გოკიო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ალასტანის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალქალაქის პლატოზე, მდ. გოკიოსწყლის (ჭობარეთისწყლის მარცხ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 1780 , ახალქალაქიდან 24 კმ . 549 მცხ. (2002). გ. მდებარეობს ისტ. ჯავახეთში. სოფლის მახლობლად, ხევის მარცხ. ნაპირზე, ორი გორაა; დასით მდებარე უფრო ამოზიდული და ყელგადაჭრილია. მისი თხემი (ფართ. დაახლ. 150 × 70 ) გალავნის ნანგრევითაა შემოზღუდული. გალავნის შიგნით სათავსების ნაშთებია. ანაკრეფ კერამ. ფრაგმენტებში ჭარბობს გვიანდ. ბრინჯაო – ადრინდ. რკინის ხანის ნატეხები. გალავნითაა გამაგრებული აღმით მდებარე მეორე გორაც, რ-ის შიგნით ასევე მოჩანს სათავსების ნაშთები. ანაკრეფ კერამიკაში აქ წინარეფეოდალურთან ერთად ფეოდ. ხანის ნატეხებიცაა. ამჟამად სოფელში შემორჩენილია ორი მოგეკლესიის ნანგრევი, ადრე კი უფრო მეტი იყო. მომცრო ეკლესიის საკურთხეველში თავდაყირა დაუდგამთ სამხრ. შესასვლელის ბალავრის ქვა, რომელზეც აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. აქვე აწყვია ჯვრიანი ქვები და სამთაღიანი ბრტყელი ფილა. მეორე, დას-ით მდგარი, მოზრდილი ეკლესიის (20 მ × 12 მ ) კედლები უკეთესად არის შემონახული. ნაგებია გათლილი ქვით. არქიტ. დეტალთაგან შემორჩენილია ოთხი პილასტრი. ორივე ეკლესიას გალავანი ჰქონია, რ-თა შიგნით საფლავის ქვებია (ცხენებისა და ვერძების ქანდაკებები). დიდი ეკლესიის სამხრ.-აღმ. კუთხესთან საფლავის ქვაზე გამოსახულია მამაკაცის ფიგურა, რ-საც მარჯვ. ხელში უჭირავს წრეში ჩასმული ჯვარი. რელიეფური წარწერის ნაშთზე იკითხება მხოლოდ ორი ასონიშანი – "ე" და "კ". "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, 1595 სოფ. გ. შედიოდა ხერთვისის ლივის ტყიანი ჯავახეთის ნაჰიეში (რ-ნი), ცხოვრობდა 18 კომლი: მახარებელი, რუბენ ძე მისი, იოსებ ძმა მისი, ვარაზგულ ესტატესძე ქრისტესა, ძმა მისი, იმარინდო ჯვარასძე, ილარიონ ძე მისი, პაპუნა ძმა მისი, გიორგი მახარებლისძე, რევაზ ძმა მისი, ქაქუჩა, ზურაბ ძე მისი, ... ვეფხიასძე, მაზანა, სოზია ძე მისი, იორდანე, ბადურა ბეროზას ძე, ილო ძე მისი. მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელის თესლი; ჰქონდათ ბოსტანი, ერთი თვალი წისქვილი, ერთი თვალი ზეთსახდელი; ჰყავდათ ღორი, ცხვარი, ფუტკარი და იხდიდნენ 15000 ახჩას წლიურად. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, XVIII ს-ში გ. იყო: "ქალაქი მცირე. მოსახლენი არიან მესხნი, სომეხნი და ურიანი ვაჭარნი". 1917 რევ. შემდეგ აქედან აყრილან ადგილ. მცხოვრები თარაქამები (ყარაფაფახები), რ-თაც თავიანთი სახლ-კარი ბორჯომის ხეობიდან ჩამოსული ოსებისათვის მიუყიდიათ. ოსებს ვერ აუტანიათ აქაური ჰავის სიმკაცრე და კვლავ გუჯარეთის ხეობაში დაბრუნებულან. ოსების შემდეგ აქ დასახლებულან სომხები და ახალციხის რ-ნიდან მოსული ქართველები. ამჟამად ამ სოფელში სომხ. მოსახლეობა ჭარბობს. ქართ. მოსახლეობის გვარებია: ტაბატაძე, ინასარიძე, ზაზაძე, ხუციშვილი და სხვ.

წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; ჯ ი ქ ი ა ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2, თბ., 1941; წგ. 3, თბ., 1958. დ . ბერძენიშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გოკიო&oldid=637-დან“