გომარო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტის ზანავის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე. ზ. დ. 1560 , ადიგენიდან 6 კმ , ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 36 კმ . 426 მცხ. (2002). სოფელში შემორჩენილია ძვ. ეკლესიის სამხრ. კედლის ნაშთი – დიდი ქვების ცოკოლზე შეყენებული და გარედან დამუშავებული სამი დიდი ლოდი. ადგილობრივთა გადმოცემით, ეკლესიის ქვები მშენებლობებზე გაუზიდავთ, ხოლო ერთი ჯვრიანი ქვა სოფლის წყლის სათავის აუზთან აუტანიათ. ნაეკლესიარიდან 20 მ -ზე გდია 1 მ სიმაღლის ლოდი. მას შუაში რელიეფური ზოლი დაუყვება. იგი შესაძლოა ჯვრის ქვედა ნაწილი იყოს. 1595 "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით ამ სოფელს გომაროტი ერქვა და ახალციხის ლივის უდის ნაჰიეს (რ-ნი) ეკუთვნოდა. ცხოვრობდა 3 კომლი ქართველი: ქიტია მათიასძე, ხუდა გოგიჩასძე, ლაშქარა ხარებასძე. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი, ცერცვი; ჰქონდათ ბოსტნები, ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი. ყველა ამისათვის ისინი იხდიდნენ 7000 ახჩას ყოველწლიურად. 1705–06 ახალციხის ლივის უდის ნაჰიეში შემავალი სოფ. გომაროდი ექვემდებარებოდა ვინმე სულეიმანს და იხდიდა 17000 ახჩას. ჩანს, ამ დროისათვის იმატა მცხოვრებთა რაოდენობამ. ამჟამად აქ ცხოვრობენ უმეტესად აჭარიდან გადმოსახლებული: მიქელაძეები, ხოზრევანიძეები და ჯიმშელეიშვილები (იმერეთიდან).

წყარო: ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი, მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979; ჯ ი ქ ი ა ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2, თბ., 1941. დ. ბერძენიშვილი.