გომანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზაკვის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალქალაქის პლატოზე, მდ. მეჯურის (ბარალეთისწყლის შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1780 , ახალქალაქიდან 13 კმ . 1,5 ათ. მცხ. (2002). გ. მდებარეობს ისტ. ჯავახეთში. სოფლის ნამდვილი სახელია გომი. ყოფილა დიდი და პატარა გომი, ამიტომ გ. შეიძლება მრავლობითის მანიშნებელიც იყოს. საქართველოში სახელწ. "გომი“ ხშირად გვხვდება. მას მსხვილფეხა რქოსანი საქონლის საზამთრო მიწური სადგომის მნიშვნელობაც აქვს. გ-ის მახლობლად, ყელგადაჭრილ ქედზე, გამაგრებული გორაკია, რ-საც გალავნის ნაშთი და ნასადგომევის ბუდეები შერჩენია. ანაკრეფი კერამ. ფრაგმენტები გვიანდ. ბრინჯაოსა და ადრინდ. 89 რკინის ხანისაა. "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, 1595 ამ სოფელში 25 კომლს უცხოვრია: სალუყაზანისძე, ქავთარა ბევროზასძე, იმედა ქაიმაროზისძე, ბევროზას შვილიშვილი, მახარებელი, ოქროპირ მღვდლის შვილი, ფრიდონა ფერაზასძე, ზესელა ზაქარასძე, იორდან, ძმა მისი, გულას შვილიშვილი, მახარებელ მარცვალასძე, ისაკა, მახარა, ძმა მისი, პაპუნა ისაკასძე, ელისა მღვდელი, მამუკას შვილიშვილი, იორამ, მერაბა, ბატატა გოშფარასძე, ზესელა ძმა მისი, დათუნა კვირიკასძე, რევაზ, სუმბატა შოთასძე, ელია სურხანისძე. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელის თესლი, ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი, ჰქონიათ ბოსტნები, ერთი თვალი წისქვილი. მათი წლიური გადასახადი 6000 ახჩა ყოფილა. 1704–05 სოფ. გომი ახალქალაქის ლივაში შემავალ აკშეჰირის ნაჰიეს (რ-ნი) ეკუთვნოდა და მისი გადასახადი 8000 ახჩას შეადგენდა. 1863 საბუთში დიდი და პატარა გომია დასახელებული, მაგრამ პატარა გომი უკვე გაუკაცრიელებული ყოფილა. 1870 გომში 51 კომლი ცხოვრობდა (1830 აქ სომხ. მოსახლეობა გადმოსახლებულა ერზურუმის მხრიდან). გ-ის ეკლესია 1846 არის აგებული, ძვ. სასაფლაოზე შერჩენილია ქვის ყოჩი და გუმბათიანი ეკლესიის მაკეტი. ახ. სომხ. ეკლესიის კედელში დაუყოლებიათ ძვ. ქართ. ეკლესიის ქვაჯვარის ბაზისი.

წყარო: ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი, ც. აბულაძისა და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979; ჯ ი ქ ი ა ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2, თბ., 1941; წგ. 3, თბ., 1958. დ. ბერძენიშვილი.