გოლცევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიქტორ ვიქტორის ძე [15 (28). VII. 1901, მოსკოვი, – 9. V. 1955, იქვე], რუსი კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე. სწავლობდა ბრიუსოვის სახ. უმაღლეს ლიტ.-მხატვრულ ინ-ტში (1923-მდე). პირველი ნაწარმოები 1923 გამოაქვეყნა. XX ს. 30- იანი წწ. დასაწყისიდან გაიტაცა ქართულმა ლიტ-რამ. იყო ქართ. ლიტ-რის კარგი მცოდნე და პოპულარიზატორი. ავტორია რამდენიმე წიგნისა და 50-ზე მეტი სტატიისა ქართ. ლიტ-რის შესახებ. მანვე შეადგინა ანთოლოგია "ქართული პოეზია" (რუს. ენაზე, 1949). საგანგებო ნაშრომები მიუძღვნა შოთა რუსთაველის (მონოგრაფია), დ. გურამიშვილის, ი. ჭავჭავაძის, ნ. ბარათაშვილის, ა. წერეთლის, ა. ყაზბეგის, ვაჟაფშაველას, ე. ნინოშვილის, ტ. ტაბიძის, გ. ლეონიძის (მონოგრაფია), ს. ჩიქოვანის, ი. გრიშაშვილის, ა. მირცხულავას, კ. კალაძის, ლ. ქიაჩელის, კ. გამსახურდიას, ს. კლდიაშვილის, კ. ლორთქიფანიძის, ა. ქუთათელისა და სხვა თანამედროვე მწერალთა შემოქმედებას. გ. იყო რედაქტორი, შემდგენელი, წინასიტყვაობის ავტორი და კომენტატორი ქართვ. მწერალთა 80-მდე რუსულად გამოცემული წიგნისა. საქართველოს დაუკავშირა რუსი მწერლები: ნ. ზაბოლოცკი, ა.მეჟიროვი, მ. ლუკონინი და სხვები. იყო ჟურნ. "დრუჟბა ნაროდოვის" რედაქტორი. ამ პერიოდის ჟურნალის ფურცლებზე გაფართოვდა ქართ. თემატიკა და თანამშრომლობა ქართვ. ავტორებთან. გ-ს თითქმის მთელი საქართველო ჰქონდა შემოვლილი. ამ მოგზაურობის შედეგად დაწერა მრავალი ნარკვევი ("სავანე", "სინათლე" და სხვ.).

თხზ .: შოთა რუსთაველი და მისი პოემა, თბ., 1941; სინათლე, თბ., 1948; Литературно-критические статьи, Тб., 1957; Статьи и очерки, М., 1958.

ლიტ .: მ ა რ გ ვ ე ლ ა შ ვ ი ლ ი გ., ვ. გოლცევის წერილები და ნარკვევები, «მნათობი », 1959, #8; მ ი ს ი ვ ე, მტკვარდალეული, «ლიტერატურული საქართველო », 1971, 10 სექტ.; მ ი ს ი ვ ე, Мастер дружбы, წგ.: Несгорающий костер, Тб., 1973; თ и х о н о в Н.,Большой характер, «Дружба народов», 1961, №12. გ. მარგველაშვილი.