გომბორი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთა გომბორის ქედზე, გომბორის უღელტეხილის ჩრდილოეთით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 1839 . აგებულია სარმატული თიხებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით. აქვს მობრტყელებული წვერი და სამი მხრივ (ჩრდ., დას., აღმ.) ძალზე დამრეცი კალთები, სამხრ-ით – ფლატოვანია. შემოსილია მეორეული სუბალპ. მდელოებით. დ. უკლება.



გომბორი

მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდ. ივრის მარცხ. შენაკადი (ერთვის სოფ. ოთარაანთან). სიგრძე 13 კმ . სათავეს იღებს გომბორის ქედის სამხრ.- დას. კალთაზე, გომბორის უღელტეხილის მახლობლად, ზ. დ. 1550 სიმაღლეზე. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. ი. აფხაზავა.



გომბორი

სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), გომბორის ქედის სამხრ.-დას. კალთაზე, მდ. გომბორის (ივრის მარცხ. შენაკადი) ნაპირზე, გომბორი – თელავის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ასკილაური, ვაშლიანი, ვერონა, რუსიანი). ზ. დ. 1050 , საგარეჯოდან 50 კმ . 775 მცხ. (2002).