გონაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მ. გონაშვილი.

მაყვალა კარლოს ასული (დ. 1. III. 1959, სოფ. არბოშიკი, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი), პოეტი. 1981 დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი, მუშაობდა ტელევიზიის საბავშვო გადაცემათა რედაქციაში. 1990 დააფუძნა ახალგაზრდა მწერალთა ასოციაცია "გულანი". რედაქტორობდა 1995 დაარსებულ ინგლისურენოვან შ ე მ ე ც ნ ე ბ ი თ - გ ა ს ა რ თ ო ბ საყმაწვილო გაზეთს "ჰელოუ, ბეიბი". იყო საქართვ. მწერალთა კავშირის მდივანი. 2004 აირჩიეს საქართვ. მწერალთა კავშირის თავ-რედ. გ-ის პირველი ლექსები და მინიატიურები 1968-იდან იბეჭდებოდა საყმაწვილო ჟურნალგაზეთებში ("ნორჩი ლენინელი", "პიონერი"), გამოქვეყნებული აქვს კრებულები: "ყაყაჩოების კოცონი" (1985), "მზის ცრემლი" (1987), "მე თქვენ მიყვარხართ" (1990), "სალოცავი ჩემი, საფიცარი ჩემი" (1994), "სახეები და სახელები" (1999), "ძახილი" (2001), "გუმბათებიდან მზის მადლი ჟონავს" (2003), "მართალს ვიტყვი" (2006), "აქედანა და თქვენამდე" (2009), "მზე შინა" (2010) და სხვ. გამოცემული აქვს საბავშვო წიგნები: "კიჭას საოცარი თავგადასავალი" (1987), "კუდიანი ვარსკვლავის სამეფოში" (1991), "მე პატარა ქართველი ვარ" (1992), "გოჭი კიკის საოცარი თავგადასავალი" (2006). გ-ის ლექსები თარგმნილია უცხ. ენებზე. 2008 გ-ს მიენიჭა ანა კალანდაძის, 2010 – ილია ჭავჭავაძის სახ. პრემიები.



გონაშვილი

შალვა გიორგის ძე [23. XI (5. XII). 1901, სოფ. მირზაანი, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, – 8. IV. 1969, თბილისი], ბიოქიმიკოსი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1949), პროფესორი (1950), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). 1929 დაამთავრა თსუ-ის აგრონ. ფაკ-ტი და მუშაობა დაიწყო თბილ. ზოოტექ. საცდელ სადგურში. 1930–41 იყო მოსკ. რძის მრეწვ. საკავშ. სამეცნ.- კვლ. ინ-ტის ასპირანტი, შემდეგ – უფროსი მეცნიერი მუშაკი. 1945– 59 მუშაობდა საქართვ. მეცხოველეობისა და ვეტ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ბიოქიმ. ლაბორ. გამგედ; 1959–69 იყო საქართვ. ზოოტექ.- სავეტერინარო სასწ.-კვლ. ინ-ტის ბიოქიმიის განყოფილების გამგე. მისი შრომები ეხება რძის ბიოქიმ. და ფერმენტების პრობლემებს, საკვებ საშუალებათა ქიმ. შედგენილობას და სხვ. გ. იყო სას.-სამ. ცხოველთა ფიზიოლ. და ბიოქიმ. საკავშ. საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

თხზ .: რძისა და რძის პროდუქტების ქიმია და ანალიზი, თბ., 1963. ო. მეგრელიძე.



გონაშვილი

ჰ. გონაშვილი.
საგასტროლო აფიშა "ჰამლეტ გონაშვილი".

ჰამლეტ დიმიტრის ძე (23. VI. 1928, სოფ. ანაგა, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 25. VII. 1985, თბილისი), მომღერალი, ქართ. ხალხური სიმღერების შემსრულებელი. საქართვ. სახ. არტისტი (1980). 1950–53 სწავლობდა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტში – ერთდროულად კინოსამსახიობო და თეატრმცოდნეობის ფაკ-ტებზე. 1973 დაამთავრა თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. II სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყ-ბა. 1953–69 გ. საქართვ. ხალხ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. დამს. ანსამბლის წამყვანი მომღერალი იყო. მან ბუნებრივად გააგრძელა თავისი წინამორბედების (ცნობილი მომღერლის ვ. მჭედლიშვილისა და სხვათა) მიერ დამკვიდრებული ტრადიცია – სიმღერის დაახლოება პირველწყაროსთან, თვითმყოფ სოფლური შესრულების მანერასთან. 1969– 85 გ. ქართ. ხალხ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლ "რუსთავში" მოღვაწეობდა. იგი წარმატებით ასრულებდა როგორც ქართლ-კახური, ისე იმერულგურული კილოს საგალობლებს, მეგრ. და აფხ. ხალხ. სიმღერებს. როგორც წესი, ასრულებდა მთქმელის პარტიას. მათგან ქართული ხალხ. სიმღერის ოქროს ფონდში დამკვიდრდა: "წინწყარო", "გუშინ შვიდნი გურჯანელნი", "ჭონა", "შავი შაშვი", "რომელნი ქერუბიმთა", "წმიდაო ღმერთო", "გაფრინდი, შავო მერცხალო" და სხვ. ფოლკლორული ნიმუშების გარდა, გ. წარმატებით ასრულებდა ქართვ. კომპოზიტორთა სიმღერებსაც. გ-ს ჰქონდა განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, იშვიათი სილამაზის, რბილი ტემბრის ხმა, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, დახვეწილი გემოვნება. მისი შემოქმედება ქართ. და დას. ევროპის კლასიკური მუსიკის ესთეტ. იდეალების ერთგვარი სინთეზია. ანსამბლთან ერთად კონცერტებს მართავდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებში. ე. გარაყანიძე.