გონიოს განძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

II–III სს. ოქროს ნივთები. აღმოაჩინეს 1974 გონიოს ციხის აღმ-ით, მთაზე. ლითონის ჭურჭელში მოთავსებული იყო 60- მდე ოქროს ნივთი და ნივთების ფრაგმენტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია: ფიალა, ბოლოგახსნილი სამაჯურები (2 ც.), ჭედური, თვალედი გარსაკრავი, მედალიონი (მამაკაცის ჭედური, რელიეფური ბიუსტი), თვალედი ბალთები (4 ც.), რ-ებიც დამაგრებული ყოფილა ტყავის სარტყელზე; ცვარათი შემკული მძივები (2 ც.), წნული სარტყელი (ან ძეწკვი, 2 ც.), შტანდარტის თავი ჭაბუკის ქანდაკებასაკიდი, რ-იც თავსამკაულისა და ქლამიდის მიხედვით, ანტ. მითოლოგიის ერთ-ერთი პერსონაჟი [დიოსკური (კაბირი) კორიბანტი] უნდა იყოს. სარმატული ცხოველსახოვანი ძეგლების წრეს მიეკუთვნება გარსაკრავი, რ-ზეც ცხოველთა ბრძოლის სცენაა გამოსახული. გ. გ. საქართვ. სხვა ადგილებში (არმაზისხევი, თაგილონი, ურეკი, ბანძა, კლდეთა და სხვ.) აღმოჩენილი ოქრომჭედლური ნაწარმის ანალოგიურია. იგი უნდა ეკუთვნოდეს საქართვ. მმართველი საზ-ბის ერთ უცნობ წრეს, რ-იც განაგებდა კონკრეტულ ადმ. ერთეულს [ცენტრი – ციხე-ქალაქი აფსარუნტი (გონიო)]. გ. გ-ში სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო მდიდრული სამარხის ინვენტარი, რ-იც მძარცველებს ადრევე უპოვიათ და გადაუმალავთ.

ლიტ .: ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე ო., მ ი ქ ე ლ ა ძ ე თ., ხ ა ხ უ ტ ა ი შ ვ ი ლ ი დ., გონიოს განძი, თბ., 1980 (ქართ., რუს. და ფრანგ. ენებზე). დ. ხახუტაიშვილი


გონიოს ოქროს ნივთების განძი:

1
2
3
4
5

1, 2 – საკიდი; 3 – ჭაბუკის ქანდაკება; 4 – სამშვენისები; 5 – თასი.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი.