვილის გაკრიტიკებაზე. 1938 ისევ თსუ-ის ასპირანტია, ამჯერად დას. ევროპის ლიტ-რის სპეციალობით. პირველი თარგმანი 1928 გამოაქვეყნა. იკვლევდა ფრანგ.- ქართულ და რუს.-ქართულ კულტ.- ლიტ. ურთიერთობების ისტორიას. კითხულობდა ლექციებს კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრთან არსებულ დრამ. სტუდიაში, ქუთაისის პედ. ინ-ტში, თბილისის ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა ინტში, თბილ. პედ. ინ-ტში. 1946–49 იყო ქუთ. პედ. ინ-ტის უცხო ენების კათედრის გამგე და ფაკტის დეკანი. მის ნაშრომთაგან აღსანიშნავია "ბელინსკი და დასავლეთის რომანტიზმი" (1958), "XIX საუკუნის ქართული პრესა და საფრანგეთის პროგრესული პუბლიცისტიკა" (1961), "შუა საუკუნეების ფრანგული სოციალურ-პატრიოტული პოეზია" (1962). თარგმნა ჰაინრიხ დერნბურგის "პანდექტების" ზოგადი ნაწილი (1928) და მოლიერის "ძალად ექიმი" (1936). დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. დ. თევზაძე.



გოკიელი ჯემალ ივანეს ძე

ჯ. გოკიელი.

(4.VIII. 1920, ქუთაისი, – 14. IV. 1991, თბილისი), დირიჟორი და პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1980). კომპოზიტორ ი. გოკიელის ვაჟი. 1943 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია საოპერო-სიმფ. დირიჟორის სპეციალობით (ო. დიმიტრიადის , მ. სტოლიაროვისა და ა. გაუკის კლასები, 1937-მდე ერთხანს, ე. მიქელაძის კლასშიც მეცადინეობდა). 1944–48 იყო თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის, ხოლო 1948-იდან – საქართვ. სახელმწ. სიმფ. ორკესტრის დირიჟორი. რეპერტუარში ჰქონდა მსოფლიოს კლასიკური და ქართ. მუსიკის საუკეთესო ნიმუშები. გ. იყო ქართვ. კომპოზიტორთა მრავალი ნაწარმოების პირველი შემსრულებელი (რ. ლაღიძის სიმფ. პოემა "სამშობლოსათვის", ი. გოკიელის არაერთი ნაწარმოები და სხვ.). ავტორია რამდენიმე საორკესტრო ტრანსკრიფციისა. 1956–85 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. კონსერვ. საგუნდო- სადირიჟორო კათედრაზე. გ. ტორაძე.