გოლოვინოს სამაროვანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლი სოფ. გოლოვინოს მიდამოებში (სომხ. რესპ.). გამოვლინდა რამდენიმე სამაროვანი: 1. 1929, 1950 გათხარეს ძვ. წ. VIII–VII სს. კრომლეხები. აღმოჩნდა ბრინჯაოსა და რკინის იარაღი (სატევრები, დანები, შუბისპირები), ბრინჯაოს სამკაული (სამაჯურები, რგოლები, ხატისუღლები, საკიდები, სარტყელი, მძივები), პასტისა და ქვის მძივები, ბრინჯაოსა და თიხის ჭურჭელი. 1950 იქვე გათხარეს ორმოსამარხი, რ-შიც ადამიანისა და ცხენის ჩონჩხები იყო; 2. აღნიშნული სამაროვნიდან 500 მ -ზე აღმოჩნდა პირველი საუკუნეების სამარხები. გათხარეს აგრეთვე ძვ. წ. VIII–VII სს. 2 აკლდამა, რ-ებშიც შავპრიალა თიხის ჭურჭელი იყო. გ. ს-ში გამოვლენილი მასალა თრიალეთის სინქრონული ძეგლების მსგავსია.

ლიტ .: М а р т и р о с я н А. А., Раскопки в Головино, კრ.: Археологические раскопки в Армении, Ер., 1954,№ 4. ლ. ფანცხავა.